სახლში დავბრუნდი და გაბრაზებულმა საჭიროზე მეტად მოვიჯახუნე კარები. უნივერსიტეტი ძალიან მღლიდა და გაუთავებელი დედლაინები, ისედაც უაზრო ფიქრებისგან დაღლილ ტვინს, კიდევ უფრო მიღლიდა. არ მეგონა, თუ ბოლო სასწავლო წელი ასეთი რთული იქნებოდა. იმას არ ვნანობდი, რომ ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე ჩავაბარე. რეალურად სხვა ვარიანტი არც არასდროს მქონია. ფსიქოლოგი მეთვითონ მჭირდებოდა და გადავწყვიტე საკუთარი თავის ფსიქოლოგი მე ვყოფილიყავი. მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ გამომდის.
საერთოდ კარგად არაფერი გამომდის. ცოტა ზარმაციც ვარ და მოტივაციაც არ მაქვს საკმარისი, რომ უფრო დიდ საქმეებს შევეჭიდო. ნორტფორდში ჩამოსვლისას ერთადერთი ის შეიცვალა, რომ დილას ადგომა ისე აღარ მიჭირდა როგორც ადრე და შესაბამისად ლექციებზე შედარებით უფრო იშვიათად ვაგვიანებდი. არ მინდა ამ მიზეზის საკუთარ თავთან აღიარება, მაგრამ ნაწილობრივ ესეც ჯეიმის უნდა დავაბრალო. მომწონდა, როცა უნივერსიტეტში წასვლამდე შემთხვევით ქუჩაში მას ვეჩეხებოდი. ჯეიმი ახალ საცეკვაო სტუდიაში სავარჯიშოდ მიდიოდა. ხშირ შემთხვევაში სპორტულ ფორმაში გამოწყობილი, ეს ფორმა კი ყველა ჩემ ერთად აღებულ ტანსაცმელს ასჯერ ჯობდა. მშურდა, რომ ასეთი გემოვნებიანი იყო.
ჩაცმულობაზე ეტყობოდა, რომ ბევრს არც ინდომებდა, უბრალოდ კარგი სტილი ჰქონდა და თითქმის ყველაფერს იხდენდა. მგონი ერთადერთი ადამაინი იყო, ვინც დილის 9 საათზეც ისეთივე მხიარულ განწყობაზე იყო, როგორც დღის დანარჩენ საათებში. ხან უკნიდან მეპარებოდა, ხელებს თვალებზე მაფარებდა და ხითხითს ვერ იკავებდა, მე კი ცხადია, ერთი შეხებითაც ვხვდებოდი ვინ უნდა მდგარიყო ჩემ უკან. ხან გადაღმა ქუჩიდან დამიძახებდა ხოლმე, მერე სწრაფი ნაბიჯებით მომიახლოვდებოდა, ხელს გადამხვევდა და ხასიათს მიუმჯობესებდა, როგორც ყოველთვის. ნამდვილად დიდი პოზიტივი შემოვიდა მისი სახით ჩემს ცხოვრებაში და ნაცრისფერი დღეები ცისარტყელას დაამსგავსა. არ ვიცოდი რამდენ ხანს გაჩერდებოდა ნორტფორდში, მაგრამ დიდი იმედი მქონდა, რომ ჩვენი მეგობრობა ნებისმიერ შემთხვევაში დიდხანს გასტანდა და რომ ჩემს დღეებს ისევ ისე გააფერადებდა როგორც ახლა.
შუადღის 4 საათი იყო, ცოტა ციოდა და მალე წვიმის წვეთებიც დაეცა ჩემი სახლის ფანჯრებს. ჩაიდანი დავადგი გაზქურაზე და ცხელი ლიმონიანი ჩაი დავისხი. გარეთ გავიხედე, ჯეიმის სახლში შუქები ჩამქვრალი იყო, შესაბამისად ჯერ ისევ სტუდიაში იმყოფებოდა. 4 თვე გავიდა ჩვენი გაცნობიდან მე კი ჯერ ერთხელაც არ მინახავს მისი ცეკვა. დარწმუნებული ვიყავი თვალისმომჭრელი იქნებოდა და იმედი მქონდა, რომ ამ ყველაფერს საკუთარი თვალით მალე ვიხილავდი.
ტელეფონი ხელში ავიღე, ჯეინს ვიდეოთვალით ველაპარაკე და მის მიერ მიტოვებულ ნორტფორდში მომხდარი ამბები მოვუყევი. მითხრა, რომ ძალიან ენატრებოდა აქაურობა და შემპირდა, რომ ბენთან ერთად აუცილებლად ჩამოვიდოდა ცოტახნით თავის სამშობლოში.
დიდ ოთახში სავარძელზე მოვკალათდი, ლეპტოპი მოვიმარჯვე და ტვინი დავძაბე, რომ მომდევნო კვირისთვის ჩასაბარებელი რეფერატის წერა დამეწყო. წერის დაწყება მიჭირდა, მაგრამ საბედნიეროდ სამი წინადადების დაწერა მოვახერხე. მეგონა აზარტში შესული მალე დავამთავრებდი აღნიშნულ დავალებას, მაგრამ ტელეფონზე შემომავალმა ზარმა ისევ გამიფანტა ფიქრები.
ეკრანს დავხედე და გულში ისევ ნემსების ჩხვლეტა ვიგრძენი. ჯეიმი მირეკავდა და მიუხედავად იმისა, რომ იმ გოგოსთან დანახვის შემდეგ თავს დავაჯერე, რომ ჯეიმის მსგავსად მეც მხოლოდ მეგობრობა მინდოდა მასთან, გულის ცემა მაინც თავის აჩქარებულ რიტმს უბრუნდებოდა, თუნდაც მისი სახელის ეკრანზე დანახვისას.
-ჰოუ. – ვუთხარი და ჩაი მოვსვი, რომ ხმა არ წამსვლოდა ლაპარაკის დროს.
– როგორ ხარ ელის? – ჩაეცინა და ზუსტად წარმოვიდგინე როგორი სახეც ჰქონდა.
– ელის?
– ჰო დღეიდან ელისს გეძახი.
– და შეიძლება გავიგო რატომ?
– იმიტომ, რომ საყვარელია. ელის. – ისევ ჩაეცინა და გული უკვე მერამდენედ შემეკუმშა. ხანდახან მავიწყდებოდა, რომ 23 წლის ბიჭს ვემეგობრებოდი, იმდენად ცანცარა იყო.
– როგორც იტყვი მინმინ. – მიუხედავად იმისა, რომ ამ სახელით ხშირად მოვიხსენიებდი და რომ ეს სახელი თავად დაირქვა ჩემს ტელეფონში, მაინც შემიწითლდა ლოყები, როცა ხმამაღლა წარმოვთქვი მისი ზედმეტსახელი.
– დავიღალე. ეხლა გამოვედი სტუდიიდან და სახლში მოვდივარ.
– ჰო, დღეს მეც დავიღალე. – ვუთხარი და თან ფანჯარას მივუახლოვდი, მინდოდა ჩუმად დამენახა, როგორ მოისეირნებდა სახლამდე.
– მესიჯზე არ მიპასუხე, მაგრამ ვიცი, რომ წაიკითხე. – ცოტა სერიოზული ტონით მითხრა.
– ლექციაზე ვიყავი და ვერ გიპასუხე.
– მოკლედ, 8 ზე ჩემთან გელოდები.
– ამმ…არ ვიცი მოვახერხებ თუ არა სამეც-
– ჰო და თუ ნახევარი საათით ადრე გადმოხვალ გამიხარდება, თან სახლის მილაგებაში მომეხმარები.
– ჯეიმი, არ ვიც-
– კარგად, ელისსს. – მითხრა და უცბად გათიშა ტელეფონი. თითქოს არც გაუგია ჩემი პასუხი.
ოხ ეს ბიჭი. უარს არასდროს არაფერზე იღებს და ეს თვითნაც კარგად იცის. ჯერ 6-ის ნახევარი იყო და იმედი მქონდა, რომ 8 საათამდე აზრზე მოსვლას მოვასწრებდი.
