ცხოვრებაში ყველას გვაქვს ისეთი დღეები, რომელიც ნაცრისფერია, მაგრამ არსებობს ისეთი დღეებიც, რომელიც უფრო მეტად ნაცრისფერია, ვიდრე სხვა დანარჩენი. სინამდვილეში ნაცრისფერი მიყვარს, სიმშვიდისა და სტაბილურობის ფერია ჩემთვის.. მაგრამ ალბათ, გულის სიღრმეში ზუსტად ამიტომ არ მიყვარს ნაცრისფერი.. ნაცრისფერი – მაშასადამე მშვიდი და სტაბილური დღეები. კერძოდ, დღეები ჯეიმის გარეშე.
მისი მეგობრების გაცნობიდან ერთი კვირა გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯეიმი ასე თუ ისე ჩემი ახლადშეძენილი მეგობარი იყო, თითქმის ყოველდღე მეკონტაქტებოდა. მის მოპირდაპირე სახლში ცხოვრება კი ჩვენს ამ ყოველდღიურ ურთიერთობას კიდევ უფრო უწყობდა ხელს. ცხადია, მეც არაფერი მქონდა საწინააღმდეგო და მასთან შეხვედრით ყოველდღიური ბედნიერების დოზას მადლიერად ვიღებდი.
მისი მეგობრების გაცნობის დღის შემდეგ კი ჯეიმი აღარ გამოჩენილა, რაც, ალბათ, მოსალოდნელიც კი იყო.. ან უბრალოდ თავს ვაჯერებდი, რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო. იმ დღის შემდეგ ერთი კვირა გავიდა და მიუხედავად იმისა, რომ კვირიდან კვირამდე დრო უსწრაფესად გადის, მაინც ჯოჯოხეთურად გაიწელა ეს უფერული, უფროსწორად ნაცრისფერი, კვირა ჯეიმის გარეშე.
მიკვირდა უნივერსიტეტში წასვლამდე მაინც რომ არ გადაიკვეთა ჩვენი გზები.. მეც მის კარებთან ლოდინს, ცხადია, არ ვაპირებდი.. ტელეფონზე უბრალო მესიჯის მიწერა კი გადაულახავ დაბრკოლებას წარმოადგენდა ჩემთვის.
მართალია, ძალიან ხშირად ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს, მაგრამ მხოლოდ ამ კვირაში მოვახერხე იმის გააზრება, რომ დიალოგის დაწყებისა და კონტაქტზე გამოსვლის ინიციატორი ყოველთვის ჯეიმი იყო.
ამ გაუცხოვების კვირაში ჩემი მხრიდან პირველი ნაბიჯის გადადგმა კი უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა…ყოველ შემთხვევაში ჩემთვის.
დღე უნივერსიტეტში ძალიან გაიწელა.. სახლში მეცადინობა მეზარებოდა, ამიტომ ბიბლიოთეკაში დარჩენა გადავწყვიტე, რომ ძირითადი საქმე აქვე მომეშორებინა.
კონსპექტების წერაში გართულს ჩემი ჯგუფელი – ანაბელი დამადგა თავზე, მე კი სანამ გამარჯობის თქმას მოვასწრებდი მან ცოტა უხეში ტონით მომმართა :
– მალე დაასრულებ? წიგნი მიჭირდება. – თავისი მწვანე თვალები მომაპყრო და მის ტუჩის კუთხეებს მოსალოდნელი ღიმილის კვალი საერთოდ არ დატყობიათ. კარგად არ ვიცნობდი, ამიტომ მის პიროვნებას ვერ განვსჯიდი, უბრლაოდ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ მუდამ სერიოზული იყო.
არ ვიცოდი ღირდა თუ არა მისთვის წიგნის გაზიარების შეთავაზება, მაგრამ სანამ კარგად ავწონ-დავწონიდი უნებურად წამომცდა შემდეგი სიტყვები :
– ჯერ ახლა დავიწყე, მაგრამ თუ გინდა ერთად ვიმეცადინოთ.
ჩემს პასუხს მივხვდი არ მოელოდა, ცოტა ყოყმანი დაეტყო სახეზე, მაგრამ ჩემდა გასაკვირად დამთანხმდა.
– კარგი. – თავი დამიქნია, მაგიდასთან მდგარი სკამი გამოაჩოჩა და ცოტა დისტანციის შენარჩუნებით ჩემ გვერდით მოკალათდა.
არ ვიცოდი როგორ წარმემართა დიალოგი მასთან, ისიც არ ვიცოდი ასეთ დროს უზრდელობა იქნებოდა თუ არა, რომ მისი ახლოს გაცნობის სურვილი გამომეთქვა. სანამ ამ ფიქრებს ტვინში ვაწყობდი ანაბელმა დუმილი დაარღვია :
– ამმ, შენ თუ პირველ თავს კითხულობ, მე მაშინ მეორეს დავიწყებ და მერე გავუზიაროთ ერთმანეთს.
– კარგი. – მეც უბრალოდ დავთანხმდი და წერა განვაგრძე.
არ ვიცი ზუსტად რამდენ ხანს გავჩერდით ბიბლიოთეკაში, მაგრამ როდესაც მეცადინეობასა და ერთმანეთისთვის ნასწავლის გაზიარებას მოვრჩით, გარეთ უკვე სიბნელე იყო. ჩემი ასოციალურობის მიუხედავად, უნდა ვაღიარო, რომ ანაბელთან ერთად მეცადინეობა მესიამოვნა. თითქოს მისი უემოციო სახეს ფერები შეემატა და როცა ვხედავდი, რომ ყოველ ჩემ სულელურ ნათქვამზე ჩუმად ეცინებოდა, ერთგვარ მიღწევად მიმაჩნდა ეს ჩაცინება.
რატომღაც დავფიქრდი, რომ ანაბელი დინის გოგო ვარიანტი იყო, რომელთან დამეგობრებაც არც თუ ისე წარმოუდგენელ ფაქტად მეჩვენებოდა დღის დასრულების შემდეგ.
