– არამგონია.
– არაგგონია? – ეცინება, სახე ოდნავ კიდევ უფრო ახლოს მოაქვს და ისე მიყურებს შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩემს სულში იხედება. მინდა გულახდილად ვუპასუხო და ვუთხრა, რომ არამგონიაში ჩემ მისდამი დამოკიდებულებას ვგულისხმობ… რომ მგონი მიყვარს და ამის გამო ბოლომდე უსიყვარულობას ვერ დავიჩემებ.
– ჰო. ალბათ, უფრო არა. შენ? – კითხვას ვუსვამ და სავარძელში ვსწორდები, მისი სიახლოვე მკლავს და მინდა ეს თემა მალე შევცვალოთ, რადგან ალკოჰოლიც თავისას შვება და რაღაც ძალა მაიძულებს გამოვუტყდე გრძნობებში. იმედი მაქვს ასე არ მოხდება.
– რას ნიშნავს, ალბათ? ამიხსენი. – მეგონა ჩემს კითხვას უპასუხებდა, მაგრამ ამის მაგივრად ჩემი პასუხით უფრო დაინტერესდა. იმედია ვერ ხვდება ვერაფერს. ლოყებში სიმხურვალეს ვგრძნობ და მზერას ვაშორებ. ფანჯრისკენ ვიხედები და ისე ვამბობ :
– ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ. ალბათ, მაგას ნიშნავს.
– ანუ ვერ ხვდები ის ადამიანი გიყვარდა თუ არა? – წარბები შეჭმუხნა, ისეთი სახე მიიღო თითქოს ძალიან სერიოზულ ამოცანას ხსნიდა. უსაყვარლესი იყო.
– ჰო.. შენი აზრით, როგორ უნდა მიხვდე? – ლუდის ჭიქა ავიღე ხელში და უკანასკნელი ყლუპები ჩავცალე.
– გიყვარს თუ არა?
– ჰო.
– თუ ხშირად ფიქრობ მასზე, განსაკუთრებით ღამე ძილის წინ, მაშინ გიყვარს.
– ღამე ბევრ რაღაცაზე ვფიქრობ. – ჩამეცინა.
– ჰო, მაგრამ მაგ ბევრი რაღაციდან უფრო მეტს თუ მასზე ფიქრობ, გიყვარს.
– ჰმ, ამას შენი გამოცდილებიდან ამბობ?
– არა. მე დანამდვილებით ვიცი, რომ არ მყვარებია. – მითხრა და მისმა სიტყვებმა უკანასკნელი იმედიც გადამიწურა. ეტყობოდა, რომ გულახდილი იყო.
– ანუ შეყვარებული არასდროს გყოლია? – ალბათ, უაზრო შეკითხვა დავუსვი. ბიჭებს ჰყავთ შეყვარებულები, რომლებიც არ უყვართ. გოგოებსაც ჰყავთ შეყვარებულები, რომლებიც არ უყვართ. მე კი ამ კატეგორიის შეყვარებულებს ვერ ვიტან.
– არა.
– იტყუები. – სიცილით ვუთხარი. ის აღარ დავაყოლე, რომ ვერ წარმომედგინა მისნაირი ბიჭი აქამდე გოგოებს მარტო დაეტოვებინათ. მინდოდა ვენდიზეც მეკითხა, მაგრამ ჯერჯერობით თავი შევიკავე.
– ურთიერთობა მქონია, მაგრამ შეყვარებული არასდროს. რატომ გიკვირს? შენც მარტო ხარ. – ეს სიტყვა თქვა და მომეჩვენა, რომ ტუჩებზე დამხედა. მუცელში უცნაური შეგრძნება დამეუფლა და ყურადღების გადასატანად უცბად ვკითხე :
– ვენდი?
– მეგობარია. – ხელით თმა აიჩეჩა და სერიოზული სახით მომაშტერდა. საერთოდ ვერ ვხვდებოდი ამ თემაზე ეხლა რატომ ვსაუბრობდით.
– შორიდან სხვანაირად ჩანს. – ვთქვი და იმ წამსვე ვინანე ჩემი სიტყვები.
– რატომ? ჩვენც მეგობრები ვართ. გგონია ჩვენი ურთიერთობა შორიდან სხვანაირად ჩანს? – თვალები მოჭუტა და ცინიკური სახით შემომხედა. არ მესიამოვნა.
– კალთაში რომ გიჯდებოდე, შენს თმებს ხელით ვათამაშებდე და ისე გიყურებდე თითქოს შენ გარდა სხვა არავინ მაინტერესებს, მაშინ კი, ალბათ, სხვანაირად გამოჩნდებოდა. – ერთი ამოსუნთქვით მივაყარე ეს სიტყვები და ძნელი მისახვედრი არ იქნებოდა თუ რამდენად მაღიზიანებდა მათი ყველა ასეთი სცენა.
– ოჰო, მგონი ბევრს გვაკვირდებოდი იმ დღეს. – ლუდის ახალი ბოთლი გახსნა. შემპირდა მეტს აღარ დალევდა, მაგრამ ამჯერად ამის შეხსენებას მისთვის აღარ ვაპირებდი.
– არც ისე. დასაკვირვებლად სხვა მეგობრები უკეთესი გყავს. – ჩემი პასუხით კმაყოფილი დავრჩი, ჯეიმი – ნაკლებად. პასუხი არ გამცა. ლუდის ჭიქა ტუჩებთან მიიტანა და ბოლომდე ჩაცალა.
– ჯობია მეტი აღარ დალიო.
– მაგას მე გადავწყვეტ. – უხეშად მიპასუხა. თითქოს მთლიანად შეეცვალა ხასიათი.
– კარგი, როგორც გინდა. – ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და მალე უხერხულ სიტუაციას ისიც დაემატა, რომ უცბად მუსიკა გაჩუმდა სანამ შემდეგი სიმღერა ჩაირთვებოდა… ჩვენ შორის ჩამოვარდნილ დუმილი კი მეგონა საუკუნეს გაგრძელდა.
– ცეკვა მიყვარს. – მუსიკის ჩართვისთანავე ჯეიმიმ ჩუმად და სევდიანი ხმით ჩაილაპარაკა ეს სიტყვები. ჩუმად, მაგრამ საკმარისად იმისთვის, რომ მეც გამეგო.
– მალე ისევ იცეკვებ. – მივხვდი კვლავ თაბაშირში ჩასმულმა ფეხმა შეახსენა თავი და მინდოდა როგორმე ეს ტკივილი მისთვის შემემსუბუქებინა.
– მე ეხლა მინდა. – პატარა ჯიუტი ბავშვივით დაიწუწუნა. ცალი ხელით თვალი მოისრისა, ძილმორეული და ნასვამი კიდევ უფრო საყვარელო იყო.
– იმიტომ გინდა, რომ იცი არ შეგიძლია. ფეხი ჩვეულებრივად რომ გქონდეს ამ შუაღამეს არ მოგინდებოდა. – ჩემი ჭკუით გავამხნევე.
– მომინდებოდა. შენთან ერთად ვიცეკვებდი. ზუსტად ამ სიმღერაზე. ამ შუა ღამეს. – სანახევროდ გამიღიმა მე კი გული მუცელში ჩამივიდა. სავარაუდოდ გავწითლდი და ვერ ვხვდებოდი ჩვენი დიალოგი რა მიმართულებით აიღებდა გეზს.
– ცუდი მოცეკვავე ვარ, ამიტომ პარტნიორად არ გამოვდგებოდი. – სიცილით ვუთხარი, სიტუაციის განეიტრალება მინდოდა.
– შეიძლება საუკეთესო მოცეკვავე იყოს შენი ცეკვის პარტნიორი, მაგრამ თუ ერთმანეთს ვერ გრძნობთ არაფერი გამოვა.. – თქვა და ჭიქა მაგიდაზე დადო. მისი სიტყვები ცეცხლს მიჩენდა ორგანიზმში. იმედი მაქვს ამას ვერ ხვდებოდა. სანამ ვუპასუხებდი დაამატა :
– ცეკვა ურთიერთობაა. ურთიერთობა მუსიკასთან და შენს პარტნიორთან. ორივეს ბოლომდე უნდა გრძნობდე. მე კი ვფიქრობ, მუსიკას და შენ ყველაზე უკეთ ვგრძნობ. – მიყურებდა. თვალებით მაშიშვლებდა და იმ წუთებში უკვე კარგად ვხვდებოდი, რომ თვითონაც იცოდა რასაც მიკეთებდა.