სარკეში საკუთარი თავი ავათვალიერე და ისევ უკმაყოფილო დავრჩი, როგორც ყოველთვის. აჰ, ხანდახან როგორ მინდოდა თავზე რაიმე უჩინმაჩინის ქუდი ჩამომეცვა და ისე მემოძრავა ქუჩებში. მიუხედავად იმისა, რომ ჯეიმი საჭიროზე მეტად მომწონდა, მასთან ურთიერთობისას თავს უფრო სრულყოფილად ვგრძნობდი. არ ვიცი რაში იყო საქმე, ალბათ აურა ჰქონდა ისეთი, რომ მის გვერდით თავს ავტომატურად კომფორტულად გრძნობდი. ნეტა ყველა მისნაირი იყოს, გავიფიქრე ჩემთვის და ღრმად ამოვისუნთქე.
დღეს არ მქონდა ხალხმრავლობის თავი. ჯეიმისთან მარტო ურთიერთობას ვიყავი მიჩვეული, ახლა კი … არ ვიცოდი საერთოდ რა დამხვდებოდა მასთან სტუმრობისას. დარწმუნებული ვიყავი კარგი მეგობრები ეყოლებოდა.. ისედაც საკმარისზე მეტი ისტორია მოვისმინე მათ შესახებ, მაგრამ არ ვიცოდი როგორ მიმიღებდნენ ან საერთოდ რა წარმოდგენა შეექმნებოდათ ჩემზე.
ნეტა ჯეიმი ჩემზე ესაუბრებოდა თუ არა მათ, ან თუ ესაუბრებოდა რას უყვებოდა. ამ ყველაფერზე ფიქრს აზრი არ ჰქონდა, ისედაც ყველაფერს მივხვდებოდი მათთან შეხვედრის შემდეგ.
ტელეფონმა ისევ დაიზუზუნა. კვლავ ჯეიმის სახელი ამოხტა ეკრანზე.
Minmin : ” ელიისსს 😦 მეგონა დამეხმარებოდი სახლის მილაგებაში.“
მესიჯის წაკითხვისას გამეღიმა. წარმოვიდგინე როგორი სახით მომწერა აღნიშნული ტექსტი. წუწუნიც კი უხდებოდა. რეებს ვფიქრობ. ისევ გაბრაზდი საკუთარ თავზე და სანამ ტვინს კიდევ უფრო ავიტკივებდი, ჯეიმისთან წასვლა გადავწყვიტე.
სავარაუდოდ 10 წუთი გავიდა მისი პირველი მესიჯის მოსვლის შემდეგ, როცა ტელეფონი მეორეჯერ აზუზუნდა.
Minmin : “ბიჭები მოვიდნენ, ყველა შენ გელოდებით.”
ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. ტვინში უკვე სხვადასხვა სცენარის წარმოდგენა დავიწყე და მინდოდა რამე ჭკვიანური მომეფიქრებინა, რომ მათთან შეხვედრა შემდეგისთვის გადამედო.
ფარდა ნელა გადავწიე და დავინახე რომ ჯეიმის სახლის ყველა ოთახში შუქი იყო ანთებული. გამბედაობა მოვიკრიბე და თავს დავაჯერე, რომ სანერვიულო არაფერი იყო. ყველაზე ცუდ შემთხვევაშიც კი, თუ სიტუაცია არ მომეწონებოდა, თავის ტკივილს ან რამე უფრო უაზრობას მოვიმიზეზებდი და ორ წუთში ისევ ჩემს სახლში ამოვყოფდი თავს.
ნეტა წინასწარ მცოდნოდა რა მელოდებოდა იმ საღამოს…
***
არ ვიცი როგორ და რანაირად, მაგრამ ფაქტია, ჯეიმის სახლის კარებთან ატუზული ვიდექი და გამბედაობას ვერ ვიკრებდი, რომ ზარი დამერეკა. „მიდი ელ, შენ ამას შეძლებ. არაფერი გაქვს სანერვიულო” ვცდილობდი მხოლოდ ამ ფიქრებისთვის დამერთო ჩემს ტვინში შემოღწევის უფლება, მაგრამ რამდენიმე წამში იმის გააზრებაც მოვასწარი, რომ ახალი ადამიანების გაცნობა და უცხო გარემოში თავის ამოყოფა არასდროს ყოფილა ჩემი საყვარელი აქტივობა. როცა ვამბობ ინტროვერტი ვარ-მეთქი, ამაშიც უნდა მენდოთ. შესაბამისად ჩემი ნერვიულობა არ იყო გასაკვირი ასეთ სიტუაციებში.
მალევე მივხვდი, რომ კარებთან დგომა და ლოდინი არაფერს შეცვლიდა, რომ ბოლოს მაინც ჯეიმის სახლში ამოვყოფდი თავს და უმჯობესი იქნებოდა, თუ ჩემს ტანჯვას მალევე დავასრულებდი. ამიტომ გამბედაობა მოვიკრიბე და ზარი დავრეკე..
გულის ცემა უკვე კისერში მესმოდა და თავს ძალიან, ძალიან დაუპატიჟებელ სტუმრად ვგრძნობდი. ისიც კი დამავიწყდა, რომ ჯეიმის ძალიან დავუახლოვდი ამ 4 თვის განმავლობაში. პირიქით, თითქოს მისი არსებობა კიდევ უფრო ართულებდა ამ სიტუაციას. „იმიტომ, რომ ჯეიმი ძალიან მოგწონს” – შემახსენა ჩემმა ქვეცნობიერმა.
რამდენიმე წამი გავიდა, როცა კარების სახელური ჩამოიწია, ადამიანების ლაპარაკისა და მუსიკის ხმამ გარეთ გამოაღწია, მე კი ჯეიმის მაგივრად უცნობ ბიჭს შევეჩეხე სახეში. ვაღიარებ, მასზე არანაკლებ მომხიბვლელი იყო, მაგრამ ჯეიმისგან განსხვავებით, ერთი შეხედვით, უფრო ცივი აურა ჰქონდა.
– ჯეიმი, მემგონი შენთან არიან. – ბიჭმა კარები უფრო ფართოდ გააღო და ადგილი გამითავისუფლა, რომ შიგნით შევსულიყავი.
ჰო, მას ნამდვილად უფრო ცივი აურა ჰქონდა და პირველივე სიტყვებით დამარწმუნა ამაში. სანამ დაბნეული ნაბიჯს შიგნით შევდგამდი, უცბად ბედნიერი ღიმილით ჯეიმი შემომეგება. მის დანახვაზე თვალები გამიფართოვდა. რაც დროც არ უნდა გასულიყო, მასთან შეხვედრისას, სავარაუდოდ, ყოველთვის ასეთი რეაქცია მექნებოდა.
– ჰეი ელის. ცოტა დიდი ხანი დაგჭირდა მოპირდაპირე სახლამდე მოსაღწევად. – გამიღიმა, მაგრამ მარტივი შესამჩნევი იყო, რომ რაღაც ეწყინა. მალევე თავით მანიშნა, რომ შეიგნით შევსულიყავი. უცნობმა ბიჭმა უსიტყვოდ დაგვტოვა და სადღაც გაუჩინარდა.
შემოსასვლელ ოთახს დიდი ოთახისგან პატარა ტიხარი ყოფდა, ამიტომ ჯერ წარმოდგენაც არ მქონდა რა სიტუაცია დამხვდებოდა შიგნით. მუსიკის ხმა ახლა უფრო მკაფიოდ მესმოდა და ჯეიმის მეგობართან შეხვედრამ კიდევ უფრო გადამაფიქრებინა აქ ყოფნა.
სანამ მე გაშტერებული და გაშეშებული ვიდექი ერთ ადგილას ჯეიმი მომიახლოვდა და ქურთუკი გამხადა, მე კი კარგად შევიგრძენი მისი თავბრუსდამხვევი სუნი, რომელიც ყველაზე მეტად მომწონდა. როცა ჩემი ქურთუკი დააბინავა ჩემკენ შემოტრიალდა და თავისი ტკბილი ხმით მითხრა :
– წამოდი, ჩემს მეგობრებს გაგაცნობ. – ისევ თავისი ლამაზი ღიმილი მომაპყრო და მეც ტრანსიდან გამოვედი. ან პირიქით იქნებ ეხლა შევედი კიდეც. იმდენად მომხიბვლელი იყო, არ ვიცოდი რამდენი ხანი დამჭირდებოდა იმისთვის, რომ მის გვერდით ყოფნისას მუცელი ასჯერ არ შემკუმშვოდა. ერთდროულად მაბნევდა, და თან სიმშვიდეს მგვრიდა მასთან ერთად ყოფნა. სანამ ჯეიმი ზურგს მაქცევდა და დიდი ოთახისკენ გამიძღვებოდა, ჩემდა უნებურად მაჯაზე ხელი მოვკიდე და ჯეიმი დაბნეული ჩემკენ შემობრუნდა.