უნივერსიტეტიდან გამოსულმა სახლისკენ ავიღე გეზი. ტელეფონი რამდენჯერმე შევამოწმე იმის იმედით, რომ ჯეიმისგან რაიმე სახის შეტყობინება მაინც დამხვდებოდა, მაგრამ ეს იმედი მხოლოდ იმედად დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში რამდენიმე ადამიანს დავეკონტაქტე, მათ შორის სერიოზულ და ცოტა უცნაურ ანაბელსაც, მაინც უხილავ არსებად ვგრძნობდი თავს. ამის ერთადერთ მიზეზად კი ჯეიმის დანაკლისს თუ დავასახელებდი. მომენატრა მისი სახის დანახვა, მისი სიცილის მოსმენა, მისი უაზრო ხუმრობები და უბრალოდ მასთან ურთიერთობა. თვალწინ დამიდგა ჯეიმის უნაკლო სახე და სითბოთი სავსე, კეთილი თვალები.
მასზე ფიქრმა, მონატრებამ და გაურკვებლობამ მოსვენების საშუალება არ მომცა, ჩემი ქუჩა უხილავმა ძალამ გადამაჭრევინა და ჯეიმის სახლის ზღურბლთან გაუცნობიერებლად ამოვყავი თავი. გარეთ ციოდა, ხელები ჯიბეებში მქონდა ჩაწყობილი და გადაწყვეტილებას ვერ ვიღებდი ღირდა თუ არა ზარის დარეკვა და მისი ასე დაუპატიჟებლად მონახულება. მისთვის მესიჯის გაგზავნაც კი მერიდებოდა, ახლა კი ჯეიმის სახლის კარებთან ატუზული ვიდექი იმის მოლოდინში, რომ ვინმე რაიმე მინიშნებას მომცემდა თუ როგორ მოვქცეულიყავი.
სამწუხაროდ, არანაირი მინიშნების კვალი არ ჩანდა, გარდა იმისა, რომ სიცივემ ჩემი თითები იმსხვერპლა და გამიყინა. სხვა გზა არ მქონდა, ან სახლში უნდა შევბრუნებულიყავი ან ზარი უნდა დამერეკა. მე მეორე ვარიანტი ავირჩიე.
ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ კარები გაიღო და სახლიდან ყვითელმა შუქმა გამოანათა. შავ ფერებში გამოწყობილი შავგვრემანი ბიჭი, საყვარელი ღიმილითა და დიდი, ჭკვიანი თვალებით შემომეგება, მე კი კვლავ უცნაური შეგრძნება დამეუფლა მუცელში მისი დანახვისას.
– გამარჯობა ელის, არ გელოდებოდი.
– ამმ..გამარჯობა მაიკლ. – გავუღიმე და უხერხული მოძრაობით თმა ყურს უკან გადავიწიე. მაიკლი უბრალოდ მაკვირდებოდა და სანამ სახლში შემომიპატიჟებდა კიდევ ერთი ადამიანის ხმა მომესმა.
– ოო, ვინ არის შემოუშვი. გავაგრძელოთ თამაში. – მაშინვე მივხვდი, რომ დინი იქნებოდა.
მაიკლი დაიბნა, კარი უფრო ფართოდ გამოაღო და მითხრა :
– ბოდიში, გაგყინე. შემოდი.
მეც ორი ნაბიჯი გადავდგი და როცა კარების გადაკეტვის ხმა გავიგე მივხვდი, რომ უკან დასახევი გზა აღარ მქონდა.
– ჯეიმის ნახვა მინდა…სახლშია? – მაიკლს ვკითხე, რომელიც დიდი ოთახისკენ გამიძღვა, სადაც სავარძელზე მოკალათებულ დინს მოვკარი თვალი. ხელში ჯოისტიკი ეჭირა და მაიკლის დაბრუნებას ელოდა, რომ თამაში გაეგრძელებინათ.
– გამარჯობა ელინეარ.- მომესალმა იგი და გამიკვირდა თუ საიდან ახსოვდა ჩემი სრული და ცოტა უჩვეულო სახელი.
დინს უბრალოდ ხელი დავუქნიე და ყურადღება კვლავ მაიკლზე გადავიტანე, რომელმაც მოულოდნელი პასუხი გამცა.
– ჯეიმი ცუდად არის..
– ცუდად? – არ ვაცადე წინადადების დამთავრება, გულის ცემა ყურებში გავიგე და ძალიან ავღელდი.
– ძალიან ცუდად არა, – საყვარლად ჩაეცინა, – უბრალოდ ვარჯიშის დროს ფეხი იტკინა და ახლა თაბაშირში აქვს.
-ამმ..როგორ..შეიძლება რომ ვნახო? – მუდარით სავსე თვალებით შევხედე იმის იმედით, რომ უარს არ მეტყოდა.
მაგრამ სანამ მაიკლი გამცემდა პასუხს, ტელევიზორზე მიშტერებულმა დინმა უცბად წამოიძახა :
– რა თქმა უნდა, შეიძლება. ყურადღებაზე მეტად არაფერი უყვარს ჯეიმის.. განსაკუთრებით კი გოგოების.
დინის სიტყვებზე ჩამეცინა და როცა კვლავ მაიკლს შევხედე მანაც თავი დამიქნია და ჯეიმის ოთახისკენ გამიძღვა.
რომ ვთქვა მშვიდად ვიყავი-მეთქი, ძალიან მოგატყუებთ.. პირველ რიგში დაუპატიჟებელ სტუმრად ვგრძნობდი თავს, მეორე რიგში კი ჯეიმისთან შეხვედრა მაღელვებდა და იმედი მქონდა, რომ აქ მოსვლას არ ვინანებდი.
თან გული დამწყდა, რომ ესეთი რამე ჯეიმიმ არ შემატყობინა. რომ მცოდნოდა შეუძლოდ იყო, ალბათ, საკუთარ თავს გადავაბიჯებდი და იმ დღესვე მოვინახულებდი მას.
მაიკლმა კარებზე დააკაკუნა, რამდენიმე წამში კი ჯეიმის ხრინწიანი ხმა მოისმა კედლის მეორე მხრიდან, რომლის გაგონებამაც საკუთარი იდენტობაც კი დამავიწყა :
– შემოდი.
დაბნეულმა მაიკლს გავხედე, რომელმაც თავით მიმანიშნა, რომ ჯეიმის ოთახში შევსულიყავი.
მიუხედავად იმისა, რომ რაღაც უხილავი ძალა უკან მექაჩებოდა და სახლში გაბრუნებას მთხოვდა, ჯეიმის ოთახის კარების სახელური მაინც ჩამოვწიე და სანამ იმის გააზრებას მოვასწრებდი თუ რას ვაკეთებდი, მის ოთახში ამოვყავი თავი.