– რას გულისხმობ? – მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე.
– როცა ფეხის ამბავი გამივლის გაჩვენებ..
– კარგი.
კვლავ დუმილი… მივხვდი ადგილზე ავფეთქდებოდი ცოტა ხნით რომ არ განვმარტოვებულიყავი, ამიტომ მარტივი გამოსავალი ვიპოვე.
– ორი წუთით საპირფარეშოში გავალ.
როგორღაც ავდექი სავარძლიდან და საპირფარეშოს კარებამდე მივაღწიე. გული კისერში მიცემდა. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, მაგრამ ჯეიმის უკანასკნელმა სიტყვებმა და მისმა მზერამ სხვა სიგნალები მოიტანა ჩემამდე.
ნეტავ არსებობდა იმის შანსი, რომ მასაც მოვწონდი? იქნებ მეჩვენებოდა ან უბრალოდ სასმლის და ჰორმონების ბრალი იყო? იქნებ მართლა როგორც საუკეთესო მეგობარს ისე მოყურებდა და ასე გამოხატავდა თავის სიახლოვეს?
“ვფიქრობ მუსიკას და შენ ყველაზე უკეთ ვგრძნობ“. ეს სიტყვები გაუჩერებლად მეორდებოდა ჩემს ტვინში… კარგად ვიცოდი ცეკვა და მუსიკა რამდენს ნიშნავდა მისთვის.. ჩემი თავის მუსიკასთან გაიგივება კი ერთდროულად უცნაური და ამაღელვებელი იყო. რას მიკეთებ ჯეიმი?
სახეზე წყალი შევისხი. ღრმად ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე და მასთან შესახვედრად გავემზადე. გადავწყვიტე სახლში მალე დავბრუნებულიყავი..თორემ ამდენი უხერხული მომენტის ტვინში გამეორება მთელი კვირის განმავლობაში დამტანჯავდა.
თავს დავაჯერე, რომ სანერვიულო არაფერი იყო და რომ მე და ჯეიმის შორის არანაირი დაძაბულობა და უხერხულობა არ არსებობდა. ის ჩემი მეგობარი იყო, ძალიან ახლო და მნიშვნელოვანი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში. ჯეიმისთვის მეც იგივე ვიყავი, უბრალოდ ახლო მეგობარი და მეტი არაფერი. მისი სიტყვებისთვის, რომელიც სიმთვრალეში წამოცდა, კუდის გამობმა კი ძალიან არასწორი საქციელი იქნებოდა ჩემი მხრიდან.
ვაღიარებ, ჩემს ადგილზე ვინმე სხვა გოგოს შეიძლება ეს სიტუაცია უკეთ გამოეყენებინა. ცოტა ფლირტს მაინც გააბავდა ბიჭთან, რომელიც სიგიჟემდე მოსწონდა…რომელიც ნასვამი იყო და ამ დროს მასთან ერთად ატარებდა. მაგრამ მე ეს არ შემეძლო.. რომც შემეძლოს არ ვიზამდი ამას. სიტყვა სიტუაციის გამოყენება უკვე ცუდად ჟღერს ჩემთვის. თუ ოდესმე ვინმესთან ურთიერთობა მექნებოდა ჩემი მხრიდან “შებმის” ტექნოლლგიების გამოყენებით არ და ვერ მოხდებოდა ეს.
როგორც კი გულის ცემის რიტმი ნორმას დაუბრუნდა კარების სახელური ჩამოვწიე.. ერთი ნაბიჯის გადადგმა იყო საჭირო, რომ დიდ ოთახში გასასვლელ კარებამდე მისულიყავი, ამ ერთი ნაბიჯის მოშორებით კი ჯეიმი იდგა. ჯოხს ხელით ეყრდნობოდა, ზურგი კი კედელზე ჰქონდა მიდებული. ადგილზე გავშრი, რადგან აქ არ ველოდებოდი. მეგონა ისევ სავარძელზე მოკალათებული დამხვდებოდა.
კარები გამოვიხურე, ჯეიმი კი ფეხს არ იცვლიდა, ფაიფურის ფიგურასავით გაშეშებული იდგა და უბრალოდ მიყურებდა. თვალები ოდნავ ჩაწითლებული ჰქონდა, ხელზე რომლითაც ჯოხს ეყრდნობოდა ძარღვები გამოჰბეროდა. სიმპატიური იყო. იმდენად სიმპატიური, რომ საკმარისი გამბედაობის ქონის შემთხვევაში ამას აუცილებლად ვეტყოდი.
ნასვამ მდგომარეობაშიც კი იმდენად თვალის მომჭრელი იყო, რომ საბოლოოდ დავრწმუნდი მასთან არანაირი შანსი არ მექნებოდა. პამიდორივით გაწითლებული, ოდნავ აბურდული თმებით ვიდექი მის წინ და ყოველი წამის გასვლის შემდეგ ძალა მეცლებოდა ფეხებში. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ იმ წამს უსიტყვოდ მელაპარაკებოდა. სევდიანი სახე ჰქონდა, თითქოს საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდა რაღაცაში.
ნაბიჯის გადადგმას ვერ ვბედავდი, არადა შეიძლება მასაც უბრალოდ საპირფარეშოში უნდოდა და ჩემ გამოსვლას ელოდებოდა. მივხვდი, რომ ძალიან უაზროდ ვიქცეოდი.
უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ორი ნაბიჯი გადავდგი, მაგრამ სანამ დიდ ოთახში გადავინაცვლებდი ჯეიმიმ მაჯაზე ნაზად მომკიდა ხელი.
ჩვენი მხრები ერთმანეთს ეხებოდა. მისი სუნთქვა კარგად მესმოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავი ჩემკენ შემოატრიალა და ხელით ოდნავ უკან გამწია, რომ მზერა მისთვის გამესწორებინა.
გულის ცემა იმდენად ამიჩქარდა დარწმუნებული ვიყავი ისიც გაიგებდა. ოღონდ ეხლა დამეღწია თავი ამ ადგილიდან მშვიდობით და მერე, ალბათ, დალაგდებოდა ეს უხერხული სიტუაცია, რაც ჩვენ შორის ხდებოდა ამ წუთებში.
„ისე გიყურებს როგორც მეგობარს, გამორიცხულია აქ სხვა რამე ხდებოდეს.“ – ვფიქრობდი ჩემთვის და თან მოურიდებლად თვალებში ვუყურებდი.
ტუჩები ერთმანეთს დააშორა, რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ გაჩერდა. როგორ მინდოდა რამე ეთქვა, თუნდაც ერთი სიტყვა… მაგრამ ვერ გაბედა..
ჩემს მაჯაზე კვლავ თავისი თბილი ხელი ჰქონდა შემოხვეული. თვითმფრინავის ინციდენტის შემდეგ კი მისი ყოველი შეხება ჩემს ხელზე აზროვნების უნარს მაკარგვინებდა…
ახლა კიდევ უფრო მეტად მომიჭირა ხელი. თითქოს ჩემი გაშვება არ უნდოდა და ამ შეხებით რაღაცის მინიშნებას ცდილობდა. ვიცოდი ნასვამი იყო, მაგრამ გულახდილი. როგორც ყოველთვის. ჯეიმი არ ჰგავდა იმ ბიჭებს, რომლებსაც თამაში უყვართ. ან შეიძლება საკმარისად კარგად არ ვიცნობდი და მე მეგონა ასე. მაგრამ იმ წუთას ვიცოდი ამას თამაშში ასაყოლიებლად არ აკეთებდა. არადა მეც არ ვიცი რა იყო ის, რასაც აკეთებდა.. მიკეთებდა – უფრო სწორად რომ ითქვას.