რატომღაც მომეჩვენა, რომ შეცბა ჩემს შეხებაზე, მაგრამ ჩემმა კითხვამ ყურადღება სხვა თემაზე გადაატანინა.
– ბევრნი არიან? – ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ვერ ვიტანდი ჩემს თავს ესეთ მომენტში. არ მინდოდა ჩემი სუსტი მხარე სხვისთვის დამენახებინა, მაგრამ მის გვერდით რატომღაც არ მრცხვენოდა ჩემი თავის… სამწუხაროდ, ვიღაცისთვის უმარტივესი ამოცანა, მე ურთულესად მეჩვენებოდა. ჯეიმის მეგობრების გაცნობა, უცხო გარემოში თავის წარდგენა და კონტაქტი კი უფრო ამძაფრებდა ჩემს დაძაბულობას. ჯეიმის ჩემს კითხვაზე ჩაეცინა. ხელი გადამხვია, რაზეც გულის ცემა კიდევ უფრო ამიჩქარდა და მითხრა:
– კარგი რა ელის, თუ ჩემს მეგობრებთან შეხვედრაზე ნერვიულობ, შემიძლია დაგამშვიდო და გითხრა, რომ ჩემსავით ცანცარა, 2 წლის ბავშვები არიან. ნუ დინის გარდა..შეიძლება ითქვას. – ამაზე საყვარლად ჩაეცინა და დიდი ოთახისკენ გამიძღვა.
კითხვის დასმაც ვერ მოვასწარი იმის შესახებ თუ ვინ იყო დინი, მაგრამ დიდი ალბათობით, ის ბიჭი იქნებოდა, ვინც კარები გაყინული მზერით გამიღო და არც კი მომესალმა. ჯეიმის ნაბიჯებს ფეხი ავუწყვე, მუსიკის ხმა კიდევ უფრო მკაფიოდ ჩამესმა ყურებში და ჩემ წინ გადაშლილი ხედის დანახვაზე კიდევ უფრო მეტად მომინდა უკან გაბრუნება.
ოთახში შესვლისთანავე თვალი მოვკარი დიდ სავარძლებზე მოკალათებულ 4 ბიჭსა და 2 გოგოს…. ერთერთი გოგო ჯეიმის მეგობრართან ძალიან ახლოს იჯდა და სანამ მე მომაქცევდნენ ყურადღებას მხოლოდ ერთმანეთით იყვნენ დაკავაებული, ამიტომ ჩავთვალე, რომ შეყვარებულები იყვნენ. მეორე გოგო კი … მისი დანახვა გამოგიტყდებით და ძალიან არ მესიამოვნა. ნაცნობ წითელ თმას მოვკარი თვალი და მაშინვე ნაცნობი სცენა ამომიტივტივდა თავში.
დიდი ალბათობით, ის გოგო იყო, რომელთან ერთადაც ჯეიმი იმ საღამოს თავის სახლამდე მისეირნობდა. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ვეცადე ნაკლებად დამტყობოდა სახეზე იმედგაცრუება. მაგიდაზე უამრავი სასმელი და საჭმელი იყო მოთავსებული და თან სიგარეტის ბუღი იდგა, რაც ძალიან არ ესიამოვნა ჩემს ფილტვებს. ყველას ათვალიერება ვერც მოვასწარი, რადგან როგორც კი ჯეიმიმ ჩემი თავი წარუდგინა თავის მეგობრებს, ჩემკენ გამოიხედეს და ზუსტად ის მოხდა, რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტანტი – ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი და ერთი სული მქონდა ეს ყურადღება რაც შეიძლება მალე მიემართათ სხვა რაღაცისკენ.
რაღაცნაირად მოვახერხე მეც „გამარჯობის” თქმა. ჯეიმიმ ხელით მანიშნა, რომ სავარძელზე მოვკალათებულიყავი. არ მინდოდა ყველას შეეტყო, როგორ უხერხულად ვგრძნობდი თავს ამიტომ სწრაფადვე დავჯექი თავისუფალ ადგილას, შეყვარებული წყვილისგან ოდნავ მოშორებით. მეგონა ჯეიმი ჩემ გვერდით დაიკავებდა ადგილს, მაგრამ, სამწუხაროდ, წითელ თმიან გოგოს გვერდით მოკალათდა, ჩემ მოპირდაპირე მხარეს. არ მსიამოვნებდა მათი ერთად ყურება, ამიტომ ჯეიმის, რომელიც მე მაკვირდებოდა, მზერა ავარიდე და მის მეგობრებს გადავავლე თვალი. ნამდვილად ძალიან სიმპატიური მეგობრები ჰყავდა, მაგრამ სანამ ოთხივეს გარეგნობას კარგად შევისწავლიდი, ჩემს გვერდით მჯდომმა უცნობმა ფიქრებიდან გამომარკვია.
როგორც კი ხმა ამოიღო, მაშინვე მივხვდი, რომ ჯეიმის მსგავსად საყვარელი და დადებითი პიროვნება იქნებოდა.
– მიხარია, რომ გაგიცანით ელის. ჯეიმი ჩვენთან ხშირად ახსენებდა თავისი საყვარელი მეზობელის სახელს. – ჰაჰ, რა თქმა უნდა, უბრალოდ საყვარელი ელი. კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ ჯეიმი მხოლოდ როგორც მეგობარს ისე მიყურებდა. უცნობმა თბილად გამიღიმა და დაამატა :
– შეგიძლია ნოა დამიძახო, ეს კი ჩემი შეყვარებული სტეისია.
– სასიამოვნოა შენი გაცნობა ელის. იმედია, რომ ბევრ საერთოს გამოვნახავთ ერთმანეთთან. – მითხრა ნოას შეყვარებულმა სტეისიმ, რომელმაც ხელში ფორთოხლის წვენით სავსე ჭიქა მოიმარჯვა და გემრიელად მოწრუპა.
– მეც მიხარია, რომ გაგიცანით. – გავუღიმე და ვიგრძენი, რომ ჩემმა ნერვიულობამ ცოტა იკლო.
ნოასთან საუბრის შემდეგ ჯეიმის დანარჩენი სამი მეგობარიც გამომელაპარაკა. თუ სწორად დავიმახსოვრე მათი სახელები, ოლივერი, მეთი და მესამე… სებასტიანი გახლდათ. სამივეს, ნოასა და ჯეიმის მსგავსად, ისეთი გარეგნობა ჰქონდა, რომ ერთი შეხედვაც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ მათ მიერ მოხიბლული დარჩენილიყავი. სამივეს გამოველაპარაკე და ვგრძნობდი, რომ უხერხულობა ნელნელა სადღაც ქრებოდა. ჯეიმის თქმით, 2 წლის ცანცარა ბიჭები იყვნენ, მე კი მათთან საუბრისას სხვა შთაბეჭდილება დამრჩა. საინტერესო და ჭკვიანი ბიჭები ჩანდნენ. მეთი რაღაც ისტორიებს ყვებოდა და მინდოდა კიდევ უფრო დიდხანს მომესმინა მისთვის. სასიამოვნო ხმის ტემბრი ჰქონდა, რაც მის მონათხრობს კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა. იმ საღამოს მივხვდი, რომ ამ ბიჭებთან მეგობრობა ძალიან მინდოდა. არცერთი არ ჰგავდა იმ უაზრო თინეიჯერ ბიჭებს (მიუხედავად იმისა, რომ გამოვედი თინეიჯერობის ასაკიდან), რომლებთანაც ოდესმე შეხება მქონია.
ოლივერმა ამჯერად დამიყოლია დალევაზე, მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზების პირველ ჯერზე უარით გამოვისტუმრე. ჭიქებში სასმელს ასხავდა, მე კი ჯეიმისკენ გახედვა მოვასწარი. წითელთმიან გოგოსთან რაღაცაზე ლაპარაკში იყო გართული, თითქოს ჩემი არსებობა საერთოდ დავიწყებოდა. არ მეგონა, ეგეთი რაღაცები თუ ეშლებოდა, მაგრამ ფაქტია, უცნობმა გოგომ მისი ყურადღება განსაკუთრებით დაიმსახურა. გოგოს ერთი ხელი მის ბარძაყზე ედო, მეორეთი კი მის თმის ბოლოს ათამაშებდა თითებში. გულის რევის შეგრძნება დამეუფლა, და სანამ მართლა მოქმედებაში არ განვახორციელებდი ამ ყველაფერს, ჭიქა ხელში მოვიმარჯვე და დასალევად გავემართე.