ოთახში თითქმის უკუნითი სიბნელე იყო, მხოლოდ საწოლის გვერდით არსებული მბჟუტავი განათება მაძლევდა მისი სხეულის დანახვის საშუალებას, რომელიც უღონოდ მისვენებულიყო დიდ ხისფერ საწოლზე. ჰო, ამ სიბნელეში ხის ფერი მომეჩვენა…
კარები უხერხულად გამოვიხურე ჩემ უკან და მზერა ჯეიმიზე გადავიტანე, რომელსაც ჯერ გაურკვევლობა, შემდეგ კი უხერხულობა დატყობოდა სახეზე. ფაქტია, არ მელოდებოდა.
მისი შემხედვარე სუნთქვა შემეკრა. სრუილად დამავიწყდა ყველანაირი გაბრაზება და მივხვდი, რომ ძალიან მომენატრა. წესით ახლა, როცა დავინახე ეს მონატრება უნდა განქარვებულიყო, მე კი სულელივით უმოქმედოდ ვიდექი, ჯეიმის ვუყურებდი და ვხვდებოდი თუ როგორი უძლური ვიყავი ამ ადამიანის წინაშე. ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ ესე ძალიან ცხოვრებაში არავინ მომნატრებია. არც ჩემი მეგობარი ჯეინი, რომელიც საზღვარგარეთ გადაიხვეწა, არც ჩემი მშობლები. ჰო, ალბათ, უცნაურად ჟღერს… ჯეიმის ხომ მხოლოდ რამდენიმე თვეა რაც ვიცნობდი. მისი მონატრება კი გაცილებით უფრო დიდი იყო ვიდრე ცოტა ხნის შეძენილი მეგობრის მონატრება. კარგად ვერ ავხსნი, ალბათ, მაგრამ მისმა უბრალოდ დანახვამაც ისეთი ბედნიერი გამხადა, რომ ვიცოდი ეს დადებითი ენერგია მომდეცნო კვირამდე მაინც აუცილებლად გამყვებოდა.
ვაღიარებ, ძალიან აღელვებული ვიყავი და ამ აღელვებას ორი მნიშვნელოვანი მიზეზი ჰქონდა.
პირველი ის, რომ არ ვიცოდი აქ რას ვაკეთებდი და თუ რის თქმას ვაპირებდი მისთვის ერთ კვირიანი გაუჩინარების შემდეგ. მეორე მიზეზი კი, რომელიც არანაკლებ მაღელვებდა ჯეიმის მდგომარეობა იყო. სახეზე კარგად ეტყობოდა თუ როგორი დაღლილი და ძალაგამოცლილი იყო. მე კი ვგრნობდი, რომ დისკომფორტსა და ტკივილს განიცდიდა, რისი შემსუბუქებაც ყველაზე მეტად მინდოდა, მაგრამ არ შემეძლო.
როცა კარებისგან ორი სანტიმეტრის მოშორებით მდგარი ჩემი გაქვავებული სხეული ჯეიმიმ კარგად შეისწავლა, დუმილი დაარღვია და ფიქრების ბურუსიდან გამომარკვია :
– შეგიძლია შუქი აანთო.
მეც მის სიტყვებს დავემორჩილე, შუქი ავანთე და რამდენიმე წამში მივხვდი, რომ ნერვიულობის ტალღამ ახლა ორმაგად შემომიტია. ვიცოდი, სახეზე წითელი ფერიც დაადასტურებდა ჩემს დაბნეულობას, ჯეიმის სახის ნაკვთების უკეთესად დანახვა კი უკიდურესად ართულებდა არსებულ სიტუაციას.
ჯეიმი ოდნავ წამოიწია საწოლში, სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა… და ყოველ ჯერზე, როცა ასეთ სერიოზულს ვხედავდი, ვიაზრებდი იმას, რომ მას საკმარისად კარგად არ ვიცნობდი.
ჯეიმიმ საწოლის გვერდით მდგარი სადგამიდან წყლით სავსე ჭიქა აიღო, რამდენიმე ყლუპი ლამაზად დალია და ჭიქა კვლავ ტუმბოზე დააბრუნა. შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ ჯეიმი ჩემთვის ყველა ჩვეულებრივ მოძრაობას ლამაზად და ელეგანტურად ასრულებდა, მაშინაც კი როდესაც თაბაშირში შეხვეული ფეხით, გაშეშებული, მოუხერხებლად იწვა საწოლზე.
– არ გელოდებოდი. – შემომხედა და მითხრა.
– არც მე. – ვუთხარი და როცა დავინახე, რომ ოდნავ ჩაეცინა, მხოლოდ მას შემდეგ გავიაზრე ჩემი ნათქვამი სისულელე და გამოსწორება ვცადე :
– აამ..მეც არ ველოდებოდი ჩემს თავს აქ..- ხელები ნერვიულობისგან ზურგს უკან ჩავჭიდე ერთმანეთს და მორიგი სისულელე დავაყოლე :
– უფროსწორედ მეც არ მეგონა თუ დღეს აქ მოვიდოდი. – სწრაფად მივაყარე ეს სიტყვები და სანამ გული იქვე გამისკდებოდა ჯეიმიმ პასუხი გამცა :
– მოდი, ჩამოჯექი. – თავით საწოლის კუთხეზე მიმანიშნა, მე კი მივხვდი, რომ ჩემი გული გასკდომას ჯერ ბოლომდე ვერ გადაურჩა.
– არა იყოს.. ვიდგები. – პასუხი რამდენადაც შემეძლო თავდაჯერებულად გავეცი.
– ელის. – წარბები ამიწია და მივხვდი, უარის თქმა უფრო მეტ უხერხულობას შექმნიდა.
რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და ჯეიმის საწოლს მივუახლოვდი.. ის ჩუმად იყო და ჩემ უხერხულ მოძრაობებს აკვირდებოდა. რამდენადაც შემეძლო მისგან მოშორებით მინდოდა დაჯდომა, მაგრამ სანამ ადგილს დავიკავებდი მითხრა :
– მანდ ფრთხილად, ფეხი მაქვს თაბაშირში. ცოტა ახლოს დაჯექი. – ხელით საწოლის შუა ნაწილზე მიმითითა, მე კი დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ყველაფერს სპეციალურად აკეთებდა.