სახე ახლოს მოსწია, მოურიდებლად მათვალიერებდა.. და მეც ვაკვირდებოდი მისი სახის თითოეულ დეტალს. ვერცხლისფერ თმებს, სიკეთით სავსე და ამავდროულად სევდიან ნუშისებრ თვალებს… ყველაზე მეტად მინდოდა გამეგო რა ხდებოდა ახლა მის თავში…
რაზე ფიქრობდა, რატომ მაკვირდებოდა… რატომ მაწვალებდა თუ არაფერი უნდოდა ჩემთან.
იმდენად ახლოს იყო მეგონა ჩემს გულს ნავთი დაასხეს და ცეცხლი მოუკიდეს. ერთდროულად მტკიოდა და სიამოვნებას მგვრიდა მისი თვალების ზემოდან ქვემოთ მოძრაობა. მისი შეხება და მისი სხეულის სიმხურვალე.
ჩემზე ერთი თავით მაღალი იყო, მაგრამ ახლა როცა ჯოხზე იყო დაყრდნობილი, მისი ტუჩები მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრით იყო დაშორებული ჩემგან.
მეგონა მაკოცებდა. ნეტავ იცოდეთ როგორ მინდოდა იმ წუთებში ეკოცნა.. თუნდაც ენანა შემდეგ ეს საქციელი ან სიმთვრალისთვის დაებრალებინა. მე ეს საერთოდ არ მაინტერესებდა.
იმდენად მომწონდა, რომ მისი ქმედების მიზეზების ძებნას არ დავიწყებდი. უბრალოდ დავტკბებოდი ამ მომენტით და უბედნიერეს გოგოდ ჩავთვლიდი თავს ჩემი პირველი კოცნა ჯეიმის რომ წაერთვა.
ახლოს არის, კვლავ მისი ცხელი სუნთქვა მელამუნება სახეზე, მაგრამ კოცნის მაგივრად დუმილს არღვევს და თითქოს ცოტა გაბრაზებული ტონით ამბობს :
– ცუდი მეგობარი ვარ.
ნერწყვს მძიმედ ყლაპავს და ხელს მიშვებს. მინდა ვუთხრა, რომ არ არის ცუდი მეგობარი, რომ შეგვიძლია ვცადოთ სხვანაირი ურთიერთობა, უფრო მეტი ვიდრე მეგობრობა.. რადგან ის მომწონს, ძალიან მომწონს..
პირს ვაღებ, რომ შევეწინააღმდეგო, რომ ვუთხრა არაფერი შეშლია, მაგრამ მისი შემდეგი სიტყვები ბოლოს მიღებს :
– მაიკლს მოსწონხარ.
თვალები გამიფართოვდა. არ ვიცი რა შეგრძნება დამეუფლა. მეწყინა? გამიხარდა? გული მეტკინა? ეს ყველაფერი ერთმანეთში მერევა. ფიქრებს და ემოციებს თავს ვერ ვუყრი. ვერც იმას ვხვდები ჯეიმი რას გრძნობს. რატომ მითხრა, რომ ცუდი მეგობარია?
ვის ცუდ მეგობრობას გულისხმობს? ჩემთვის არის ცუდი თუ მაიკლისთვის? ვიცი თუ აზრზე მინდა მოსვლა სახლში უნდა წავიდე. კისერში ბურთი მეჩხირება და არვიცი რატომ, მაგრამ გადაუდებელი ტირილის სურვილი მიჩნდება.
მინდა დავიცალო ემოციებისგან, ოღონდ არა მის თვალწინ. ჯეიმი ისევ კედელზე მოყრდნობილი დგას, სწრაფად სუნთქავს და თვალები ოდნავ უცრემლიანდება. მერე ძირს იხედება და ცოტა ხანში სერიოზული, უემოციო სახით მიყურებს.
– ამმ… გვიანია.. უნდა წავიდე, ხვალ ადრე ვარ ასადგომი. – მხოლოდ ამის თქმას ვახერხებ და შემოსასვლელი კარისგენ მივდივარ. საკიდიდან ჩემს ქურთუკს ვიღებ. მერე ჯეიმისკენ ვტრიალდები, რომელიც ნელნელა მიახლოვდება.
– კარგად. – ვცდილობ გავიღიმო. თვითონ არ მიღიმის. არ მინდა სევდიანი თავის ფიქრებთან მარტო დავტოვო. ისევ მე ვდარდობ მასზე.. რატომ ვფიქრობ ამდენს ამ ბიჭზე… იმედია ოდესმე ამ კითხვაზე პასუხს მივიღებ.
ქუჩაში სიწყნარეს ბიჭების სიცილი და ხმამაღალი ლაპარაკი არღვევს..მაგრამ სანამ იმის გააზრებას მოვასწრებ თუ ვინ არის, შემოსასვლელი ოთახის კარი იღება და დინი მაიკლთან ერთად შემოდის…
***
მაიკლთან შეხვედრა მოულოდნელი იყო. ძალიან, ძალიან მოულოდნელი.
ვიცოდი, რომ ჯეიმი დინთან და მაიკლთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ ამ საღამოს, ამ სიახლის გაგების შემდეგ არანაირი ალბათობით არ ველოდებოდი მასთან შეხვედრას.
უკვე აღარ მახსოვს გული რამდენჯერ ამიჩქარდა დღის განმავლობაში. მაგრამ ეს აჩქარება ცოტა სხვანაირი იყო. ვერ აღვწერ როგორი, მაგრამ სხვანაირი იყო…
პირველად შევხვდი პირისპირ ადამიანს, რომელზეც გავიგე რომ მოვწონდი.
მე მოვწონდი. ელი ვიღაცას მოსწონდა. თან ეს ვიღაც, უბრალოდ ვიღაც არ იყო.
მაიკლს არ ვიცნობდი, არანაირი შეხება არ მქონია მასთან გარდა მისალმებისა და დამშვიდობებისა, მაგრამ თავიდანვე ყველაზე დიდი ყურადღება ჯეიმის მეგობრებიდან მან მიიქცია.
ვენდისა და ჯეიმიზე ეჭვიანობის დროს, თითქოს სამაგიეროს გადახდის მიზნით მხოლოდ მასზე გამეფიქრა.. არ გამფიქრებია სებასტიანზე, არც ოლივერზე, დინზე ხომ განსაკუთრებით, რადგან ეს ბიჭი ყველაზე მეტად მაშინებდა…
მაიკლი კი სხვანაირი იყო. სხვებისგან მარტივად გამოარჩევდი და აუცილებლად გაგიჩნდებოდა მასთან კონტაქტში შესვლის სურვილი.
ვაღიარებ, ძალიან სიმპატიური იყო…და განსაკუთრებით საყვარელი მაშინ, როცა იცინოდა. ადამიანებს დიდხანს ვაკვკრდები, მიყვარს უცხო სახეების თვალიერება.. მისი სახე კი იმ დღეს, თამაშის დროს ყველაზე დიდხანს შევათვალიერე..
მაშინვე შევამჩნიე თვალის ქვეშ მისი პატარა შრამი. უხდებოდა… მის იდეალურ გარეგნობას ეს პატარა “ნაკლი” უფრო ამშვენებდა. კონტრასტული იყო..
სიმპატიური სახის გარდა მაიკლს სხეულიც დაკუნთული და ნავარჯიშები ჰქონდა. სასიამოვნო იყო მისი ყურება. იმ დღეს მხოლოდ ეს გავიფიქრე.. სხვა არაფერი.
სულ რამდენჯერმე შევხვდი მას, მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ყველაფერთან ერთად მაიკლს ძალიან სანდომიანი სახე ჰქონდა და შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ ამ ადამიანთან მეგობრობა და დროის გატარება სასიამოვნო იქნებოდა.
ჰო, ვაღიარებ, რომ მაიკლზე უფრო მეტჯერ გამეფიქრა, ვიდრე სხვა ადამიანზე შეყვარებულ ადამიანებს უნდა გაეფიქროთ, მაგრამ ეს უბრალოდ ფიქრები იყო და მეტი არაფერი.
