11. გაორება

სახლის კარები ზურგს უკან მოვიჯახუნე. ქურთუკი გავიხადე, საკიდზე შემოვკიდე და სანამ ჩემს ოთახში გადავინაცვლებდი სარკეში საკუთარ ანარეკლს მოვკარი თვალი. ძალაგამოცლილი და უფერული ვიყავი. ემოციურად იმდენად დავიღალე, რომ ბევრი ფიქრის თავი აღარც მქონდა. საძინებელ ოთახში შევედი, გამოვიცვალე, შუქი ჩავაქრე და დიდ ფუმფულა ბალიშში პირდაპირ თავით ჩავემხე.

როგორ მძულს ეს მომენტი… როცა დაღლილი, ძალიან დაღლილი ხარ, გეძინება, მაგრამ ყველანაირი პოზის შეცვლის მიუხედავად, მაინც ვერ იძინებ… ბევრს წრიალებ, შემაწუხებელი ფიქრები კი წამის მეასედში იცვლის მიმართულებას.. შენი ცხოვრების ყველაზე უხერხულ ან მტკივნეულ მომენტებს გადასწვდება და მაშინ, როდესაც ყველას ძინავს შენ გარდა, გაცილებით მძაფრად გრძნობ ამ ყველაფერს.. ტკივილს, უხერხულობას და დანაკლისს. ჩემ შემთხვევაში ჯეიმის დანაკლისს.. უცნაურია, ახლა მოპირდაპირე სახლში რომ არ ძინავს მას.. მალე კი იმდენად შორს იქნება, რომ ჩვენი საათის ისრები საპირისპირო მიმართულებით დაიწყებენ ტრიალს.

საწოლში მოვიკუნტე, ბალიშს მაგრად ჩავჭიდე ხელები და სანამ ტირილის მეორე ტალღა შემომიტევდა, ჩამეძინა.

***

თვალები დახუჭული მქონდა… თბილი ტუჩები ეხებოდა ჩემს კისერს, თავი კედელზე მქონდა მიდებული და მოზღვავებული ემოციების გამო სუნთქვა მიჭირდა. ხელი თმაში შევუცურე, მინდოდა მისი თავი მაღლა ამეწია და თვალებში ჩამეხედა. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, მისი ხმამაღალი სუნთქვის მოსმენა გულის ცემის რიტმს მიჩქარებდა. მეორე ხელი კისერზე მოვკიდე, ძალიან თბილი იყო… თვალი გავახილე და…. შავგვრემანი ბიჭი შემრჩა ხელებში. ნაცნობ შრამს მოვკარი თვალი და მის თვალებს, რომელშიც ნაპერწკლები თამაშობდა. მაიკლი იყო.

ჩემს ოთახში ვიყავით… ყველაფერი ძალიან რეალურს ჰგავდა, მისი შეხებაც, მისი სახეც და თვალებიც. ვერ ვიტყვი რას ვგრძნობდი იმ წამს, თუმცა როდესაც ჩემი ოთახის შეღებულ კართან შავი ჩრდილი დავინახე, შიში ვიგრძენი. მაიკლს ხელი ვკარი და როცა შავ სხეულს მივუახლოვდი, ქერა, გრძელ თმიანი გოგონა დავინახე. ცისფერი კაბა ეცვა, ლამაზი იყო და თეთრი, ძალიან თეთრი. წარბები შევჭმუხნე, ვერ მივხვდი ვინ იყო ან აქ რას აკეთებდა.. მინდოდა მეკითხა, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი.. გოგონამ დამინახა და უცბად სახე შეეცვალა, თითქოს გამომეტყველება გაუმკაცრდა, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ სანამ ლამაზ და სავსე ტუჩებს ერთმანეთს დააშორებდა, მეორე ოთახიდან ბიჭის ხავერდოვანი ხმა გაისმა :

„ეველინ, აქ რას აკეთებ?“

***
ინსტინქტურად შევხტი და თავი კედელს მივარტყი… ტკივილისგან უფრო ფართოდ გავახილე თვალები და მივხვდი, რომ კედლის მაგივრად საწოლს მივეჯახე, რომ მაიკლი საერთოდ არ იყო აქ და რომ ეს ყველაფერი სიზმარში, ძალიან ცუდ და უცნაურ სიზმარში ხდებოდა.