სხვა გზა არ მქონდა, მასთან ახლოს მოვკალათდი და მალევე ვკითხე :
– რატომ არ მითხარი?
– რა უნდა მეთქვა? – ამჯერად მზერა ამარიდა და ტუჩები საყვარელი მოძრაობით შეჭმუხნა.
– ის, რომ ცუდად იყავი. – თავით მის ფეხზე მივანიშნე.
– აჰ, არაფერია..გაივლის. – სევდიანად გამიღიმა და ვიცოდი ეს პრობლემა ძალიან აწუხებდა.
– როგორ მოახერხე?
– ცეკვის დროს. – ისევ ცეკვა. ვიცოდი, მისი ცხოვრების განუყრელი ნაწილი იყო და გული მწყდებოდა, რომ აქამდე არასდროს მინახავს მისი ცეკვა.
– უფრო ფრთხილად უნდა იყო და თავს ძალიან ნუ და…-
– ჩემი ტრენერი ნუ იქნები ელის, ისედაც საკმარისად ვისმენ მსგავს რეპლიკებს. – გაბრაზდა, მე კი მისი სიტყვები მეწყინა.
– ჰო მართალია, შენი საქმის უკეთ იცი, უბრალოდ ვღელავ შენზე.
– ღელავ? – ირონიულად ჩაეცინა მე კი უკვე მეორეჯერ მეწყინა დღეს.
– ამმ..კი. – მისი ცივი ტონის გამო პასუხს ნამდვილად არ შევცვლიდი.
– ჩემზე რომ ღელავდე, აქამდეც გაგახსენდებოდი. – მოულოდნელად მითხრა და ღრმად ამოისუნთქა.
– აუჩ. მემგონი არასამართლიანი ხარ. – სიცილნარევი ხმით ვუთხარი და ვცდილობდი დაძაბულობის მიუხედავად დიალოგი მსუბუქად წარმემართა.
– მე ვარ არასამართლიანი? – მისი ტონი კვლავ სერიოზული იყო.
– ჰო..იმ დღეს ყურადღებაც არ მომაქციე ისე გაუჩინარდი…ვენდისთან ერთად. – თვალებით ძირს დავიხედე. არ მინდოდა ეჭვიანობა დამტყობოდა.
– ვაუ, ელის. მემგონი მაგას არ უნდა ამბობდე, როცა დამშვიდობების გარეშე დაბრუნდი სახლში.
– მაიკლს გადავეცი, რომ ჩემ მაგივრად დამშვიდობებოდა ბავშვებს. – ამჯერად ჯეიმის შევხედე და შევამჩნიე, რომ კისერზე ძარღვები გამოებერა.
– ბავშვებს? მე არ დამემშვიდობე და ეგ გამიტყდა. – მის სიტყვებში სევდა აშკარა იყო და რატომღაც მართლა დამნაშავედ ვიგრძენი თავი.
– ჰო, ალბათ, იმ დღეს ეგრე ვგრძნობდი თავს.
– რას გულისხმობ?
– იმას, რომ უხასიათოდ ვიყავი და კიდევ ხალხმრავლობაში შენი მოძებნის თავი აღარ მქონდა.
– კარგი. – მოკლედ მომიჭრა.
– კარგი?
– ჰო, გასაგებია შენი პოზიცია.
– მე კიდევ ის მეწყინა, რომ არ მითხარი ცუდად რომ იყავი. – ფეხი ფეხზე გადავიდე და თავდაჯერებულობას მოვუხმე.
– მოგეკითხე და გეტყოდი.
– ჯეიმი… რატომ ჯიუტობ?
– არ ვჯიუტობ, უბრალოდ ყოველთვის მე ვარ ვინც პირველი გკითხულობს. მაგაზე არ გიფიქრია? – მოულოდნელად მითხრა.
– რიგითობას რა მნიშვნელობა აქვს?
– აქვს.
– კარგი.
– კარგი? – გაიმეორა ჩემი სიტყვა.
– გასაგებია შენი პოზიცია. – მეც მისივე სიტყვებით კმაყოფილად ვუპასუხე.
– გამიხარდა შენი დანახვა. – უცბად მითხრა, მე კი პულსი კვლავ ამიჩქარდა.
არ ვიცოდი რისი ნიშანი იყო მისი სიტყვები. ის, რომ მართლა გაუხარდა ჩემი დანახვა თუ ის, რომ ამით დამშვიდობებას გულისხმობდა.
– მეც. – ვუთხარი და გაუაზრებლად ხელი მის თბილ ხელს დავადე. მომენტალურად რაღაც ძალამ დამიარა. თვალწინ აღმიდგა ის მომენტი, როდესაც აფრენის მოლოდინში უცნობმა ბიჭმა ჩემი ხელი მოიქცია საკუთარ ხელში და უდიდესი სიმშვიდე მომანიჭა. ალბათ, რაღაცნაირად მინდოდა მეც სიმშვიდის მიმნიჭებელი ძალა ვყოფილიყავი მისთვის..ჩემი ქმედება კი ზუსტად ამან განაპირობა.
ჯეიმი თითქოს ოდნავ შეკრთა, თავისი დიდი, სავსე ტუჩები ერთმანეთს დააშორა, როცა ოთახის კარები ვიღაცამ უხეშად შემოაღო. ხელი მაშინვე უკან წავიღე და ვიგრძენი სითბოს დანაკლისი. ჯეიმიმ მზერა ჩემ უკან გადაიტანა და არც ისე კმაყოფილი ჩანდა ჩვენი მომენტის დარღვევის გამო.
– ჯეი, შენი საყვარელი ფორთოხლის წვენი მოვიტანე. – მოლაპარაკე ხმას გავხედე და წითელი თმები შემეჩეხა თვალებში.
– ვენდი, ხო გითხარი სტუმარი ყავს-მეთქი. – კარებში მდგარმა დინმა მიაძახა უკნკდან და ვაღიარებ, მისი ამგვარი საქციელი გამიკვირდა.
ვენდიმ ერთი წამით შემომხედა და ვითომც არ ვარსებობდი ჯეიმისკენ გადაიტანა ყურადღება.