თან დღის ფიქრები იყო და არა ღამის.
ჯეიმიმ მითხრა, ის ვიზეც ღამე ძილის წინ ყველაზე მეტს ფიქრობ, გიყვარსო. მე კი ძილის წინ ყველაზე მეტს მხოლოდ ჯეიმიზე ვფიქრობდი. არ ვიცოდი ეს სიყვარულს ნიშნავდა თუ არა, მაგრამ ვფიქრობდი.
არა მხოლოდ ღამე, დილაც და შუადღეც ჯეიმიზე ფიქრს უკავშირდებოდა. გემრიელი ჩაის მომზადების, მუსიკის მოსმენისა და სასიამოვნო ფილმის ყურების დროსაც მასზე ვფიქრობდი.
დიდი ადგილი ეკავა ჩემს ცხოვრებაში და ამ ფიქრის დროს სხვას ვერ დავუთმობდი… ან იქნებ მეგონა, რომ ვერ დავუთმობდი და ეს დროებითი იყო?
იქნებ ის ადამიანი, რომელიც გიყვარს, თუ შენით არ არის დაინტერესებული მალე გავიწყდება? როცა ხვდები, რომ არაფერს აზრი არ აქვს, რომ მასზე ფიქრით უბრალოდ იტანჯები და იცი არაფერი გამოვა, ერთადერთი გამოსავალი ხომ დავიწყებაა?
მაგრამ ჩემი შემთხვევა განსხვავებული იყო. ჯეიმიზე ფიქრი არასდროს მტანჯავდა. პირიქით, ყოველთვის იმას ვამბობდი თუ რამხელა პოზიტივი შემოვიდა მისი სახით ჩემს ცხოვრებაში.. ცალმხრივი მოწონების თუ სიყვარულის გამო კი მასთან ურთიერთობის გაწყვეტას არ ვაპირებდი.
არ ვაპირებდი მანამ, სანამ მაიკლი გამოჩნდებოდა. სანამ ჯეიმის თვალებში სევდა არ ამოვიკითხე, სანამ პირველად რეალობად არ მომეჩვენა ის ფაქტი, რომ შეიძლება მასაც მოვწონდი და მეგობრის გამო ვერ ბედავდა ამის თქმას. მაიკლმა ყველაფერი გაართულა. ჩემი ურთიერთობა ჯეიმისთან და საკუთარ თავთანაც, რადგან დავიბენი.
პირველად გავიგე, რომ ვიღაცას მოვწონდი. არ ვიცი თავდაჯერებულობის ნაკლებობის ბრალი იყო თუ არა, მაგრამ წარმოუდგენლად მომეჩვენა ესე უცბად მოვწონებოდი ვინმეს. ჯეიმის პირიდან რომ არ გამეგო ეს სიახლე, რამდენად ეგოისტურადაც არ უნდა ჟღერდეს, მისი მოსმენა მესიამოვნებოდა. ალბათ, ყველას მოსწონს, როცა იცი, რომ ვიღაცას აინტერესებ, მოსწონხარ და შენთან ურთიერთობა სიამოვნებას ანიჭებს.
ეს ემოციები ერთმანეთში ამერია და ყველაზე დიდი გაურკვევლობა იმან გამოიწვია, რომ ამ ფაქტის გაგებამ ბოლომდე გულნატკენი არ დამტოვა… ნამუსი მაწუხებდა. სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ თუნდაც ამის გაფიქრებაც კი ჯეიმის ღალატად მიმაჩნდა. ერთად არც კი ვიყავით და ალბათ, არც არასდროს ვიქნებოდით ერთმანეთისთვის მეგობრებზე მეტი, მაგრამ იმის დაშვებაც კი, რომ სხვა მომწონებოდა, განსაკუთრებით კი მისი მეგობარი, ნამდვილ ღალატად მიმაჩნდა.
იმ საღამოს მაიკლი კიდევ უფრო სიმპატიურად გამოიყურებოდა, ვიდრე ჩვენი ბოლო შეხვედრისას. თმები ოდნავ დახვეული ჰქონდა, ხაკისფერი ზედა ეცვა და შავი შარვალი. ლამაზი სხეული ჰქონდა. შეიძლება უცნაური კომპლიმენტია, მაგრამ ასე იყო.
დამინახა და თავისი დიდი შავი თვალები გაუბრწყინდა. თითქოს გაკვირვებული იყო, არ ელოდა ჩემთან შეხვედრას, ისევე როგორც მე, მაგრამ ჩემგან განსხვავებით დაბნეული საერთოდ არ ჩანდა. პირიქით, თბილად გამიღიმა და გადამკოცნა. ადგილზე გავქვავდი, უკნიდან კი მეგონა ჯეიმის მზერა მწვავდა.
მის თვალწინ მაიკლის გადაკოცნაც ღალატად მიმაჩნდა. ვიცი, სულელი ვარ.
დინმა ჩემდა გასაკვირად თვალი ჩამიკრა და გამიღიმა. ხელში სასმელებით სავსე პარკები ეჭირა და ამიტომ გადაკოცნა აღარ უცდია. სამზარეულოსკენ აიღო გეზი და ოთახში მარტო მე მაიკლი და ჯეიმი დავრჩით.
მაიკლი კვლავ კარებთან იდგა და მიღიმოდა. მუცელი მიწრიალებდა შინაგანად და მინდოდა რაც შეიძლება შორს გავქცეულიყავი.
– ზუსტად ეხლა გავდიოდი. – თმა ყურზე გადავიწიე, რადგან უმოქმედოდ დგომა უარესად მხდიდა.
– ესე მალე მიდიხარ? დარჩი და ერთად დავლიოთ, თან დინი დღეს კარგ ხასიათზეა. – მელოდიურად ჩაეცინა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო.
ძალიან საყვარელი იყო… მისმა შემხედვარემ გავიფიქრე, რომ ჯეიმის აშკარად მოეჩვენა… მაიკლს ვერ მოვეწონებოდი.
– ამმმ..არა, ისედაც დიდი ხანია სახლში წასვლას ვაპირებ… ადრე ვარ ასადგომი. მადლობა, სხვა დროს იყოს. – ვუთხარი და უკან მოუხედავად გამოვედი მათი სახლიდან.
ჯეიმი აღარ დამინახავს, მაგრამ ვიცოდი ჩვენს საუბარს ისმენდა… ამ ერთმა საღამომ პატარა უფსკრული, დაძაბულობა და გაურკვევლობა გააჩინა ჩვენ შორის… პირველად გულახდილები არ ვიყავით ერთმანეთთან და ორივე ვერ ვბედავდით დუმილის დარღვევას და ჩვენი ნამდვილი გრძნობების გაზიარებას..
სწორედ ამიტომ შემეშინდა… არ მინდოდა ჩემთვის ასეთი ძვირფასი მეგობარი სისულელის გამო დამეკარგა..
*******
სახლში შემოსვლისთანავე საწოლზე დავენარცხე. 12 საათი გამხდარიყო. ჯეიმისთან ერთად საკმაოდ დიდი დრო გავატარე, მაგრამ მასთან ერთად გატარებულ საათებს მიღებული ემოციები აჭარბებდა.
მეზარებოდა, მაგრამ როგორღაც ავდექი საწოლიდან, მაკიაჟი მოვიცილე და დასაძინებლად გავემზადე.
ჭერს მივაშტერდი და კისერში ბურთი გამეჩხირა. მეტირებოდა, მაგრამ იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ ამის თავი არ მქონდა. საწოლში გვერდი ვიცვალე, იმედი მქონდა დავიძინებდი, მაგრამ მოულოდნელად ტელეფონის ვიბრაციამ დააფრთხო ჩემი მყუდროება.
უცხო ნომერი მწერდა…
მესიჯი გავხსენი და მაშინვე გამოვფხიზლდი.