მთლიანად გაოფლიანებული ვიყავი, სუნთქვა გახშირებული მქონდა და სანამ ოთახში შუქი არ ავანთე, იქამდე ვერ დავმშვიდდი.

სადგამიდან წყლით სავსე ჭიქა ავიღე და ბოლომდე ჩავცალე… დრო დამჭირდა იმისთვის, რომ სული მომეთქვა. დიდი ხანია ასეთი მძაფრი და რეალური სიზმარი არ მინახავს… ემოციური გადაღლის ბრალია, ალბათ, გავიფიქრე და თან საათის შესამოწმებლად ტელეფონი ავიღე ხელში…  07:44 წუთი იყო… ძილის შებრუნება გადავწყვიტე, მაგრამ როცა თითებზე გაღვიძებამდე დარჩენილი საათები გადავთვალე, მივხვდი, რომ აზრი აღარ ჰქონდა. თუ დავიძინებდი, დიდი ალბათობით, უნივერსიტეტში წასვლასაც გადავიფიქრებდი, ამიტომ გადავწყვიტე დილა უფრო ადრე და შედარებით უფრო პროდუქტიულად დამეწყო.

ცხოვრებაში პირველად უნივერსიტეტში წასვლამდე ვარჯიში გადავწყვიტე. დინამიკებში მუსიკა ჩავრთე, სპორტულები ჩავიცვი და იმისთვის, რომ ჩემი უხერხული მოძრაობები მეზობლებს არ დაენახათ, ფარდები ბოლომდე გადავწიე.

ვარჯიში კარგი რამე ყოფილა, მხოლოდ ჩემს სხეულზე ვიყავი კონცენტრირებული და ასე თუ ისე  ტვინი ცოტახნით მართლაც გათავისუფლდა უაზრო ფიქრებისგან. თავს დავაჯერე, რომ ცხოვრებაში კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი უფრო მნიშვნელოვანი რამ ხდებოდა, ვიდრე ჯეიმისთან განშორება.. რომ ჯერ არ გვქონდა ისეთი სერიოზული ურთიერთობა დაწყებული, რომ მისი დამთავრების შემშინებოდა. საკუთარი სიძლიერის ნაკლებად მჯეროდა, მაგრამ ვიცოდი, თუ საჭირო გახდებოდა ადრე თუ გვიან გრძნობებს გამოვრთავდი და ცხოვრებას ზუსტად ისეთ რეჟიმში გავაგრძელებდი, როგორიც ჯეიმის გაცნობამდე მქონდა…

არ მინდა უიმედობის განცდა მქონდეს ან ვინმეზე ვიყო დამოკიდებული.. ჯეიმისთან განშორება ძალიან გამიჭირდება, მაგრამ ყველანაირად მზად უნდა ვიყო მოულოდნელი ან ძალიან მოსალოდნელი დარტყმისთვის.. თუ ასე მოხდება, არ ვიცი, რას მოვუხერხებ თავს, მაგრამ იმედია, რომ შავი, უფროსწორად ფერებისგან დაცლილი ორმოდან ნელ-ნელა ამოვძვრები.

***

პირველ ლექციაზე მაინც დამაგვიანდა. მეგონა მარტო მომიწევდა აუდიტორიის კარის შეღება, თუმცა საბედნიეროდ, თალისას და ანაბელს შენობის შესასვლელთან მოვკარი თვალი. ერთმანეთის მოშორებით იდგნენ, თალისა სიგარეტს ეწეოდა და სადღაც შორს იყურებოდა. მივხვდი, რომ დიდი უხერხულობა ჩამოწვა მათ შორის და რომ ჩემ ლოდინში სალაპარაკო თემაც გამოელიათ, ამიტომ ნაბიჯებს ავუჩქარე და ორივეს ბოდიში მოვუხადე დაგვიანებისთვის.. ძნელი შესამჩნევი არ იყო, რომ თალისას დიდად მაინც არ მოსწონდა ანაბელი, უფრო სწორად ვერ ხვდებოდა ასე მალე როგორ ან რატომ დავუახლოვდი მას.. არ ვიცი, იქნებ ეჭვიანობდა კიდეც, მაგრამ ფაქტია, მისგან განსხვავებით ანაბელი ნაკლებს ფიქრობდა თალისაზე და… ზოგადად არც აინტერესებდა სხვა რას ფიქრობდა მასზე..