– მალე კარგად უნდა გახდე, თორემ აკლიხარ გუნდს.
გუნდს? გავიფიქრე ჩემთვის. ალბათ, ცეკვის ჯგუფთან რაღაც კავშირში იყო ვენდი..რისი გაგებაც, ვაღიარებ, დიდად არ მესიამოვნებოდა.
– ამ..მე წავალ. გამოჯანმრთელდი. – ვუთხარი ჯეიმის და სანამ პასუხს გამცემდა, ავდექი, ზურგი ვაქციე და კარებისკენ ავიღე გეზი.
კარებში კვლავ დინი იდგა, ჩაის ჭიქა ეჭირა ხელში და სანამ გვერდს ავუვლიდი კარგად გავიგე მისი სიტყვები :
– მაგარი შტერია ჩემი ძმაკაცი.
***
უნივერსიტეტი. გამოცდები.
ორი სიტყვა, რომლის გვერდიგვერდ განლაგება და მათზე ფიქრიც კი ტვინს მტკენს. უამრავი არა საჭირო ინფორმაცია (ბოდიშს ვუხდი ჩემს ლექტორებს) , რომელიც ჩემს საწყალ ტვინში უნდა დაილექოს და გამოცდიდან მეორე დღეს უკვე უნდა დამავიწყდეს, ისედაც უაზრო ფიქრებისგან გადაღლილ გონებას კიდევ უფრო მიღლის და კონსპექტებში ჩამძვრალს ის აზრიც მებადება, რომ დიპლომი არ მჭირდება.
როცა ვხვდები, რომ მეტი აღარ შემიძლია პაუზას ვაკეთებ და ყავის მოსადუღებლად გავდივარ ჩემს პატარა სამზარეულოში. ყავა არ მიყვარს, ჩაი მირჩევნია, მაგრამ თავის მოტყუების მიზნით და იმაზე ფიქრით, რომ ყავა აფხიზლებს, მის მოდუღებას ვიწყებ.
ორ დღეში სერიოზული გამოცდა მაქვს ფილოსოფიაში და თუ დღეისთვის განკუთვნილ სასწავლო მასალას საკმარის დროს არ დავუთმობ, ძალიან ცუდ ადგილას ამოვყოფ თავს.
ეს მახსენდება და აზრზე მოვდივარ, რომ წუწუნის დრო არ არის.
ყავის ჭიქით ხელში კვლავ დიდი ოთახის სავარძელზე მიყრილ კონსპექტებს ვუბრუნდები და მეცადინეობას ვაგრძელებ. ჰო, საწერ მაგიდასთან რატომღაც ვერასდროს ვმეცადინეობ.
გაუაზრებლად ვკითხულობ რამდენჯერმე ერთი და იმავე წინადადებას, დამახსოვრებას ვცდილობ და თან წინ, ფანჯარაში ვიყურები.
ჯეიმის სახლი ჩემი ფანჯრიდან კარგად მოჩანს. ვხედავ, რომ ერთერთ ოთახში შუქიც ანთია, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს ახლა სახლშია თუ არა და საერთოდ რას აკეთებს.
გუშინ საღამოს მისი მონახულების შემდეგ აღარ შემხმიანებია. რაღაცნაირად გული მეტკინა და რატომღაც მეგონა, რომ ჩვენი შეხვედრის მერე ისევ იგივე სიხშირით მომიკითხავდა, როგორც ადრე.
სამწუხაროდ, შევცდი და სავარაუდოდ მალე იმ ფაქტსაც უნდა შევგუებოდი, რომ ჯეიმიმ ჩემთან მეგობრობის ინტერესი დაკარგა, რომ სავარაუდოდ მიხვდა თუ რამდენად მომწონდა ის და რომ….
აჰ, ისევ სხვა ყველაფერზე დავიწყე ფიქრი სამეცადინოს გარდა.
“ფილოსოფია – წერდა ბერტრან რასელი – უნდა შეისწავლებოდეს არა ზუსტი პასუხებისათვის იმ კითხვებზე, რომლებსაც ის სვამს, ვინაიდან, როგორც წესი, არავითარი ზუსტი პასუხის შეცნობა არ შეიძლება, არამედ…”
ჩემი მონოტონური საუბარი მობილური ტელეფონის მესიჯის ხმამ შემაწყვეტინა.
ეკრანს დავხედე და გამიკვირდა, როცა ანაბელის სახელს მოვკარი თვალი.
ამდენი ხნის შემდეგ პირველად გამომეხმაურა სოციალურ ქსელში.
დავალებასთან დაკავშირებით მკითხა რაღაც, მაგრამ მისი ჩემთან დაკონტაქტების სურვილი მაინც მაკვირვებდა და გულის სიღრმეში მიხაროდა კიდეც.
ალბათ, უცნაურია ჩემი სიხარული, მაგრამ იმდენად მიჩვეული ვიყავი მარტოობას და ხალხთან კონტაქტისთვის თავის არიდებას, რომ ანაბელთან საერთოს გამონახვა ძალიან უცნაურ და საინტერესო გამოწვევად მიმაჩნდა.
როცა ანაბელთან სასაუბრო თემა ამოიწურა კვლავ დავუბრუნდი საგამოცდო საკითხს და ხმამაღლა კითხვა განვაგრძე :
“ფილოსოფია – წერდა ბერტრან რასელი…”
ისევ შემაწუხებელი მესიჯის ხმა!
როგორც ჩანს დღეს მეცადინეობა არ იყო ჩემი ბედი.
უკვე მეორეჯერ გაუაზრებლად დავხედე მობილურის ეკრანს იმ განწყობით, რომ ვინც არ უნდა ყოფილიყო ვუპასუხებდი და შემდეგ სამუდამოდ გამოვურთავდი ტელეფონს ხმას.
ამ შემართების მიუხედავად, როგორც კი მესიჯის ადრესანტის სახელს მოვკარი თვალი ყველანაირი გამოცდა და ყოფიერი საზრუნავი გადამავიწყდა.
Minmin : “ელისჯ რას აკეთვე?”
ეს სიტყვები ორჯერ გადავიკითხე და როცა ვერანაირი აზრი ამ წინადადებიდან ვერ გამოვიტანე, ჯეიმისთან გადარეკვა გადავწყვიტე.