“სავარძელზე ჩანთა აღმოვაჩინე. ალბათ, შენ დაგრჩა და თუგინდა მოგაწოდებ. მაიკი 🙂 “
ორჯერ გადავიკითხე მესიჯი. მაიკი? ჩემმა შენელებულმა ტვინმა მოგვიანებით გაიაზრა მაიკი – მაიკლი იქნებოდა.
გამიკვირდა ჩანთის ამბავი ჯეიმიმ რატომ არ შემატყობინა, მაგრამ ბევრი ამაზე არ მიფიქრია. ხელების კანკალით ავკრიფე ტექსტი და გავაგზავნე.
“ჰო სიჩქარეში დამავიწყდა..:) ხვალ გამოგართმევ მნიშვნელოვანი მაინც არაფერი მიდევს.”
“კარგი“
რამდენიმე წამში მიპასუხა. ტელეფონის დაბლოკვას და ძილის გაგრძელებას ვაპირებდი, მაგრამ ვერ მოვისვენე და ვკითხე.
“ჩემი ნომერი საიდან?:))”
ვიცი სულელურ კითხვას ვუსვამდი, მაგრამ მინდოდა თავისი პირით ეღიარებინა, რომ ჯეიმიმ მისცა ჩემი ნომერი. მეწყინა, როცა დავრწმუნდი, რომ ჯეიმი თავის მეგობარს ჩემთან ურთიერთობის დამყარებაში ეხმარებოდა.
„დინმა მითხრა“
ყველაფერს ველოდებოდი ამ სახელის გარდა. ორჯერ გადავიკითხე ეს სიტყვები და მივხვდი, რომ ამით წაკითხული ტექსტი არ შეიცვლებოდა. დინმა? არამგონია ჩემი ნომერი ჰქონოდა მას… ფიქრს აზრი არ ჰქონდა… ამიტომ ეს მესიჯიც უპასუხოდ დავტოვე..
მთელი ღამე არ მეძინა, საწოლში ვწრიალებდი და ძილი მხოლოდ დილის 5 საათზე მომერია.. უნივერსიტეტში დამღლელი დღე მელოდებოდა. მაიკლთან მოსალოდნელ შეხვედრაზე ფიქრი კი მთავარი მიზეზი იყო ჩემი უძილობისა..
***
მაღვიძარამ 9:00-ზე დარეკა.. ლექცია 11 საათზე მეწყებოდა, მაგრამ სანამ უნივერსიტეტისკენ ავიღებდი გეზს უფრო მნიშვნელოვანი საქმე უნდა მომეგვარებინა.
დილას, როცა ახალგაღვიძებული ვარ ვერ ვნერვიულობ. ჰო, შეიძლება უნცაურად ჟღერს, მაგრამ როცა მეძინება არავინ და არაფერი არ მაინტერესებს. ამიტომ სანამ ესეთ განწყობაზე ვიყავი მაიკლს მესიჯი მივწერე :
“თუ გცალია ეხლა გამოგართმევ ჩანთას.. გამახსენდა, რომ დამტენიც მანდ მაქვს და მჭირდება :)”
სანამ მაიკლი პასუხს მომწერდა საპირფარეშოში შევედი, მოვწესრიგდი და შემდეგ ღამის პერანგი გამოვიცვალე. ნოემბერი იწურებოდა, რაც ნორტფორდში საკმაო სიცივეს გულისხმობდა. ლურჯი ჯინსის შარვალი, შავი კაპიუშონიანი ჰუდი გადავიცვი და თმები დავიწენი.
მაკიაჟს დილას არ ვიკეთებ, უფროსწორედ ვერ ვასწრებ, რომ უნივერსიტეტში წასვლამდე გავიკეთო.. მაგრამ დღეს გადავწყვიტე მინიმალურად მაინც წამესვა სახეზე გასალამაზებელი პროდუქტები.
ღია ვარდისფერი პომადა, თვალის ლაინერი და შავი ტუში წავისვი.
საკუთარი თავი მომწონდა იმის თაობაზე, რომ გამოუძინებელი ვიყავი.
სანამ ჩაის დავადგამდი ტელეფონი ავიღე ხელში, მაგრამ მაიკლს პასუხი მოწერილი არ ჰქონდა. ძალიან მჭირდებოდა დამტენი და ისიც კი ვიფიქრე, რომ ჯეიმი შემეწუხებინა, მაგრამ იმ საღამოს შემდეგ მასთან პირველი შეხმიანებას როდის და როგორ გავბედავდი არ ვიცოდი… ამიტომ ჩემს ერთადერთ იმედს კვლავ მაიკლი წარმოადგენდა.
ჩაი დავისხი, ტოსტერში ორი ნაჭერი პური გავხუხე და ალუბლის ჯემი გადავუსვი. პირველად ვისაუზმე ასე საფუძვლიანად სახლიდან გასვლამდე.
პირი ჯემით მქონდა მოთხვრილი, როცა ტელეფონზე მესიჯი მოვიდა :
“ბოდიში ვერ გიპასუხე, ჯეიმის ვეხმარებოდი წამოდგომაში. პერსონალურ ძიძად ვიქეცი :)) მომწერე და გამოვალ“
ლუკმა ძლივს გადავყლაპე. გული ამიჩქარდა ჯეიმის სახელის წაკითხვისას. ნეტავ ფეხი გაუუარესდა? შეიძლება ჩემთან არ იმჩნევდა და უფრო მეტად ტკიოდა ვიდრე მე ვიფიქრებდი. თან მესიჯის კითხვის დროს წარმოვიდგინე ფეხნატკენ ჯეიმის როგორ უჭირდა საწოლიდან წამოდგომა და როგორ ეხმარებოდა მაიკლი..
მინდოდა ყველანაირი უხერხულობა და გაუბედაობა გვერდზე გადამედო და მომენახულებინა. მაგრამ ცხადია, ამას ჯერ ვერ შევძლებდი სანამ თვითონ არ გამოიჩენდა ინიციატივას.
“5 წუთში შეგიძლია გამოხვიდე.”
პასუხი მივწერე და სანამ სახლიდან გავიდოდი საბოლოოდ ავათვალიერე თავი სარკეში. მივხვდი ნაწნავს მერჩივნა თმა გამეშალა და ასეც მოვიქეცი. დიდ ჩანთაში ლეპტოპი ჩავდე, მხარზე გადავიკიდე და სახლის კარი გამოვიხურე.
ნორტფორდისთვის დამახასიათებელი ცივი ამინდი იყო, მაგრამ გარეთ გამოსვლა მესიამოვნა. ჯეიმის სახლის წინ გავჩერდი და მოუსვენრად წინ და უკან დავდიოდი.
უცბად დიდ თეთრ ფანჯარაში მდგომ სხეულს მოვკარი თვალი. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, მეგონა ჯეიმის შევეჩეხებოდი თვალებში, მაგრამ მის მაგივრად დინი დავინახე, რომელიც ჩაის ჭიქით ხელში იდგა და მიყურებდა.
სანამ დინზე ფიქრს მოვასწრებდი, კარები გაიღო და მაიკლი ლამაზი ნაბიჯებით ჩემი პატარა ჩანთით ხელში მომიახლოვდა. მისი დანახვისთანავე გაუაზრებლად ღიმილი ყურებამდე ამივიდა. ძალიან საყვარელი იყო. იმ წუთას ყველანაირი აღელვება დამავიწყდა. მაგრამ გულის ცემის რიტმი მაინც საკმაოდ აჩქარებული მქონდა.
– გიხდება – ჩემს ჩანთაზე მივანიშნე და გამეცინა.
– ვიცი, ამიტომ ვფიქრობ დაგიბრუნო თუ არა.- წარბები შეჭმუხნა და ზემოთ აიხედა, ვითომ ფიქრობდა.
– სამწუხაროდ, დათმობა მოგიწევს – ხელები ერთმანეთზე გადავაჯვარედინე და სერიოზული სახის მიღების ნაცვლად მაინც გამეღიმა.
– ამჯერად ვნებდები. – ჩაეცინა და ჩანთა მომაწოდა. ხელით თმები აიჩეჩა. ეტყობოდა ახალ გაღვიძებული იყო. თეთრი მაისური და სერი სპორტული შარვალი ეცვა. ვუყურებდი და ვფიქრობდი – ჯეიმი რომ არა, აუცილებლად მომეწონებოდი.