– ჰეი ჯეიმი… ვენდი..კაი იქნება თუ ყურადღებას ჩვენც მოგვაქცევთ. – ძლივს სებასტიანმა წარმოთქვა სიტყვები, რომლის თქმაც ამდენ ხანს მინდოდა. ვენდი…ზუსტად შეეფერებოდა ეს სახელი ჯეიმიზე მიწეპებულ გოგოს. სწრაფი კვების ობიექტი „ვენდის” წითელ თმიანი გოგო გამახსენდა. ალბათ, ვენდიმაც მაგიტომ შეიღება თმები წითლად. გავიფიქრე ჩემთვის და გაუაზრებლად ჩამეცინა, რაზეც ჯეიმიმ მზერა უცბად ჩემზე გადმოიტანა და წარბები შეჭმუხნა. უფს..ალბათ, ცუდად გამომივიდა, მაგრამ… ვის ადარდებს.
ჭიქა ტუჩებთან მივიტანე და რამდენიმე ყლუპის დალევის შემდეგ ვიგრძენი, როგორ ჩამწვა ყელი ალკოჰოლმა.
ვენდის გამარჯობაც არ უთქვამს ჩემთვის, არც თავისი თავი გამაცნო, უბრალოდ მაგნიტივით ეკვროდა ჯეიმის სხეულს და ალკოჰოლური სასმლის თითოეული ყლუპის დალევის შემდეგ კიდევ უფრო მაღიზიანებდა ეს ყველაფერი.
სებასტიანმა თავისი სასმელი ჩაცალა და თქვა :
– რამე არ ვითამაშოთ?
– ჩვენ თანახმა ვართ. – თქვა ნოამ და სტეისის ხელი გადახვია.
– მე უარს არაფერზე ვამბობ. – თქვა ოლივერმა და თვალი ჩამიკრა, რაზეც სიცილი ვერ შევიკავე. სასაცილო და საყვარელი იყო.
– რამე საინტერესოს თუ მოვიფიქრებთ, მეც თანახმა ვარ. – თქვა მეთმა და გემრიელად გაიზმორა.
– მე მეზარება. – ვენდიმ თვალები აატრიალა და კიდევ უფრო მეტად მიეკრო ჯეიმის.
– მეც თანახმა ვარ. – ჯეიმიმ თქვა და ჩემკენ გამოიხედა. სერიოზული სახით მაკვირდებოდა და ვერ ვხვდებოდი რაში იყო საქმე.
– ჯეი, ამათმა ითამაშონ და ჩვენ მერე შევუერთდეთ. – გავიგე როგორ უთხრა ვენდიმ ჯეიმის„ჯეი. ესეიგი ზედმეტსახელებით ჩემ გარდა მას ვენდიც მოიხსენიებს. რა მშვენიერია” გავიფიქრე და ისევ მოვწრუპე სასმელი. ყოველ ჯერზე, როცა ვენდი გამაღიზიანებდა თუ სასმელს დავლევდი, სახლამდე მშვიდობით, დიდი ალბათობით, ვერ მივაღწევდი.
ის იყო ჯეიმის პასუხი უნდა გაეცა, როცა ყველამ ყურადღება ოთახის მარჯვენა მხარეს გადავიტანეთ, როცა ნოამ სიცილით შემდეგი სიტყვები წარმოთქვა :
– დინ, აღიარე რომ ისევ მოგიგო.
სწორად გამოვიცანი, დინი ჯეიმის ის „არამეგობრული” მეგობარი გახლდათ, რომელმაც სახლში შემიპატიჟა. გაყინული მზერით გვიახლოვდებოდა, და მისი გამოჩენით ისევ დაძაბულობა ვიგრძენი. რაღაცნაირად მეგონა, რომ ჩემი აქ ყოფნა მას არ სიამოვნებდა.
– რა თქმა უნდა, რომ წააგო. – უცბად მეორე ბიჭიც გამოვიდა ოთახიდან და ჩემი ყურადღებაც სწორედ მან მიიპყრო. დინს ზურგზე ხელი დაარტყა და ჯეიმისა და ვენდის გვერდით ზუსტად ჩემს მოპირდაპირე მხარეს მოკალათდა.
-მაიკლ, გაიცანი ეს ელია. – ჯეიმიმ უთხრა და მხოლოდ მისი თქმის შემდეგ შემამჩნია უცნობმა ბიჭმა. ალბათ, ძალიან შეუმჩნეველი ვიყავი, როგორც ყოველთვის.
– ოუ..გამარჯობა ელის. – მითხრა და თბილად გამიღიმა. ჯეიმის ყველა მეგობარი მომხიბვლელი იყო, მაგრამ მისმა დანახვამ გულის ცემა სხვანაირად ამიჩქარა. მეც გავუღიმე და სანამ ისევ ჩემს ჭიქას მოვიყუდებდი მაიკლმა ისევ მე შემომხედა და მითხრა :
– დინი კარგი ბიჭია უბრალოდ უკვე მე4 ხელი მოვუგე და ამიტომაა უხასიათოდ. – ჩაეცინა და მეც სიცილით ვუპასუხე. მერე ჯეიმის გავხედე რომელიც ვენდის უკვე ყურადღებას საერთოდ აღარ აქცევდა და უბრალოდ ჩვენ გვიყურებდა. ესეთი სერიოზული აქამდე არ მინახავს. არ მეგონა თუ მეგობრების გარემოცვაში სხვანაირი ხდებოდა.
– ჩაიჯვი. – მეორე მხრიდან დინმა წამოიძახა და ყველას გაგვეცინა.
– აბა რას ვთამაშობთ? – მაიკლმა ჯეიმის გახედა რომელმაც ჯერ მე გამომხედა, მერე ვენდის და თქვა :
– ჩვენ არ ვთამაშობთ, დაგტოვებთ და ცოტახანში შემოგიერთდებით. – თქვა, ხელი თმაში შეიცურა, ვენდისთან ერთად წამოდგა და სხვა ოთახისკენ გადაინაცვლა. გული კისერში ამომივიდა და ძალიან ცოტა მაკლდა, რომ ყველას თანდასწრებით იმედგაცრუება არ შემემჩნია. ყველაზე მეტად მინდოდა არ მეგრძნო ეს ემოციები, ამიტომ ისევ ჭიქას დავავლე ხელი, რომ ალკოჰოლს როგორმე ჩემი ტკივილი განექარვებინა.
***
მას შემდეგ, რაც ჯეიმიმ ვენდისთან ერთად დატოვა ოთახი ძალიან არასასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. მიუხედავად იმისა, რომ მას არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, რომ მეტი ყურადღება მოექცია ჩემთვის, იმ მომენტში მაინც განზე მდგომ პიროვნებად ვიგრძენი თავი. გული მეტკინა, როცა ისე გაუჩინარდა, რომ ზედაც არ შემოუხედავს ჩემთვის. დარწმუნებული ვარ, კარგად იცოდა, რომ არ მსიამოვნებდა უცხო გარემოში უცხო ადამიანებთან კონტაქტი, რომ უფრო ჩაკეტილი ადამიანი ვიყავი დანარჩენებთან შედარებით, მაგრამ ამის მიუხედავად, მარტო დამტოვა და არ უფიქრია იმაზე, რომ დიდი დისკომფორტი შემექმნებოდა ამით. ეს საქციელი ჯეიმისას არ ჰგავდა და რაც უფრო მეტს ვფიქრობდი ამაზე, კიდევ უფრო იმედები მიცრუვდებოდა.
იმედები მიცრუვდებოდა არა მასში, არამედ საკუთარ თავში. უნდა ვაღიარო, რომ გულის სიღრმეში მისგან უფრო მეტ ყურადღებას ველოდი და მეგონა, რომ მისი მეგობრების გაცნობა და მის სამყაროში კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა მეტად დამაახლოვებდა მასთან. წარმოდგენა არ მქონდა რა სახის ურთიერთობა ჰქონდა ჯეიმის ვენდისთან, მაგრამ ფაქტია, მსგავს ყურადღებას მისგან მე ვერასდროს დავიმსახურებდი. იმითაც კმაყოფილი ვიყავი, რომ ასეთ ადამიანთან მეგობრობის ბედინერება მხვდა წილად და ჩემი პრეტენზიები მის მიმართ ძალიან უადგილო იქნებოდა… ისედაც არასდროს არ მჯეროდა იმის, რომ მეგობრობას შანსი ჰქონდა სიყვარულში გადაზრდილიყო. ადამიანი ან თავიდანვე მოგწონს, ან არ მოგწონს. ჯეიმი მე თავიდანვე მომეწონა, ან როგორ შეიძლებოდა ის არ მოგწონებოდა? ყველაზე დიდი უბედურება კი ის იყო, რომ საკუთარი თავის დარწმუნების მიუხედავად, რაც უფრო ახლოს ვიცნობდი მას, კიდევ უფრო ძლიერდებოდა ჩემი სიმპატია მის მიმართ და იმასაც ვხვდებოდი, რომ უკან დასახევი გზა არ მქონდა.