ორი ზარი გავიდა თუ არა მიპასუხა :
– ჰელოოოოუ. – ოდნავ ჩახლეჩილი ხმით მითხრა და მაშინვე მივხვდი, რომ ნასვამი იყო.
– ჯეიმი?
– ჰე-ლოოოუ ელისაბედ. – საყვარლად ჩაიცინა მეორე ხაზზე და ზუსტად წარმოვიდგინე როგორ მოეჭუტა თავისი ღიმილიანი თვალები.
– ელისაბედ? ეს უკვე ახალია. – მეც გამეცინა და ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა. ძალიან მახარებდა ის ფაქტი, რომ ამჯერად თვითონ შემეხმიანა, იმის მიუხედავად მთვრალი იყო თუ არა.
– ჰოო მიყვარს სიახლეები. – თქვა და ჩაახველა.
– რამდენი დალიე? – პირდაპირ ვკითხე.
– მე?
– არა მე. – თვალები ავატრიალე, მაგრამ მივხვდი ვერ დამინახავდა.
– ჰმმმმ… შენ არ ვიცი რამდენი დალიე – ძლივს წარმოთქვა ეს წინადადება და მივხვდი, რომ მართლაც წასული იყო მისი საქმე.
– რა მომწერე ვერ მივხვდი.
– მოგწერე რო… ჩემთან გადმოდი. – მითხრა და ადგილზე გავშრი. სავარძლიდან წამოვდექი და ფანჯარას მოუახლოვდი იმის იმედით, რომ მის სილუეტს მაინც მოვკრავდი თვალს.
– ამ.. ვმეცადინეობ.
– პფფ.. რა დროს მეცადინეობაა, შაბათია.
– ორშაბათია ჯეიმი. – სერიოზული ტონით ვუთხარი, ვითომც არაფერი მაღელვებდა. სინამდვილეში კი ადგილზე ხტუნაობა დავიწყე. ვნერვიულობდი და არ ვიცოდი დღის ბოლოს მართლა მასთან სახლში ამოვყოფდი თავს თუ არა.
– კაი რა ელისსს. ცუდად ვარ, არ გახსოვს?
– მე მახსოვს, შენ როგორც ჩანს არა.
-რატომ? – გაკვირვებულმა მკითხა.
– იმიტომ, რომ ცუდად ხარ და მაინც დალიე.
– ელისსს.. – ისე საყვარლად დაიწუწუნა და ისე ესიამოვნა ჩემს ყურებს მისი პირით წარმოთქმული ჩემი სახელის გაგონება, რომ ვიცოდი რამდენიმე წამში მის გვერდით გავჩნდებოდი.
– რა?
– მოდი რა..ბიჭები ვარჯიშის მერე დასალევად წავიდნენ… მე კიდე… მე კიდე მარტო ვარ და მოვიწყინე. – წარმოვიდგინე წუწუნისას წინ როგორ წამოწია ქვედა ტუჩი.
– მერე სხვას თხოვე გაგართოს, მე ვმეცადინეობ. – თავში ხელი შემოვირტყი ეს წინადადება რომ წარმოვთქვი. სინამდვილეში ყველაზე მეტად მინდოდა მის გვერდით ყოფნა. მაგრამ ნასვამ მდგომარეობაში ჯეიმის ნახვა არ ვიცი რამდენად კარგი იდეა იყო.. ნასვამი თან არასოდეს მინახავს.
– სხვა არ მინდა. – სერიოზული ხმით წარმოთქვა ეს სიტყვები და იმ მომენტში მივხვდი, რომ წინააღმდეგობას უბრალოდ ვერ გავუწევდი. ვერც მას და ვერც საკუთარ თავს.
– კარგი.
– კარგი? – სიხარულით გაიმეორა ჩემი სიტყვები.
– ჰო გადმოვალ, ოღონდ მარტო 1 საათით. – ვიცოდი, მასაც ვატყუებდი და საკუათარ თავსაც.
– ჯერ მოდი და წასვლაზე მერე იფიქრე.
ბოლო წინადადება ბევრად უფრო გამართულად წარმოთქვა, ტელეფონი გამითიშა და ჟრუანტელმა დამიარა, როცა მივხვდი, რომ რამდენიმე წუთში მასთან პირისპირ შეხვედრა მომიწევდა.
***
ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა…. ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა… რა მარტივი ამოცანაა თითქოს. ახლა კი რა რთულად მეჩვენება ეს ყველაფერი.
ქურთუკს ვიცვამ და ზემოდან გრძელ ყვითელ შარფს ვიკეთებ. სახლში დაბრუნებისას დაბანილი, ჯერ კიდევ ცოტა სველი თმები ამჯერად დაწნილი მაქვს, იმის იმედით, რომ ხვალ კულულებით გავიღვიძებ… ჩემს ოთახში შევდივარ და მივიწყებულ დიდ და შავ მრგვალ საყურეებს ვიკეთებ..
როდესაც მოწესრიგებას ვამთავრებ სარკეში ვიყურები და ჩემს თავს ვათვალიერებ. ვაღიარებ, და მიკვირს კიდეც, რომ ამჯერად იმედგაცრუებული არ ვრჩები.
ზოგადად საკუთარი თავი ხშირად არ მომწონს, ყოველთვის ვპოულობ რაიმე დეტალს, რომელიც ჩემს გარეგნობაში მაღიზიანებს…შეიძლება 100 წყვილი ტანსაცმელი მოვიზომო და არც ერთი მათგანი არ მომეწონოს… მაგრამ ამჯერად, ყველაფერი სხვანაირადაა.. დიდ სარკეში კვლავ ვუყურებ საკუთარ თავს და ცუდს ვერაფერს ვხედავ. უცნაურია.
ბედნიერი ვარ და ალბათ, ეს უნდა იყოს ამის მიზეზიც. ვფიქრობ ჩემთვის.. ძალიან მიხარია, რომ საღამოს იმ ადამიანთან ერთად გავატარებ, რომლის გვერდითაც ყველაზე ბედნიერად და სრულყოფილად ვგრძნობ თავს… ნეტავ მანაც იცოდეს ეს ყველაფერი.
ვფიქრობ, გაუხარდებოდა… გაუხარდებოდა არა ის, რომ ჩემი გრძნობები მის მიმართ მეგობრულ სიყვარულს აღემატება, არამედ ის, რომ ძალიან მნიშვნელოვან პიროვნებას წარმოადგენს ჩემთვის.. რომ ჩემს დეპრესიას, საკუთარ თავში ჩაკეტილობას, უკმაყოფილებასა და ნეგატიურ ემოციებს ჩემ მაგივრად ამარცხებს.