საერთო, ჩემ გარდა, მათ მართლაც არაფერი ჰქონდათ და ალბათ, უნივერსიტეტის მოუხერხებელ მერხზე ყოველ ჯერზე ზუსტად ამიტომ ვჯდებოდი მათ შორის.. ჩანთიდან პასტა და რვეული ამოვიღე, რომელშიც იშვიათად ვინიშნავ ლექციის მსვლელობისას მოსმენილ ვითომდა ჩემთვის საინტერესო ინფორმაციას, თუმცა, როგორც საკუთარ თავს შევპირდი დღეს პროდუქტიული დღე უნდა მქონოდა, ამიტომ ყურადღება მაქსიმალურად დავძაბე და ლექტორის მონოტონური საუბრის მოსმენა დავიწყე…დავიწყე მანამ, სანამ ისევ არ ჩამეძინა.

***

უსიზმრო ძილიდან ვიღაცის შეხებამ გამომაფხიზლა, თავი მაგიდიდან ავწიე და შუბლი მეტკინა როცა მივხვდი, რომ ნახევარი ჩანთა სახეზე მეხატა. დილაადრიან ვარჯიში არც თუ ისე კარგი იდეა ყოფილა. მართალია, პირველ ლექციაზე გემრიელად გამოვიძინე, მაგრამ ჩემს ნიშნებზე ეს გამოძინება კარგად ნამდვილად არ აისახებოდა.

კაფეტერიაში ჩასვლამდე თალისას და ანაბელს ბოლო 45 წუთის განმავლობაში განვითარებული მოვლენები ქრონოლოგიურად მოვაყოლე. როგორც აღმოჩნდა, ორი სტუდენტი სერიოზულ კამათში შესულა ერთმანეთთან, მე კი ისე ღრმად ჩამძინებოდა, ალბათ, ბომბის აფეთქებასაც ვერ გავიგებდი. სიმართლე ვთქვა, დიდად არ მაინტერესებდა ამ დისკუსიის დეტალები, მაგრამ ცხოვრებაში პირველად ანაბელი და თალისა ერთნაირი ენთუზიაზმით მიყვებოდნენ რაღაცას, მე კი ამ ჰარმონიულ მომენტს ნამდვილად არ გავაფუჭებდი.

კაფეტერიაში ვისხედით და სხვადასხვა თემაზე ვლაპარაკობდით, მე კი ბევრი მცდელობის მიუხედავად, ფიქრებით ყოველ ჯერზე ჯეიმისთან ვბრუნდებოდი. დრო მალე გავიდა და მეორე ლექციაზე შესვლის დროც მოახლოვდა. მეზარებოდა, რაღაცნაირად არსებობა მეზარებოდა და ისიც არ ვიცოდი, ვისთვის უნდა დამებრალებინა ეს ყველაფერი. თალისას თავი ატკივდა და სახლში წასვლა გადაწყვიტა. ანაბელი ყოყმანობდა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ლექციაზე ჩემი დასწრების ალბათობაც 0-ს გაუტოლდა, შემომთავაზა, რომ სახლამდე ერთად გაგვესეირნა.

თალისას მისმა ახალმა მეგობარმა ბიჭმა, უილმა, მანქანით მოაკითხა, მე და ანაბელს ხელი დაგვიქნია და ბედნიერმა მოიჯახუნა კარები.
გზაში მინდოდა ანაბელისთვის ჯეიმის ამბები მომეყოლა, მაგრამ გადავიფიქრე.. ისედაც ცუდ ხასიათზე ვიყავი და იგივე სცენარის მეორეჯერ გათამაშება ნამდვილად ბოლოს მომიღებდა.

***


სახლამდე კაფეში შესვლა გადავწყვიტეთ და სხეულის კარგი ფორმის შენარჩუნების მიზნით ჯანსაღი სალათა შევუკვეთეთ, მაგრამ როცა მივხვდით, რომ არ გვეყო, პირობა ორივემ დავარღვიეთ და ხორცითა და ექსტრა ყველით გატენილი ორი დიდი ბურგერი დავამატეთ. ესეც ელის პროდუქტიული დღე.

პირი ჯერ კიდევ ბურგერით მქონდა გამოტენილი, როცა ჯიბეში ტელეფონი აზუზუნდა. გამიხარდა, რომ ზარი იქამდე არ გაითიშა, სანამ ლუკმა ბოლომდე არ გადავყლაპე. დაფარული ნომერი რეკავდა, ამიტომ მეც ფორმალურად ვუპასუხე :

– გისმენთ.