საჭიროზე მეტი ალკოჰოლი ჩავუშვი ჩემს ორგანიზმში, რასაც მაშინ მივხვდი, როცა სახესთან ხელები ნოამ დამიქნია და ფიქრების ღრუბლებიდან მიწაზე დამაბრუნა.
– ელის, დაბრუნდი აქ ვართ. – საყვარლად ჩაეცინა და სიცილში სტეისიც აჰყვა.
– ჰო, ბოდიში გავშტერდი. რას ამბობდით? – ამჯერად მზერა სებასტიანზე გადავიტანე, რომელსაც თმები აჩეჩილი ჰქონდა და ტუჩები და ლოყები ოდნავ შეუწითლდა, სავარაუდოდ ალკოჰოლის გამო.
– იმას, რომ თამაშს ვიწყებთ.
– რა თამაშს? – გულის ცემა ისევ გამიხშირდა, არ მინდოდა უხერხულ სიტუაციაში ჩავვარდნილიყავი.
– მე არასდროს. ალბათ, იცი ჰო? – ცალი წარბი ამიწია და ჩაეცინა.
– პფფ, რა თქმა უნდა, უკეთესის მოფიქრება ვერ გაქაჩა შენმა ტვინმა. – დინის ხმამ მისკენ გადამატანინა მზერა და სანამ თვალებში შევეჩეხებოდი კვლავ სებასტიანს გავხედე. რაღაცნაირად მაბნევდა დინი და არ მინდოდა მიმხვდარიყო, რომ ამხელა გავლენა ჰქონდა ჩემზე.
– თუ არ მოგწონს, შენ შემოგვთავაზე. – დუმილი მაიკლმა დაარღვია და მისი ხმის გაგონება ჩემს ყურებს ძალიან ესიამოვნა. უაზროდ გამეღიმა, როცა მას გავხედე, სანამ სახის გასწორებას შევძლებდი მაიკლმა შემომხედა და ჩაეცინა, რადგან გამომიჭირა როგორ მივაშტერდი მის უნაკლო სახეს. თვალები გამიფართოვდა და ხელები მაგრად ჩავჭიდე ერთმანეთს.
– ისე ვილაპარაკოთ, რა დროს თამაშებია. – თქვა მეთმა.
– ნუ ჩაკლავ განწყობას, გართობა ეხლა იწყება. – მკაცრად შეუტია ოლივერმა და ამ სცენაზე ძალიან გამეცინა. მივხვდი, რომ ყველაზე მარტივად კონტაქტს მასთან დავამყარებდი.
– ჰმმ, მაშინ სურვილებზე ვითამაშოთ. – მოულოდნელად ეს სიტყვები წარმოთქვა დინმა და ყველამ მას გავხედეთ.
– სხვა რამე მოვიფიქროთ. – თქვა სტეისიმ. ნოას ჩაეცინა ხელი გადახვია და ჩუმად, მაგრამ ყველას გასაგონად წარმოთქვა :
– ისეთს არაფერს გაგაკეთებინებ, შენ რომ არ მოგეწონოს.
– ესეიგი ვთამაშობთ. – მაიკლი სავარძელში გასწორდა, ოდნავ წინ გადმოიხარა და მე შემომხედა. ჯეიმი მალე თუარ დაბრუნდებოდა, ცოტა ხანში მოწონების ობიექტს შევიცვლიდი.
– ჯერ დაწერეთ ფურცელზე თქვენი სახელები, მერე ამ ფურცლებს სხვა, ცარიელ ფურცლებთან ერთად რამე პატარა ყუთში ჩავყრით. თითოეული ჩვენგანი თითო ფურცელს ამოიღებს. თუ ამ ფურცელზე სახელი ეწერება, ის ადამიანი ვალდებული იქნება ერთი სურვილი შეუსრულოს იმას, ვინც მის სახელს ამოიღებს. თუ არ გაგიმართლათ და ცარიელი ფურცელი შეგხვდათ, სურვილის გარეშე დარჩებით. – თამაშის წესები გაგვაცნო ოლივერმა და რამდენიმე წუთში ყუთში ბევრი პატარა დაკეცილი ფურცელი მოთავსდა.
საათის ისრის მიხედვით მივყევით ფურცლების ამოღებას.. პირველი მეთი იყო, რომელსაც ცარიელი ფურცელი შეხვდა. გულის სიღრმეში სავარაუდოდ ეწყინა არავინ რომ არ შეასრულებდა მის სურვილს, მაგრამ როგორც კი ცარიელი ფურცელი შემოატრიალა თქვა, რომ ისედაც არ იყო თამაშის განწობაზე და მალე მაინც სახლში წასვლას აპირებდა. რატომღაც მეგონა ყველა ჯეიმის სახლში იცხოვრებდა,მეთის სიტყვების შემდეგ კი დავინტერესდი ვინ იქნებოდნენ ან ვინ იქნებოდა ის, ვინც ჩემს მეზობლად ჯეიმისთან ერთად იცხოვრებდა.
მეთის შემდეგ სტეისიმ ამოიღო ფურცელი, რომელიც კვლავ ცარიელი აღმოჩნდა. ენთუზიაზმი დაიკარგა და ყველას დაგვეზარა თამაში, სანამ ნოამ არ ამოიღო და ღიმილით არ შემოატრიალა ჩვენკენ ფურცელი, რომელზეც სტეისის სახელი ეწერა. სტესიმ თვალები აატრიალა და გაეცინა, ალბათ, იცოდა რა სახის სურვილიც ექნებოდა ნოას.
– შეიძლება, რომ სურვილი მოგვიანებით შევასრულებინო? – თქვა ნოამ და თვალი სტეისის ჩაუკრა. სტეისის სიწითლე დაეწყო სახეზე და ამის დასაფარად, მხარზე ხელი დაარტყა.
– კაი ჰო, ვხუმრობ. – ძლივს იკავებდა სიცილს ნოა შერცხვენილი სტეისის დანახვაზე. – მაშინ, ჩემი სურვილია….- ორი წამით დაფიქრდა და დაასრულა – ჩემი სურვილია, რომ მეცეკვო.
– რა? არა. – სტეისიმ თავი გააქნია.
– ისედაც ყველამ ვიცით, რომ კარგად ცეკვავ – თქვა მეთმა.
– უარის თქმა არ შეიძლება, რა სურვილიც არ უნდა იყოს. – დაამატა დინმა. მისმა სიტყვებმა კი კვლავ დამძაბეს. მე, რა თქმა უნდა, რომ ხმას არ ვიღებდი და უბრალოდ გარშემომყოფებს ვაკვირდებოდი. შიგადაშიგ ვამჩნევდი, მეც როგორ მიყურებდა ხან დინი, ხან კი მაიკლი. ერთმანეთთან ჩვენ სამნი ყველაზე ახლოს ვისხედით და ალბათ, სწორედ ეს იყო მიზეზი.. გავიფიქრე ჩემთვის.
რამდენიმე წუთში მუსიკის ხმა გაისმა და დავინახე ნოამ ხელი როგორ გაუწოდა სტეისის, რომელიც ყოყმანის შემდეგ მაინც დაჰყვა შეყვარებულის ნებას და ფეხზე წამოდგა. წყვილმა ცეკვა დაიწყო და ვერავინ თვალს ვერ ვწყვეტდით მათ. პირველ რიგში ნოას მოძრაობებმა დამაღებინა პირი და ვერ ვიაზრებდი ესე კარგად როგორ შეიძლებოდა ადამიანს ეცეკვა. სტეისის ნაზი და ამავდროულად გაბედული მოძრაობები არანაკლებ მომხიბლავი იყო. ერთმანეთს იმდენად უხდებოდნენ და ისეთ სინქრონში ცეკვავდენ, არ მიკვირდა, რომ ბედნიერება ერთმანეთში იპოვეს.