– რას ფიქრობ? – მკითხა და მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ გავშტერდი.
– ბოდიში, ვერ გავიგე რა მკითხე. – ალბათ, სულელი ან ყრუ ვეგონებოდი. ან კიდევ უფრო უარესი – იფიქრებდა, რომ მომწონდა და დავიბენი.
– უნივერსიტეტში თუ მიდიხარ გაგაცილებ და გზად ყავა დავლიოთ-მეთქი. – მორცხვად წარმოთქვა ეს სიტყვები და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო.
– ამმ, კი, რა თქმა უნდა. ლექცია ერთ საათში მეწყება. – ცხადია, უსიტყვოდ დავთანხმდი.
*******
მცდელობის მიუხედავად, მაინც მაიკლმა გადაიხადა ყავის საფასური. ცხელი ლატე ავიღე კარამელის არომატით. მაიკლმაც მომბაძა, რადგან დიდი რეკომენდაცია გავუწიე ჩემს საყვარელ ლატეს.
უნივერსიტეტამდე რამდენიმე მეტრის მოშორებით იყო ეს კაფე. ხშირად მოვდიოდი ხოლმე აქ, განსაკუთრებით მაშინ, როცა დილას ჩაძინების გამო ვერ ვასწრებდი წილი ყავის დალევას..
– მომიყევი შენზე. – მაიკლმა ფიქრებიდან გამომაფხიზლა.
– ჰმ, არვიცი რა მოგიყვე. – ჩამეცინა და ხელებზე დავიხედე. მეუცნაურებოდა ის ფაქტი, რომ მე და მაიკლი ერთად ყავის დასალევად ვიყავით გამოსულები.
– დიდიხანია ნორტფორდში ცხოვრობ? – მკითხა და თავისი ღიმილი ყავის ჭიქაში დამალა. სერიოზულ სახეს ვერც მე ვინარჩუნებდი მასთან საუბრის დროს. შეუძლებელი იყო. იმხელა პოზიტივს ასხივებდა, რომ ნოემბრის ცივი დღეც მოახერხა და დადებითი განწყობით დამაწყებინა.
– თითქმის 4 წელია… უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ მარტო გადმოვედი საცხოვრებლად.
– მერე არ გაგიჭირდა სახლის დატოვება?
– გამიჭირდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. თუ სწავლა მინდოდა მაშინ ამ დათმობაზე უნდა წავსულიყავი. თან სიმართლე ვთქვა, მარტო ცხოვრებას მივეჩვიე და ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ.
– ჰო მესმის. მე დიდიხანია უკვე ბიჭებთან ერთად ვცხოვრობ. თან ყოველთვის სხვადასხვა ადგილას. – უკანასკნელ წინადადებაზე ჩაეცინა.
– ანუ ძალიან ახლოს ხართ ერთმანეთთან…- კინაღამ კონკრეტულად ჯეიმიზე ვკითხე. მინდოდა გამეგო რამდენად ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან.
– ძმები ვართ სხვადასხვა მშობლებისგან. – დიდი თვალები მოჭუტა და თბილად გაიღიმა. – მართალია ხანდახან მეუფროსებიან, მაგრამ მაინც ყველა მიყვარს.
– გეუფროსებიან? – სიცილით ვკითხე.
– ჰო. მაგალითად, ჯეიმი მხოლოდ 2 წლით დიდია ჩემზე, მაგრამ ხანდახან ისე იქცევა თავი ჩემი მშობელი გონია.
ჯეიმის სახელის ხსენებაზე გული შემეკუმშა, მაგრამ არ შევიმჩნიე.
– ჰო ვერაფერს იტყვი. 2 წელი საკმაოდ ბევრია. – ჩემი აღელვების ხუმრობაში გატარება ვცადე.
– ჯეიმი ყოველთვის ბევრს ლაპარაკობდა შენზე. სანამ ნორტფორდში ჩამოვიდოდით გვითხრა, რომ ძალიან საინტერესო ადამიანი გაიცნო მგზავრობის დროს. – მითხრა და ცოტახანში მზერა მომაშორა, თითქოს შერცხვა.
– ჰო, უცნაურად გავიცანით ერთმანეთი. თან მე ფრენას ვერ ვიტან.
– ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ.
– ამდენს რატომ მოგზაურობთ? – დავუსვი ის შეკითხვა რაზეც ამდენი ხანია პასუხის მოსმენა მინდოდა.
– გრძელი ამბავია… – შევატყვე დასევდიანდა. არვიცოდი ჩაძიება ჩემი მხრიდან სწორი საქციელი იქნებოდა თუ არა, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ მძლია და ვუთხარი :
– ლექციის დაწყებამდე კიდევ ნახევარი საათია. მოასწრებ.
– ამ თემაზე ბევრს სხვებთან არ ვლაპარაკობთ. მაგრამ…
– თუ პირადულია, არ მითხრა.. – სინამდვილეში კი ერთი სული მქონდა ეს ამბავი მოეყოლა.
– არა.. შენ ახლობელი ხარ. – ისევ თბილად გამიღიმა და გული შემეკუმშა. ვერ ვხვდებოდი ესე რატომ მოქმედებდა მისი სიტყვები ჩემზე.
– მოკლედ… ნოა ხომ გახსოვს?
– კი.. მისი შეყვარებული სტეისიც. ძალიან საყვარელი გოგოა.
– ერთმანეთი ნოამ და სტეისიმ ერთერთ ასეთ მოგზაურობაში გაიცნეს.
– ვა, მაგარია. – ვუთხარი და თან უკვე გაციებული ლატე მოვსვი.
– 5 წლის წინ ნოას… მძიმე დიაგნოზი დაუსვეს.. ექიმები იმედს არ იძლეოდნენ.. ამბობდნენ, რომ არც თუ ისე ბევრი დრო ჰქონდა დარჩენილი. ნოამ ყველაფერი კარგად იცოდა და ამხელა ტრაგედიის მოუხედავად არ ტყდებოდა.. მოწყენილიც კი არ მახსოვს, წარმოგიდგენია?
– ძალიან ვწუხვარ. – მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე.
– ბიჭებს ერთად ცეკვა მაშინ ახალი დაწყებული გვქონდა და ნოა იყო ჩვენი მთავარი მოტივატორი, რომ დასახული მიზნისთვის მიგვეღწია. გვინდოდა წარმატებულ ჯგუფად ჩამოვყალიბებულიყავით.. ჯგუფად, რომელიც კონცერტებს გამართავდა მსოფლიოს გარშემო და რაც მთავარია სხვა ბავშვებასაც გაუზიარებდა ცეკვის გამოცდილებას.
ნოას ოცნებად ჰქონდა მოეარა მთელი მსოფლიო და წარმატების მიღწევისა და ფულის შოვნის შემთხვევაში საკუთარი ცეკვის სტუდიის გახსნა უნდოდა. ამ ამბის გაგებამ კი… ყველას მიწა გამოგვაცალა ფეხებ ქვეშ. ძალიან მძიმე დღეები გვახსოვს ყველას, მაგრამ ამას ნოასთან არ ვიმჩნევდით ხოლმე. ეს კიდევ უფრო რთული იყო.
ერთ-ერთ საღამოს ნოამ მხიარულად გვითხრა, რომ თუ მისი მხარდაჭერა გვინდოდა მაშინ ფეხი უნდა აგვეწყო მისთვის და მსოფლიოს დასალიერშიც კი გავყოლოდით. გვითხრა, რომ რა დროც ჰქონდა დარჩენილი უნდოდა მაქსიმალურად მოგზაურობაში გამოეყენებინა. ჩვენც ცხადია დავთანხმდით….