-როგორ ხარ? – ბიჭის ხმა გაისმა მეორე ხაზიდან, მე კი წარმოდგენა არ მქონდა ვის ველაპარაკებოდი.

-რომელი ხარ?

-ესეიგი საუკეთესო მეგობარს უკვე ვეღარც ცნობ.- ჩაეცინა და მგონი მივხვდი, ვინც იყო.

-დინ? – წარბები შევჭმუხნე, ანაბელი კი მისი სახელის გაგონებისას სკამიდან წამოიწია.

-კაი, ამჯერად გაპატიებ.

– რა გინდა? – წარმოდგენა არ მქონდა რატომ მირეკავდა.. იმ საუბრის მერე დინთან აღარ მილაპარაკია.. ჩემთვის ამოუცნობი მიზეზის გამო კი მისი რჩევის გაუთვალისწინებლობისთვის თავს დამნაშავედ ვგრძნობდი.

-ვაუ, ესე უხეშად რატომ?- ხმა უფრო დაუბოხდა, მე კი სიტუაციის გამოსწორების მიზნით ვიცრუე:

-ლექციაზე მეჩქარება და თუ რამე გინდა უცბად მითხარი.

– აი მანდ შეგეშალა, არაფერი შენგან არ მინდა.. ან შეიძლება მინდა კიდეც. – თვალწინ დამიდგა მისი სახე, მისთვის დამახასიათებელი გამოცანებით ლაპარაკი კი უკვე ალერგიას მაძლევდა.

-დინ…

-კაი, შენთან გართობას აზრი არ აქვს. დღეს საღამოს ჩვენთან გელოდები და შენი ლამაზი მეგობარიც წამოიყვანე. – ერთი ამოსუნთქვით მითხრა ეს წინადადება.

-ანაბელი?- თან ანაბელს გავხედე, რომელსაც ლოყები უცბად კეტჩუპის ფერი გაუხდა.

– თუ სხვა ლამაზი მეგობარიც გყავს, ეგეც.

-და რა ხდება შეიძლება გავიგო?

-შეიძლება. დინ გრანდ ფართიზე გეპატიჟები.

-დინ გრანდ რაზე? – ვერ შევიკავე და გამეცინა.

-ჰო, თუ სახელი არ მოგწონს, სხვას დავარქმევ.

-არა, სახელი მომწონს, უბრალოდ… მე რატომ მეპატიჟები აი ეგ მიკვირს.

-ჩემი ანკესი ხარ და მაგიტომ.

-ჰა? – დინთან ლაპარაკი უკანასკნელ ენერგიას მაცლიდა.

-შენი მეგობარი-მეთქი, ხო გახსოვს.. კაი დაიკიდე, ზედმეტად ნელი ხარ. – იმედგაცრუებული ხმით წარმოთქვა. მე კი ძლივს გავიაზრე რაც იგულისხმა.

-ოქეი.

-ესეიგი დაგელოდოთ? – ხმაზე ეტყობოდა, რომ გაუხარდა.

– არ ვიცი… ბევრი ხალხი იქნება? – ვკითხე.

– კი, გრანდ ფართი აბა, შენი აზრით, რატომ დავარქვი.

-კარგი, ვნახოთ..

-მოდი, ხო იცი, მე არ მოგაწყენ.

-კი, მაგაში დარწმუნებული ვარ.- თვალები ავატრიალე და ტელეფონი გავთიშე.

ანაბელი თვალს არ მაშორებდა, მიხვდა, რომ თვითონაც იყო გარეული ამ ამბავში, ამიტომ სანამ მილიარდ შეკითხვას მომაყრიდა, ვუთხარი, რომ ჯეიმის მეგობარ დინს ანაბელი მოსწონდა და რომ საღამოს „დინ გრანდ ფართიზე“ ორივეს ერთად გვეპატიჟებოდა.

***

-რას ფიქრობ, ძაან მოტკეცილია? – ანაბელი ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში სარკეში ათვალიერებდა საკუთარ თავს და იმის მიუხედავად, რომ უკვე 20-ჯერ ვუთხარი თუ რა კარგად გამოიყურებოდა, მაინც არ სჯეროდა.

დინთან ლაპარაკის შემდეგ სახლებში დავიშალეთ, მე კი მთელი გზა ტელეფონს ვამოწმებდი იმის იმედით, რომ ჯეიმი დამირეკავდა. რამდენჯერმე მეთვითონ ავკრიფე მისი ნომერი, დარეკვას ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე და საღამომდე მოცდა გადავწყვიტე.