ცეკვა ჩვენი ტაშითა და შეძახილებით დასრულდა. გარემო განიმუხტა, მათ შორის მეც და როცა ყურადღება სხვაზე ამ დოზით იყო გადატანილი, მეც ავტომატურად მშვიდად ვგრძნობდი თავს.
თამაში ორი წუთით ყველას გადაგვავიწყდა, მაგრამ სებასტიანის ხმამ დამაბრუნა რეალობაში :
– ელის, შენი ჯერია.
ეს სიტყვები გავიგე და ხელის გულები გამიოფლიანდა, არ ვიცოდი ვინ შემხვდებოდა და ისიც არ ვიცოდი, რა სურვილი უნდა მეთქვა მისთვის. ესეთ თამაშებში ყველაზე უნიჭო ვიყავი, რადგან იდეები საჭირო მომენტში ყოველთვის მეწურებოდა ხოლმე.
ხელი ფურცლებით სავსე ყუთში ჩავყავი, და შვება ვიგრძენი, როცა წარწერა ვერსად ვიპოვე. კიდევ მოვსვი ალკოჰოლური სასმელი და ერთი სული მქონდა ეს თამაში მალე დასრულებულიყო, რომ მალე სახლისკენ ამეღო გეზი.
ჩემს შემდეგ მაიკლის ჯერი იყო, ვცდილობდი ნაკლებად შემეხედა მისთვის და ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან, რომ ყურადღება ეკრანზე გადამეტანა.
– ელისი. – თქვა ოლივერმა და თავი სასწრაფოდ მაღლა ამოვწიე. მაიკლს ხელში პატარა ფურცელი ეჭირა, რომელზეც გარკვევით ეწერა ჩემი სახელი.
ვიგრძენი ლოყები შემიწითლდა, ორ წამში კი დინის ჩაცინების ხმა გავიგე, რატომღაც ჩავთვალე, რომ ეს მანაც შეამჩნია და სანამ კიდევ უფრო შევრცხვებოდი ჩავახველე და ვთქვი :
– გისმენ მაიკლ.
– ამმ… არ ვიცი.. – ხელით კისერი მოისრისა მაიკლმა და მერე თავის მეგობრებს გახედა.
– რა უნდა, მოიფიქრე რამე. დრო აღარ იცდის. – თქვა ოლივერმა.
– ჩემი სურვილია…- კიდევ რამდენიმე წამიანი პაუზა გააკეთა, ჩემს ტანჯვას კი ვფიქრობ ბოლო არასდროს მოეღებოდა.. – … რომ ერთი წუთის განმავლობაში მოგვიყვე შენი თავის შესახებ. – დაასრულა წინადადება და ვერ ვიტყვი, რომ დაძაბულობა მომეხსნა. თითქოს მარტივი ამოცანა ჩემთვის ურთულესი იყო. რა უნდა მეთქვა საკუთარ თავზე? აჰ, მეზიზღებოდა ჩემი თავი ესეთ მომენტებში. საკუთარ თავზეც კი არაფერი მქონდა სათქმელი!
– კაი რა, მოსაწყენია. – თქვა დინმა და გვერდული ღიმილით მე შემომხედა. ეს ბიჭი მაშინებდა.
– ჩემი სურვილი ეს არის და შენ უკეთესი მოიფიქრე. – შეუტრიალდა მაიკლი რაზეც დინის პასუხმა არ დააყოვნა.
– ეჭვიც არ შეგეპაროს.
– ამმ..ესეიგი ერთი წუთი მაქვს მარტო? – ხმა ამოვიღე, რომ როგორმე მალე მომეშორებინა მოცემული დავალება.
– ჰო. – მაიკლმა თბილად გამიღიმა და მეც უფრო თავდაჯერებულად ვიგრძენი თავი.
– მე ელი ვარ, არ ვიცი ელისს რატომ მეძახით, მაგრამ ალბათ, ჯეიმიმ ესე გაგაცნოთ ჩემი თავი…ამმ.. რა სისულელეებს ვამბობ.. მოკლედ მე ელინეარი ვარ, ან უბრალოდ ელი.. ვარ 21 წლის და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობ… ბოლო კურსზე ვარ და მიხარია უნივერსიტეტის დამთავრება… ამმმ.. არ ვიცი მომავალში რას ვაპირებ, არ მიყვარს წინასწარ რაღაცების დაგეგმვა და უბრალოდ დინებას მივყვები…მიყვარს სუში და… ნაყინი.. პრინციპში ნაყინი დიდად აღარ, სანაყინეში მუშაობამ გადამაყვარა.. ამმ… ჰო მგონი სულ ესაა. – წინადადება დავასრულე და ღრმად ამოვისუნთქე. მაიკლმა თავი დამიქნია და გამიხარდა როცა მივხვდი, რომ ყურადღება ამჯერად დინზე გადაიტანეს, რომელმაც ყუთი მიიხუტა და ფურცლის ამორჩევა დაიწყო.
ცოტახანში დინის ღიმილი ყურებამდე აუვიდა და ვიცოდი, რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული. ფურცელი შემოატრიალა, რომელზეც მაიკლის სახელი ეწერა.
– მაიკლ… ჩემი სურვილია, რომ….- თავი მოაჩვენა ვითომ დაფიქრდა, მერე ჩემკენ გამოიხედა და დაამატა – …რომ ელისს აკოცო.
ყურებში ვიგრძენი გულის ფეთქვა, როცა ჩემი სახელი გავიგე. შევატყვე მაიკლმაც უხერხულად იგრძნო თავი, მაგრამ დიდად არ იმჩნევდა. ხმას ვერ ვიღებდი, უარის თქმა ჩემს ლუზერობას გაუსმევდა ხაზს. გამოჩნდებოდა, რომ ყველაზე მიამიტი, გამოუცდელი და თავდაუჯერებელი არსება ვიყავი, რისი სურვილიც, ვაღიარებ, საერთოდ არ მქონდა. მაგრამ შევძლებდი ხალხის თანდასწრებით მისთვის კოცნას? ან რაც ყველაზე მთავარია, მქონდა ამის სურვილი? ჩემი ფიქრები მაიკლმა დაარღვია :
– არა, სხვა მოიფიქრე.
– ეგრე არასამართლიანია. რა მოხდა, უბრალოდ კოცნაა, არა ელის? – დინმა მე გამომხედა და სანამ აზრზე მოსვლას მოვასწრებდი დავინახე, რომ ჯეიმი და ვენდი გვიახლოვდებოდნენ. მისი სილუეტის დანახვაზე, კვლავ სუნთქვა შემეკრა. ენით აღუწერლად ლამაზი იყო და მიუხედავად იმისა, რომ თმები აჩეჩილი ჰქონდა, რასაც მხოლოდ ვენდის ხელებს თუ დავუკავშირებდი, მაინც ბედნიერების გრძნობა დამეუფლა მის დანახვისას.
– რა არის არასამართლიანი? – ჯეიმიმ წარბები შეჭმუხნა, დინს ფურცელი გამოართვა და როცა მაიკლის სახელი წაიკითხა, მას გახედა.
– მაიკლი ჩემ სურვილს არ ასრულებს.
– ჰაჰ, ეგ როგორ შეიძლება მერე? – ვენდის წრიპინა ხმა ისევ გავიგე და მინდოდა სახეში ხელი გამერტყა. პირველად გამიჩნდა ესეთი ძალადობრივი აზრები თავში.
– ელისი მემგონი თანახმაა და მაიკლმა უარი მითხრა. – დინი გასწორდა სავარძელში და ჩემი სახელის ხსენებაზე ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. განსაკუთრებით მაშინ ვიგრძენი ორგანიზმში სიმხურვალე, როცა ჯეიმიმ მე შემომხედა, ოდნავ გაბრაზება დაეტყო თვალებში და ორი წამის შემდეგ კითხვა დასვა, რომლისაც ყველაზე მეტად მეშინოდა.
– ელისი რა შუაშია? – მიწეპებული ვენდი ოდნავ მოიშორა და მაიკლის მხარეს, სავარძლის კუთხეში, ჩემგან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით დადგა. შევატყვე ვენდის უკმაყოფილება დაეტყო სახეზე, მაგრამ ეს ნაკლებად მადარდებდა.
– ვუთხარი, რომ ელისისთვის ეკოცნა, ამან კიდე…
– ელის შეგიძლია ორი წუთით გამოხვიდე, საქმე მაქვს. – დინს არც აცადა წინადადების დამთავრება ჯეიმიმ. გაშტერებულმა მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ გავიაზრე მისი სიტყვები, ხმის ამოუღებლად ფეხზე წამოვდექი და მასთან ერთად გვერდითა ოთახში გადავინაცვლე.