არ ვიცოდით რა გველოდა, მაგრამ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც არც კი ვიფიქრებდით რომ წავიდოდა. ალბათ, სასწაულებიც ხდება, რადგან რამდენიმე თვიანი მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ გაირკვა, რომ ნოა მთლიანად გამოჯანმრთელდა. ამის მუხედავად, ჩათქმული სურვილის შესრულება არ გადაუფიქრებია. ჩვენც უფრო მოტივირებულები გავხდით და დასახული მიზნისკენ სწრაფვა უფრო აქტიურად დავიწყეთ.
ბიჭები ჩემი ოჯახის წევრებად იქცნენ. უამრავი ქვეყანა შემოვიარეთ ერთად, უამრავ კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა და საბოლოოდ ერთ-ერთ მათგანში გავიმარჯვეთ კიდეც. ნუ ისეთი სერიოზული არაფერი, უფრო დიდი გეგმებიც გვაქვს, მაგრამ ამ გამარჯვებამ მედიის ყურადღება მოგვიტანა, შესაბამისად სპონსორებიც. დღეს კი აქ ვართ, ჩვენი ცეკვის სტუდია გვაქვს რამდენიმე ადგილას, მათ შორის ნორტფორდში. ისეთი ადგილები შევარჩიეთ, სადაც ნაკლებად არის განვითარებილი ჰიპ-ჰოპი.. გვინდა ყველა მსურველი ჩვენთან ერთად ავაცეკვოთ და იმედია, გამოგვივა.
მაიკლის მონათხრობმა გაოგნებული დამტოვა. ვერ წარმომედგინა, რომ ნოას, ბიჭს, რომელიც მზესავით დადებითი აურის მატარებელი იყო, ასეთი წარსული ჰქონდა გამოვლილი. არც მათი სტუდიის ან კონკურსის შესახებ ვიცოდი რამე… როგორც ჩანს, კიდევ ბევრი რამე მქონდა გასაგები ჯეიმის შესახებ.
– არც კი ვიცი რა ვთქვა… ნოა უამრავი ადამიანისთვის უნდა იყოს იმის მაგალითი, რომ დანებება ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი არ შეიძლება და რომ არაფერია შეუძლებელი…ძალიან მაგრები ხართ. იმისთვის, რომ ყველაფერი მიატოვეთ და ესე დაუდექით მხარში თქვენს მეგობარს. მართლა ყველანაირ წარმატებას იმსახურებთ. – მთელი გულით ვუთხარი ეს სიტყვები და ჯეიმის სამეგობროს მიმართ კიდევ უფრო დიდი პატივისცემითა და სიყვარულით განვეწყვე.
– მადლობა. – გამიღიმა და თავი ჩახარა. მინდოდა ჩავხუტებოდი. არა როგორც გასაპრანჭ ობიექტს, არამედ როგორც ახლო მეგობარს, რომელიც სულ ახლახანს შევიძინე.
**********
ლექციაზე დაგვიანებით შევედი.. ლექტორმა საბედნიეროდ არ შემიმჩნია და მეც სწრაფადვე თალისას გვერდით მოვკალათდი.
თალისა იმ ადამიანების რიცხვს განეკუთვნებოდა, ვისთან ორ წუთიანი დიალოგის გამბის შემდეგაც მიხვდებოდით, რომ მასთან მეგობრობა აუცილებლად ღირდა.
თმები კარედ ჰქონდა შეჭრილი და ხშირად უყვარდა მისი სხვადასხვა ფრად შეღებვა. ამჯერად ვარდისფრად ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ თმის ფერის შეცვლა არასდროს მიფიქრია, თალისას შემყურე მეგონა მეც ასე ძალიან მოვიხდენდი ნებისმიერ ფერს.
– სად იყავი? – ჩუმად ჩამჩურჩულა ყურში.
– გრძელი ამბავია. შესვენებაზე მოგიყვები.
********
მეორე ლექცია თალისას გარეშე მქონდა. ასეთი ლექციები კი ყველაზე მეტად იწელებოდა ხოლმე. ფანჯრის მხარეს მოვკალათდი. დაწყებამდე კიდევ 10 წუთი იყო დარჩენილი.
გარეთ ვიხედებოდი და დაუკითხავად უამრავმა ფიქრმა შემოაღწია ჩემს თავში. ვფიქრობდი მონატრებულ სახლზე, რომელიც ამ დილით მაიკლმა შემახსენა. ვფიქრობდი მშობლებზე, ჯეინზე და მის ქმარზე… რაღაცნაირად არ მომწონდა. ვიცი, ჩემი საუკეთესო დაქალის მეუღლე იყო (ეს სიტყვა ჯერ კიდევ მეუცნაურებოდა), მაგრამ გულის სიღრმეში ბევრად უკეთესი ბიჭი მემეტებოდა მისთვის…
გამახსენდა მაიკლთან ერთად გატარებული დილა და უცნაური შეგრძნება დამეუფლა მისი სახის წარმოდგენისას… გამახსენდა ჯეიმი… ის საღამო.. მისი სიახლოვე და…
– რაზე ხარ ესეთი ჩაფიქრებული? – ანაბელის ხმამ დამაბრუნა რეალობაში.
გამიკვირდა ჩემ გვერდით რომ დაჯდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩვენ ორს ნორმალური ურთიერთობა გვექნებოდა ერთმანეთთან.
– ბევრ რაღაცაზე. – თავი მისკენ შევაბრუნე და გამეღიმა, როცა მის სახეზეც ღიმილის კვალი შევნიშნე.
– პრეზენტაციაზე მუშაობა დაიწყე? – მკითხა და თვალები გამიფართოვდა.
– პრეზენტაცია?
– ხო, წინა ლექციაზე მოგვცა დავალებად არტურმა.
– აჰ.. წინა ლექცია გავაცდინე.
– გეკითხა და გეტყოდი რა გვქონდა დავალებად. – ნიშნის მოგებით მიპასუხა.
არ მინდოდა მისთვის მეთქვა, რომ საკმარისად ახლოს მასთან არ ვიყავი, რომ მომეკითხა.
– ანუ დღეისთვის გვაქვს?
– არა. 2 კვირაშია დედლაინი.. თუ ჯერ თემა არც შენ იცი.. თუ გინდა… – უჭირდა ამ სიტყვების წარმოთქმა, ამიტომ ამოცანა გავუადვილე :
– გამიხარდება თუ ერთად გავაკეთებთ. – თბილად გავუღიმე და ცხოვრებაში პირველად, ან მეორედ, ანაბელმა გამიღიმა. ნამდვილი და გულახდილი ღიმილით.
******
ლექცია არც თუ ისე გაწელილად მომეჩვენა. ალბათ, ანაბელის დამსახურება იყო ეს, რადგან შიგადაშიგ ერთმანეთს რაღაცებს გადავუჩურჩულებდით ხოლმე, სანამ არტური ერთი თემიდან მეორეზე ელვის სისწრაფით გადახტებოდა.
ანაბელს შევთავაზე, რომ პრეზენტაციისთვის მზადება დღესვე დაგვეწყო. სახლში მივიპატიჟე, თავიდან ყოყმანობდა, მაგრამ როცა ვუთხარი, რომ მარტო ვცხოვრობდი ბევრი აღარ უფიქრია.
– მაგარია, მეც მინდა მარტო ვხოვრობდე…
– ჰო, მაგრამ ხანდახან რთულიცაა.
– დედაჩემთან თანაცხოვრებაზე რთული არამგონია იყოს. – მოღუშული სახით მითხრა. მინდოდა მეკითხა რატომ ამბობდა ასე, მაგრამ აღარ ჩავეძიე.
სახლამდე ფეხით მივისეირნეთ.. ორი წამით ჯეიმის სახლს შევავლე თვალი. ფარდები გადაწეული იყო და ვერაფერს ვხედავდი. შეიძლება ახლა ფეხნატკენი ჯეიმი მარტო იყო სახლში. დანარჩენები კი სავარჯიშოდ დარბაზში იქნებოდნენ.
შეიძლება ძალიან მოწყელნილად და მარტო გრძნობდა თავს… ან იქნებ ვენდი ეწვია მას გასამხიარულებლად.
სანამ მომწამვლელი ფიქრები მთლიანად მოიცავდა ჩემს გონებას, ჯეიმის სახლს ზურგი ვაქციე და ანაბელი შემოვიპატიჟე.