მასთან ურთიერთობისას ელი სხვანაირია. უფრო თავდაჯერებული და ამაყიც, რომ ესეთი მეგობარი ყავს. მეგობარი, რომელიც ხელს უწყობს მას, რომ თავი სრულყოფილად იგრძნოს.. რომ დაანახოს გზა სრულყოფილებისკენ, საკუთარი თავის სიყვარულისკენ.
ჩემი მეგობარი ჯეიმი ზუსტად ასეთია. ბედნიერების მომტანი და დადებითი მუხტის მატარებელი, ცისარტყელას ფერებისნაირი აურის მქონე..თბილი და უბრალოდ კარგი ადამიანი.
მალევე ვხვდები, რომ მასზე ფიქრს სახლში დაბრუნებისასაც გავაგრძელებ, ამიტომ სანამ ჩემს მეგობარს ჩემი მიპატიჟება არ გადაუფიქრია, ჯობია მალევე ვესტუმრო.
სახლის კარებს გარედან ვკეტავ და თან ორჯერ ვამოწმებ, ნამდვილად ჩაიკეტა თუ არა. როცა ვხვდები, რომ ყველაფერი წესრიგშია, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გადავდივარ და ჯეიმის სახლს ვუახლოვდები.
გარეთ სიცივეა, მაგრამ როდესაც ნორტფორდის ჰაერს ღრმად ვისუნთქავ, მსიამოვნებს და ამინდითაც კმაყოფილი ვრჩები. როგორც ჩანს, ჯეიმის ზარსა და მასთან მოსალოდნელ შეხვედრას მართლაც შეუძლია შავ-თეთრი, უფროსწორად ნაცრისფერი, დღეების გაფერადება.
კარებს ვუახლოვდები და ვფიქრობ, მობილურზე მივწერო თუ პირდაპირ ზარი დავრეკო. საბოლოოდ გამბედაობას ვიკრებ და ზარს ვრეკავ…
მუცელში სიმხურვალეს ვგრძნობ, სიმხურვალე მალე ლოყებშიც ადის და სანამ ეიფორია ბოლომდე მომიცავს, ფეხის ნაბიჯების მოახლოვების ხმას ვიგებ და მალევე შემოსასვლელი კარებიც იღება.
ჯეიმის მხოლოდ თავი აქვს სანახევროდ გამოყოფილი და ერთი წამით იმასაც ვუშვებ, რომ არაფერი აცვია და ამიტომ იმალება.
თვალები უბრწყინავს და ისეთი განცდა მეუფლება, რომ ჩემი დანახვით ისიც ისეთივე ბედნიერია როგორც მე.
დაბნეული ვუყურებ და ველოდები როდის შემომიპატიჟებს..
მალე თვალები ეჭუტება, ეცინება და კარს უკვე ფართოდ აღებს. სერი მოკლემკლავიანი მაისური და შავი სპორტული შარვალი აცვია. ვერცხლისფერი თმები, რომელიც უკვე ქერაში გადადის, აჩეჩილი აქვს.. მე კი მისი შემხედვარე უდიდესი სურვილი მიჩნდება იმის, რომ მის რბილ თმებში ხელი შევაცურო და კიდევ უფრო მეტად ავუჩეჩო. მალევე ვამჩნევ და მახსენდება, რომ ფეხი თაბაშირში აქვს. ცალი ხელით ჯოხს ეყრდნობა და ამ სანახაობაზე გული მიკვდება.
ამის მიუხედავად ბედნიერი ჩანს…რაც სასმლის ბრალია, ალბათ…
– არ შემომიშვებ? – საბოლოოდ ვარღვევ დუმილს.
– ნწ. ჯერ არა. – თავს აქნევს და ისევ ეცინება. ვერ ვხვდები რას ცდილობს.
-ჰმმ.. ანუ წავიდე? – ხელით უკან, ჩემი სახლისკენ ვანიშნებ.. ჯეიმის სახე უსერიოზულდება, უცბად მაჯაზე ხელს მკიდებს და თავისთან ახლოს მწევს.
უცაბედ კონტაქტზე გული მიჩქარდება და მისი შეხებისას მგონია, რომ დენის ტალღა გადის ჩემს სხეულში. ნეტავ ხვდება თუ არა რამხელა გავლენა აქვს ჩემზე…
– ვხუმრობ. – ხრინწიანი ხმით მეუბნება, ჩემ უკან კარებს კარებს კეტავს და მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ უკვე მის სახლში ვარ.
ჯეიმი ჩემკენ ტრიალდება და ისევ მიღიმის. არ ვიცი სპეციალურად აკეთებს ამას თუ უბრალოდ სასმლის ზემოქმედების გამო მიყურებს ასე, მაგრამ ფაქტია, უცნაურად იქცევა და ვერ ვხვდები რას ელოდება ჩემგან.
– ფეხი როგორ გაქვს? – თაბაშირში ჩასმულ ფეხს ვუყურებ და როცა კითხვას ვუსვამ, მომენტალურად სევდიანდება.
თავს დაბლა ხრის და ჩუმად მეუბნება :
– ნერვებს მიშლის.
ამასობაში მე ქურთუკს ვიხდი და შემოსასვლელში საკიდზე ვკიდებ. ჯეიმი კვლავ კარებთან ატუზული და მოწყენილი დგას.
– უკეთ არ გრძნობ თავს? – ხელახლა ვეკითხები და ჯეიმი მზერას მისწორებს.
– არ ვიცი. ამ ფეხის დედაც. ჯერ არ მეუბნებიან როდის შევძლებ ვარჯიშს.
– კაი, დღეს მაგაზე არ იფიქრო. – ვეუბნები და უხერხულად ხელებს შარვლის უკანა ჯიბეებში ვიწყობ. ჯეიმის სახეზე ნაცნობი ღიმილი ბრუნდება, ჯოხზე დაყრდნობილი მიახლოვდება და ამბობს :
– ხო დალევ ჩემთან ერთად? – სახეზე მათვალირებს, ჩემს პასუხს ელოდება.
– ვერა.. ხვალ უნივერსიტეტში მივდივარ.