***
ვაღიარებ, ცოტა უხერხული სიტუაცია შეიქმნა, როცა მოულოდნელად ჯეიმიმ ჩემთან დასალაპარაკებლად რაღაც „საქმე” მოიმიზეზა.. შეიძლება მე მომეჩვენა ასე და ამაში უცნაურიც არაფერი იყო, უბრალოდ სიტუაციას თუ გავითვალისწინებთ, ჯეიმისთან ერთად მისი მეგობრების დატოვება და სალაპარაკოდ გასვლა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დინმა ჩემი და მაიკლის მოსალოდნელი კოცნის შესახებ განცხადება გააკეთა, ცოტა უცნაური იყო… ინტერესით ვკვდებოდი თუ რა უნდა ეთქვა ჯეიმის ჩემთვის. მიღებული ალკოჰოლი ცოტა უფრო თამამად მადგმევინებდა ნაბიჯებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მასთან ერთად განმარტოვება ბევრად უფრო ამაღელვებდა. მართალია, ჯეიმისთან ერთად ყოფნას მარტო უფრო მიჩვეული ვიყავი ვიდრე მისი მეგობრების გარემოცვაში, მაგრამ ამის მიუხედავად, ამჯერად რაღაც ნაწილი მკარნახობდა, რომ ეს განმარტოვება არც თუ ისე სახარბიელო იქნებოდა.
ჯეიმის ნაბიჯებს ფეხი ავუწყვე და რამდენიმე წამში მასთან ერთად დიდ სამზარეულოში აღმოვჩნდი. უხერხულად ვგრძნობდი თავს და არ მინდოდა ხმა პირველად მე ამომეღო. სიჩუმეს ვინარჩუნებდი და თან მას ვაკვირდებოდი. ყოველ ჯერზე უფრო სიმპატიური მეჩვენებოდა. მის იდეალურ გარეგნობას, სიარულის მანერას, გამოხედვას ვერასდროს შევეგუებოდი. ყოველ ჯერზე ისეთივე გაოცებულს დამტოვებდა, როგორც ამ წუთებში, როცა სამზარეულოს ცენტრში მდგარ მრგვალ მაგიდას ხელებით დავეყრდენი და მისი გარეგნობა კიდევ ერთხელ შევისწავლე. ჯეიმი ხმას არ იღებდა, მაცივრის კარები გამოაღო და ისე, რომ ჩემ მხარეს არც შემოუხედავს მითხრა :
– წვენს დალევ?
წარბები შევჭმუხნე, მეგონა უფრო სერიოზული საქმე ექნებოდა ჩემთან, ვიდრე უბრალოდ წვენის შემოთავაზება.
– არა, მადლობა. – ხელები უხერხულად ერთმანეთს ჩავჭიდე, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა მისთვის. საქმე მას ჰქონდა და არა მე.
ჯეიმიმ ჭიქაში ფორთოხლის წვენი ჩამოასხა, ჩემ მხარეს შემოტრიალდა და ზურგით მაცივარს მიეყრდნო. როგორც კი თვალებში შემომხედა, ისეთი მწველი იყო მისი მზერა, რომ ვერ გავუძელი და ჩემს ხელებს დავხედე. ძალას ვერ ვპოულობდი ჩემში, რომ ეს აუტანელი დუმილი დამერღვია. ჯეიმი კვლავ ჩუმად იყო, მაკვირდებოდა და როცა მეგონა, რომ ხმას არასდროს ამოიღებდა, მისი ტკბილი ხმა კიდევ ერთხელ მომესმა.
– არ მინდოდა, რომ უხერხულად გეგრძნო თავი…ამიტომ გამოგიყვანე. – მითხრა და კვლავ წვენი მოსვა თავისი ჭიქიდან.
მზერა ამჯერად მასზე გადავიტანე, უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა და გაურკვეველი მიზეზის გამო გული მეტკინა ამ სიტყვების მოსმენისას…
– უხერხულად რომ არ მეგრძნო? – მისი სიტყვები გავიმეორე და მინდოდა უფრო მეტი განმარტება მოეცა ჩემთვის.
– ჰო, თამაშის გამო… საკმარისად გიცნობ იმისთვის, რომ მივხვდე ესეთი თამაშები საშენო არ არის. – ჭიქა მაგიდაზე დადო და ჩემ გასწვრივ, მაგიდის მეორე მხარეს დადგა, სკამს ხელებით დაეყრდნო და შემომხედა.
მინდოდა ამომეცნო რაიმე ემოცია მის სახეზე, მაგრამ როცა თვალებში შევხედე დავრწმუნდი იმ ემოციას, რომელსაც მე ვეძებდი, ვერ დავინახავდი. სისულელე იყო იმის გაფიქრება, რომ ჯეიმიმ ჩემზე და მაიკლზე იეჭვიანა. პფფ, ან საერთოდ რას ნიშნავს ეჭვიანობა? ჩემთვის ჩამეცინა და თავი გავაქნიე, როცა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემს მიამიტობაში. არა, უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა – ჩემს სიშტერეში. ჯეიმი ჩემი ახლო მეგობარი გახდა, ვიცოდი მისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანი ადამიანი ვიყავი, როგორც ის იყო ჩემთვის. კარგად იცოდა, რომ მორცხვი და ჩაკეტილი პიროვნება ვიყავი და რომ უცხო ადამიანებთან კონტაქტს სხვებთან შედარებით უფრო რთულად ვამყარებდი… იმ დღეს გაცნობილი ბიჭის კოცნა, რაც არ უნდა თამაშის ფარგლებში ყოფილიყო ეს, რომ არ მესიამოვნებოდა ამას ბევრი მიხვედრა არ სჭირდებოდა. ჯეიმიმაც მიხსნა ამ დაძაბულობისგან და როგორც კარგი მეგობარი ისე მოიქცა.
– რა იცი, რომ საჩემო არ არის? – არ ვიცოდი რატომ ვუთხარი ეს სიტყვები, მაგრამ რაღაც ძალამ მაიძულა შევწინააღმდეგებოდი.
– ანუ მაიკლს აკოცებდი? – სერიოზული სახით მკითხა და რამდენიმე წამში გამიღიმა. არ ვიცოდი გულწრფელი იყო ეს ღიმილი თუ მოჩვენებითი, მაგრამ მარტივი შესამჩნევი იყო, რომ ჯეიმი რაღაცას მალავდა. ყოველ შემთხვევაში დიდად რომ არ ესიამოვნა ამ წინადადების წარმოთქმა, ეს ფაქტი იყო.
– არ ვიცი, ალბათ..
– ალბათ? ანუ კი? – ხელით თმები აიჩეჩა და ჩაახველა.
– ჰო, თამაშის წესების გათვალისწინებით. – ვუთხარი და დავინახე ნესტოები ოდნავ გაებერა, ალბათ, სიბრაზის ნიშანი იყო.
– და ზუსტად ეგ რომ არ მინდოდა, მაგიტომ გამოგიყვანე. – მზერა მომაშორა და ფანჯრისკენ გაიხედა. მეგონა უფრო მეტი რამ იდგა ამ სიტყვების უკან, მაგრამ როცა კითხვა დავუსვი, მალევე ვინანე.
– რა არ გინდოდა? – თვალები გამიბრწყინდა, მეგონა მეტყოდა, რომ არ უნდოდა მისი მეგობრისთვის თუნდაც თამაშის გამო მეკოცნა, რადგან მას მოვწონდი და არ ესიამოვნებოდა, რომ მისი თანდასწრებით გამეკეთებინა ეს.
– არ მინდოდა, რომ დაცინვისგან თავის არიდების მიზნით შეგესრულებინა სურვილი.
– ჰაჰ, დაცინვისგან? – გულში მეგონა ნემსები ჩამარჭეს.
– ჰო, როგორც ხდება ხოლმე. სურვილს თუ არ ასრულებ, მერე ბანძი ტიპი იჩითები ხო იცი? – უხეშად წარმოთქვა ეს სიტყვები და პირველად ამდენი ხნის მანძილზე ჯეიმის სხვანაირი სახე დავინახე. ეს არ იყო ის მზრუნველი ჯეიმი რომელიც ყოველთვის თბილი და მოსიყვარულე იყო ჩემ მიმართ. ალბათ, ალკოჰოლის ბრალი იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, მისი უხეში საუბარი ძალიან გულს მტკენდა.