– საყვარელი სახლი გაქვს. – შემოსვლისთანავე მითხრა. ესეც ანაბელის პირველი კომპლიმენტი.
– მადლობა. შეგიძლია ქურთუკი აქ დაკიდო. – საკიდზე მივუთითე. იქამდე კი სამზარეულოში გადავინაცვლე, რომ მეცადინეობის დაწყებამდე ჩაი მომედუღებინა.
– ჩაის ხო დალევ?
– ყავა მირჩევნია.
მეც ერთ ჭიქაში ყავა, მეორეში კი ჩაი ჩამოვასხი. კვლავ ტოსტის პურები გავხუხე და დილას ნაჭამი ალუბლის ჯემი გადავუსვი. ანაბელს თვალები გაუბრწყინდა მათ დანახვისას. მიხაროდა, რომ დადებითად განეწყო ეს ადამიანი ჩემ მიმართ.
ერთადერთი იყო ვისთანაც უნივერსიტეტში გატარებული მთელი 4 წლის განმავლობაში თითქმის კონტაქტში არ შევსულვარ.. მე კი მხოლოდ ეხლახანს მივხვდი, რომ ბევრი დამიკარგავს. იმედია ანაბელიც იგივეს ფიქრობდა.
– რადგან მარტო ცხოვრობ, მეგობრები, ალბათ, ხშირად მოგყავს სახლში.. – მითხრა და გემრიელად უკბიჩა გახუხულ ტოსტის პურს.
– არც ისე.. უფრო ხშირად ჩემს მეგობარს ვსტუმრობ ხოლმე.
– მეგობარს? – ალმაცერად შემომხედა. ალბათ, მარტივად შესამჩნევი იყო, რომ მეგობარში ბიჭი ვიგულისხმე.
– ჰო.. ცოტა გრძელი ამბავია. მერე მოგიყვები. – არ მინდოდა ტვინი კვლავ ჯეიმიზე ფიქრით დამეღალა. მასზე თითქმის არავისთან არ ვსაუბრობდი. არც ჯეინთან, არც თალისასთან. მეგონა ჩემი გრძნობების ხმამაღლა სხვასთან გაზიარება კიდევ უფრო უძლურს გამხიდა საკუთარი თავისა და ამ ახალი გრძნობის მიმართ.
ანაბელი კი ვფიქრობ, ერთადერთი იყო ვისთანაც პირველად სურვილი გამიჩნდა ჩემი გრძნობები გადამეშალა. არ ვიცი რისი ბრალი იყო… იმის, რომ კარგად არ ვიცნობდი თუ იმის, რომ კარგი მსმენელი ჩანდა და თვითონ ბევრს არ ლაპარაკობდა.. ალბათ, დროსთან ერთად ამ კითხვაზეც მივიღებდი პასუხს.
დრო მეცადინეობაში მალე გავიდა. პრეზენტაციაში უკანასკნელი შტრიხებიღა გვქონდა შესატანი, როცა მოულოდნელად სახლში შუქები ჩაქვრა და მხოლოდ ლეპტოპის ეკრანი დარჩა განათებული.
– ხოარ ღადაობთ. – ხელი თავში შემოვირტყი. მაინცდამაინც ეხლა, როცა ინტერნეტი ყველაზე მეტად გვჭირდებოდა პრეზენტაციის დასასრულებლად, დენი წავიდა და ჩვენც უინტერნეტოდ დავრჩით.
– არაუშავს, ხვალ გავაგრძელებთ. – ანაბელმა ჩემი დამშვიდება სცადა. მე კი ვერ ვერ ვიტანდი საქმის სანახევროდ მიყვანას. კიდევ უფრო მეტად ვერ ვიტანდი სრულ სიბნელესა და უინტერნეტობას.
– სანთლებს მოვიტან. – ანაბელს ვუთხარი და სანთლების საძებნელად გავემართე. მაგრამ მხოლოდ 10 წუთიანი ძებნის შემდეგ მივხვდი, რომ უშედეგო იყო და რომ სანთელი სახლში არ მომეპოვებოდა.
ტელეფონიც მიჯდებოდა. მართალია მაიკლს დილას დამტენი გამოვართვი, მაგრამ ვიფიქრე სახლში დაბრუნებისას დავტენიდი. წარმოდგენა არ მქონდა, რომ შუქი გაითიშებოდა.
– ლეპტოპმა იქნებ გაქაჩოს და მერე ჩემი ტელეფონით გავანათოთ… – წინადადება არ ჰქონდა ანაბელს დასრულებული, როცა ლეპტოპის ეკრანი გაშავდა და გამოირთო.
-არა, არა, არა!! – გიჟივით მივვარდი ჩემს ლეპტოპს.
– ნუ გეშინია. დამახსოვრებული ექნება.
-დარწმუნებული ხარ? დამახსოვრებისთვის არ დამიჭერია. – ანაბელს გავხედე, მაგრამ ამ სიბნელეში ძლივს ვარჩევდი მისი სახის ნაკვთებს.
– მე დავაჭირე. – ნიშნის მოგებით მიპასუხა.
– გენიოსი ხარ. – გაუაზრებლად გადავეხვიე იმდენად გამიხარდა.
ანაბელს საყვარლად ჩაეცინა და მეც გადმომედო მისი დადებითი აურა. გოგო, რომელიც ყველაზე უჟმური ადამიანი მეგონა მთელ მსოფლიოში ჩემს მეგობრად იქცა. იმედია ეს დამოკიდებულება ჩვენ შორის დიდხანს გაგრძელდებოდა.
ანაბელმა სახლში წასვლაზე უარი თქვა. მითხრა, რომ სანამ დენი არ მოვიდოდა ამ სიბნელეში მარტო, ინტერნეტისა და ტელეფონის გარეშე არ დამტოვებდა. ცხადია, უარი არ მითქვამს. ჩემთან დარჩენა შევთავაზე და ანაბელიც სიამოვნებით დამთანხმდა.
არ ვიცოდი დენი რამდენ ხანში მოვიდოდა, მაგრამ როცა ფანჯარა გადავწიე და ჯერ ჯეიმის, შემდეგ კი მეზობლების ჩაბნელებულ სახლებს გავხედე იმედი გადამეწურა. თითქმის მთელ ქალაქში იყო შუქი წასული.
სავარძელზე ანაბელის გვერდით მოვკალათდი. სხვადასხვა თემაზე ჭორაობა დავიწყეთ. იდეა გაგვიჩნდა საშიში ამბები მოგვეყოლა ერთმანეთისთვის, მაგრამ მალევე მივხვდით, რომ ამისთვის ორივე ზედმეტად მშიშრები ვიყავით.
ანაბელი თავის სამსახურზე მესაუბრებოდა, ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, როცა მოულოდნელად კარებზე ვიღაცამ ბრახუნი ატეხა. სავარძელზე ორივე შევხტით.
კიდევ კარგი საშინელი ისტორიების მოყოლა გადავიფიქრეთ, თორემ ეს კაკუნი ძალიან უდროო და უცნაური იქნებოდა.
ერთმანეთს გავხედეთ და ორივე ხმას არ ვიღებდით. კაკუნი არ წყდებოდა, მე კი მივხვდი სანამ არ გავაღებდი უცნობი სტუმარი არ გაჩერდებოდა.
– გინდა მე გავაღო? – მკითხა ანაბელმა.
– უბრალოდ იკითხე ვინ არის. – ჩურჩულით ვუთხარი და ორივე ფეხაკრეფით მივედით კარებამდე.
– ვინ არის? – იკითხა ანაბელმა. კარების მეორე მხრიდან ჩუმი ხითხითი მოგვესმა. ბიჭის სიცილს ჰგავდა, მაგრამ ვინ იყო ჯერ წარმოდგენა არ მქოდნა. ჯეიმი ასე ჩუმად არ იცინოდა, მაშინვე მივხვდებოდი კარებთან ის რომ მდგარიყო…
– დინი. გააღე კარები ელინეარ.