-დაიკიდე.
– ჰა-ჰა. რა სასაცილოა. -თვალებს ვატრიალებ და სანამ წინააღმდეგობას გამიწევს ვამატებ :
– ისე, მგონი ჯობია დაჯდე.
– არ წახვიდე ხვალ და ერთად დავლიოთ. გთხოვ. – მუდარით სავსე თვალებით მიყურებს… მე კი უძლური ვხდები და უარის თქმა მიჭირს.
ჯეიმისთან წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს. ამაში მასთან პირველივე შეხვედრის შემდეგ დავრწმუნდი. იმ დღეს, როცა უფლება არ მომცა დიდი ჩემოდნებით დატვირთულს, აეროპორტიდან სახლამდე მარტო წავსულიყავი.
სწორედ ასე აღმოვჩნდი ახლაც მის სახლში, დიდ ოთახში სავარძელზე ლუდის ჭიქით ხელში მოკალათებული. დაბალ ხმაზე მუსიკაა ჩართული, ჯეიმი ჩემ გვერდით ზის და კმაყოფილი ჩანს, მე კი ღიმილი ყურებამდე ამდის მის მიერ წარმოთქმული თითოეული წინადადების გაგონებისას. მიუხედავად იმისა, რომ ნასვამ მდგომარეობაში წესიერად სიტყვებსაც კი ვერ აბამს ერთმანეთს…
– ვილაპარაკოთ. – მოულოდნელად მეუბნება, რაზეც სიცილს ვერ ვიკავებ. უსაყვარლესია, როცა მთვრალია.
– ისედაც ვლაპარაკობთ, ჯეიმი.
-არა. გულახდილად ვილაპარაკოთ. – ლუდის ბოთლს ტუჩებზე იყუდებს, მერე მაგიდაზე დებს და ჩემკენ ტრიალდება.
სერიოზულია და სიმპატიური. ხელებზე ძარღვები ეტყობა, რამდენიმე ბეჭედიც უკეთია მარჯვენა ხელზე და რაც უფრო დიდხანს ვაკვირდები, კიდევ უფრო ხშირად მახსენდება ის ფაქტი, რომ მომწონს და რომ… მას არ მოვწონვარ.
– კარგი, ვილაპარაკოთ. – მეც უბრალოდ ვთანხმდები და სევდას უფლებას არ ვაძლევ, რომ ბოლიმდე მომიცვას. ალკოჰოლის ბრალია.. ოდნავ ჩაუშვებ ორგანიზმში და მაშინვე მაზოლზე უნდა დაგაჭიროს ფეხი.
ჩემი თავდაჯერებულობაც თითქოს გაქრობას იწყებს და ქვეცნობიერი მახსენებს, რომ მას სხვანაირად არასდროს მოვეწონები.
– როგორ ფიქრობ, წარმატებას მივაღწევ? – ჯეიმის სიტყვები მისკენ მახედებს და ვერ ვხვდები ამას რატომ მეკითხება.
– ეგ ძალიან ზოგადი კითხვაა.
– ასეთი ფეხით, შენი აზრით, მალე შევძლებ ვარჯიშის გაგრძელებას? – წარბები შეჭმუხნული აქვს და ისე მეკითხება. მედიცინაში არაფერი მომეკითხება, ზუსტად ისიც არ ვიცი რამდენად ცუდ მდგომარეობაში აქვს ფეხი.. ჯეიმიმაც იცის, რომ ჩემს პასუხს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მალე იმასაც ვიაზრებ, რომ მას უბრალოდ მხარდაჭერა და დაიმედება სჭირდება.
– რა თქმა უნდა, რომ შეძლებ. – დამაჯერებლად ვპასუხობ და ვხედავ, რომ თვალები უბრწყინდება. ახლა პატარა ბავშვივითაა და ვიცი, ბოლომდე ენდობა ჩემს სიტყვებს.
– მართლა?
– კი, ვფიქრობ, რომ მართლა. – მეღიმება და სანამ არ გავწითლდები, ლუდის ჭიქაზე გადამაქვს ყურადღება და რამდენიმე ყლუპს ვსავ.
– როცა ვიცი… როცა ვიცი, რომ ბიჭები ეხლა ვარჯიშობენ და მე ესე…აჰ.. ესე უმოქმედოდ ვზივარ.. არ მინდა. – ბოლის თითქოს ხმა უწყდება და მინდა ჩავეხუტო.
ჩავეხუტო?…. ოდნავ მისკენ ვიწევი, მაგრამ უაკნ ვიხევ. არა, ამას ვერ ვიზამ… უხერხულია….
– მესმის, რთულია, მაგრამ… რამენაირად ეცადე ამაზე არ იფიქრო.. – ვიცი, ადამიანების დამშვიდება არ გამომდის.
– კარგია… რომ აქ ხარ. – მეუბნება და მზერას კვლავ არ მაშორებს. მგონია ავფეთქდები, თუ საუბრის თემას არ შევცვლით.
– მეტი აღარ დალიო… – ვეუბნები, როცა მის მიერ ჩაცლილ ბოთლს ვუყურებ.
– ჰო. აღარ დავლევ. – შეწინააღმდეგების გარეშე მთანხმდება.
მუსიკა ჩუმდება და სანამ შემდეგი ჩაირთვება უხერხული სიჩუმე ისადგურებს. ვთქვი ერთ საათში წავალ-მეთქი, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში მისი მარტო დატოვება არ შემიძლია.
ისეთი მოწყენილი ჩანს, შეგრძნება მრჩება, რომ აქ რომ არ ვიყო, რაღაცას გააფუჭებდა.
– ნაითვილი გენატრება? – ვეკითხები თემის შეცვლის მიზნით, მაგრამ ჯეიმი ყურადღებას არ მაქცევს, პასუხს არ მცემს და ამის სანაცვლოდ, კითხვას მიბრუნებს, რომელიც მიწას მაცლის ფეხებ ქვეშ :
– გყვარებია? – მისთვის დამახასიათებელი ჟესტით, ენით ტუჩებს ისველებს და სახეზე მათვალიერებს… გული ამოვარდნაზე მაქვს და სიმხურვალეს ვგრძნობ ლოყებში. არ მინდა დაძაბულობა შემატყოს, ამიტომ სწრაფადვე ვპასუხობ..