– ანუ მარტო ეს გადარდებს? ის, რომ შენს მეგობრებთან არ შევრცხვე და პატარა, მორცხვი, გამოუცდელი და ჩაკეტილი გოგო გამოვჩნდე? ანუ ისეთი, როგორიც სინამდვილეში ვარ? – თვალებზე ცრემლები მომადგა. მეც არ ვიცი, რამ მათქმევინა ეს სიტყვები ან საკმარისი გამბედაობა როდის მოვიკრიბე, მაგრამ ფაქტია, ნათქვამის უკან დაბრუნება აღარ შემეძლო. ღრმად ამოვისუნთქე, როგორღაც შევძელი ემოციების მოთოკვა და საბედნიეროდ, მის თვალწინ არ ამეტირა. სახლში რომ ბევრს ვიტირებდი ძილის წინ, ეს კარგად ვიცოდი. ჯეიმიმ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, გულზე მოხვდა ჩემი სიტყვები და რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ მოახერხა პასუხის გაცემა.
– ელ… კარგად იცი, რომ ეგ არ მიგულისხმია. – მომიახლოვდა, სახეზე ნაღვლიანი თვალებით ამათვალიერა და ჩემს პასუხს დაელოდა
– აბა რა იგულისხმე? – სევდიანად ჩამეცინა, – ჯეიმი… რამდენადაც არ უნდა მინდოდეს, ვენდისნაირი გოგო ვერასდროს ვიქნები… სოციალიზაციის მეშინია და მართალი ხარ, ესეთი თამაშებიც საჩემო არ არის. უბრალოდ არ მინდა…. არ მინდა, რომ ეს გასართობი იყოს შენთვის.
– გასართობი? – წარბები შეჭმუხნა, ვერ მიხვდა რას ვგულისხმობდი.
– ჰო გასართობი, შენთვის და შენი მეგობრებისთვის. ხოიცი გამოუცდელი, მორცხვი გოგოები ხშირად ბიჭების დაცინვისა და მანიპულირების მსხვერპლნი ხდებიან….
– ელ, საკმარისია. – მხარზე მჭიდროდ მომიჭირა ხელი,- სისულელებს ლაპარაკობ და ეს შენც კარგად იცი.
– არა ჯეიმი, სისულელეს არ ვლაპარაკობ. სულელი არ ვარ და დინის მიერ მოცემული დავალება, თუ სურვილი, რაც გინდა ის უწოდე, კარგად ვიცი საიდან გამომდინარეობდა. მიხვდა, რომ ჩემთვის რთული ამოცანა იქნებოდა ამ სურვილის შესრულება და იფიქირა ცოტას გავერთობიო. შენ არ ფიქრობ ეგრე? – ჩამეცინა, ვცდილობდი ხუმრობაში გამეტარებინა ეს ყველაფერი, მაგრამ ის ტკივილი, რასაც იმ წამებში განვიცდიდი, ენით აღუწერელი იყო.
– მე მარტო იმას ვფიქრობ, რომ გული მტკივა, როცა გგონია, რომ შენ რაიმე დოზით მაინც შეიძლება ჩემი გასართობი იყო. – ხელს არ მიშვებდა და მწველი მზერით მიყურებდა. მუცელში უცნაური შეგრძნება დამეუფლა და მინდოდა უფრო მეტი მომესმინა მისი ჩემდამი დამოკიდებულების შესახებ.. ვიცოდი, ამ მომენტში გულწრფელი იყო.
– არა, მაგას არ ვფიქრობ უბრალოდ… უბრალოდ არ მინდა ესეთ სიტუაციებში ვინმეს დახმარება მჭირდებოდეს.
– ანუ არ გინდოდა, რომ გამომეყვანე?
– არა. – ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და როცა ეს პასუხი გავეცი, მივხვდი, რომ ძალიან გაბრაზდა. გაბრაზებული ჯეიმი დღეს პირველად ვნახე, თითქოს გარეგნობითაც სხვანაირი იყო ამ დროს. გაბრაზებასთან ერთად იმედგაცრუებაც ამოვიკითხე მის თვალებში, ჩემი ფიქრები კი მას შემდეგ დადასტურდა, რაც მხარზე ამდენი ხნის შემდეგ ხელი გამიშვა და ჩვენ შორის დისტანცია გაზარდა. კვლავ ვგრძნობდი მისი შეხებისგან გამოწვეულ სიმხურვალეს და უდიდესი სურვილი მქონდა ეს კიდევ ერთხელ განმეცადა..
– მაშინ როგორც ვხდები პრობლემა არ ყოფილა.. – ხელი ჯიბეებში ჩაიწყო და გაყინული, უემოციო მზერა მომაპყრო.
– არა. – კიდევ ერთხელ გავიმეორე.
– ანუ…. მე რომ არ გამომეყვანე, მართლა აკოცებდი მაიკლს? – ეს კითხვა ოდნავ ჩუმად წარმოთქვა. ვერ ვხვდებოდი ამაში რა იყო ასეთი დაუჯერებელი.
– რამე პრობლემა იქნებოდა, პასუხი, რომ ამ კითხვაზე კი იყოს? – გულის ცემა გამიხშირდა და კიდევ ერთი შანსი მივეცი იმისთვის, რომ თავისი ფიქრები უკეთ გადმოეცა ჩემთვის.
ჯეიმი ყოყმანობდა, ტუჩები ენით დაისველა, ვატყობდი პასუხის გაცემა უჭირდა, ჩემი გულის ცემა კი ალბათ, მისთვის კარგად გასაგები იქნებოდა იმ წუთებში. მალევე თითქოს საკუთარ თავს სძლია, ტუჩები დააშორა ერთმანეთს პასუხის გასაცემად, მაგრამ ამ დროს გვერდიდან ნაცნობი ხმა მომესმა.
– ელის… – ხმა გავიგე თუ არა, კარების მხარეს გავიხედე და მასთან მდგარი მაიკლი დავინახე, რომელსაც აღელვებული გამომეტყველება ჰქონდა.
– მაიკლ? – ნერწყვი მძიმედ გდავყლაპე, ჯეიმის მხარეს გახედვას ვერ ვბედავდი…
მაიკლმა ჯერ მე, მერე ჯეიმის შეხედა და მოგვიახლოვდა.
– ელის, ბოდიშის მოხდა მინდოდა…
– მე გავალ, დაგტოვებთ. – ჯეიმიმ უცბად თქვა და უკან მოუხედავად გავიდა სამზარეულოდან. მზერა გავაყოლე მის სხეულს და გული ნაფლეთებად დამეშალა. მეც არ ვიცოდი რა მაწუხებდა ასე ძალიან, მაგრამ სახლში რაც შეიძლება მალე დაბრუნების სურვილი რომ მქონდა ეს კარგად ვიცოდი.
– არაფერი გაქვს ბოდიშის მოსახდელი მაიკლ. – ყურადღება მასზე გადავიტანე და მინდოდა თავი მომეჩვენებინა თითქოს ყველაფერი რიგზე იყო.
– არა მართლა… რაღაც, უხერხული სიტუაცია შეიქმნა და.. – მაიკლი ხელით კისერს ისრესდა და ეტყობოდა, რომ დაძაბული იყო.
– დაივიწყე, მართლა ყველაფერი რიგზეა. – გავუღიმე და სანამ პასუხს გამცემდა საათს დავხედე. – უი საკმაოდ გვიანი გამხდარა, ამმ.. სახლში უნდა წავიდე. – ვუთხარი და კარებისკენ დავიძარი.
– გაგაცილებ. – მაიკლი უკან გამომყვა, ქურთუკი მომაწოდა და სანამ ჯეიმის სახლიდან გავუჩინარდებოდი ვუთხარი :
– ჩემ მაგივრად დაემშვიდობე ბავშვებს. – თბილად გავუღიმე და მის ერთდროულად საყვარელ და სიმპატიურ სახეს დავაკვირდი.
– აუცილებლად. – თავი დამიქნია და სანამ ზურგს ვაქცევდი დაამატა : – ამმ, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ელის…რომ იცოდე მეც აქ ვიცხოვრებ და…. იმედია, რომ ხშირად შევხვდებით.
– იმედია. – გავუღიმე და თან ჩემი გულის ცემა კისერში გავიგე. არ ვიცი მახარებდა თუ მაშინებდა ის ფაქტი, რომ ჯეიმისთან ერთად მაიკლიც ჩემი მეზობელი იქნებოდა.