აღარ მინდოდა ჯეიმიზე დამოკიდებული ვყოფილიყავი, უნდა შევგუებოდი იმ ფაქტს, რომ მალე ჩვენი სატელეფონო ზარები დიდი ალბათობით კიდევ უფრო შემცირდებოდა.

აჰ, ამის დედაც, ესეთი სიმპატიური მაინც არ იყოს…

-ელის!- ანაბელის ხმამ დამაბრუნა რეალობაში,

-ბოდიში, რაღაცაზე ვფიქრობდი.. ძალიან გიხდება, მართლა. – ავდექი და მივხვდი დრო იყო მეც დამეწყო გამზადება.

– აჰ არ ვიცი, რაც არის არის.

– დინს ყველანაირად მოეწონები, დარწმუნებული ვარ. – ვუთხარი და ოთახში გადანაცვლების მაგივრად მაცივარს მივუახლოვდი და ღვინის ბოთლი გამოვიღე. ჯეიმისთან შეხვედრამდე ცოტა ალკოჰოლის მიღება არ მაწყენდა.

-ვის ატყუებ. არ გავს ეგეთ ბიჭს.. – ანაბელი მომიახლოვდა და ღვინით სავსე ჭიქა გამომართვა.

-როგორ ეგეთს? – გამეცინა.

– აი ყველანაირად რომ მოეწონები.

– ანუ?

– ანუ ის, რომ თუ ბოლომდე კარგ ფორმაში არ ვიქნები, მგონია მაშინვე დამიკიდებს.

– ჰოდა თუ ეგრე ფიქრობ, ეგეთი ბიჭი არ გჭირდება. – პირდაპირ მოვუძებნე გამოსავალი.

– ჰო, მაგრამ, ძალიან სიმპატიურია… თან ხმაც როგორი ბოხი აქვს? – ანაბელი გაბრწყინებული სახით ლაპარაკობდა დინზე.. აშკარად ძალიან მოსწონდა ჩემი კარის მეზობელი, მე კი სხვა გზა არ მქონდა… დინის სულელურ ფართიზეც სწორედ ანაბელის გამო მივდიოდი. მთავარია, დინს ანაბელთან არაფერი შეეშალოს, თორემ ჩემი სახით აუცილებლად დიდ შარში გაყოფს თავს.

***

შავი როლინგი, შავი ქვედაბოლო და გძელი შავი ჩექმები ჩავიცვი. მრგვალი ვერცხლისფერი საყურეები გავიკეთე და თმა მაღლა ავიწიე. მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და როცა სარკეში საკუთარი თავი კიდევ ერთხელ შევათვალიერე მივხვდი, რომ ასეთი თმებით თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი და ისევ გავიშალე. ახალი სტილის მორგება ყოველთვის ურთულესი გამოწვევა იყო ჩემთვის.

ღვინის მეორე ჭიქაც ჩავცალე, დინამიკებში ჩართულმა მუსიკამ კი კარგ ხასიათზე დამაყენა და ჩემდა გასაკვირად, ანაბელის მსგავსად, მეც ერთი სული მქონდა, რომ დინის ფართიზე წავსულიყავი.

ტელეფონი 100 პროცენტით დაიტენა თუ არა, გამოვაერთე და სანამ ჩანთაში ჩავდებდი კიდევ ერთხელ დავხედე ეკრანს. ჯეიმისგან ერთი შეტყობინებაც არ მომსვლია. გუშინდელი საუბრის შემდეგ, კი ვფიქრობ, პირველი სწორედ ის უნდა შემხმიანებოდა.. მითუმეტეს, რომ მისი უახლოესი ძმაკაცი რაღაც ფართიზე მეპატიჟებოდა. ფართიზე, სადაც დიდი ალბათობით ჯეიმიც დამხვდებოდა.

***

დინის სახლიდან გამომავალი მუსიკის ხმა ჩემს სახლამდეც აღწევდა. ამიტომ უკვე შევეგუე იმ ფაქტს, რომ ხვალ დილით სერიოზული თავის ტკივილით გავიღვიძებდი. ზარის დარეკვას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ როდესაც დინის სახლის კარებს მივუახლოვდით, ყოველგვარი შემოპატიჟების გარეშე პირდაპირ შიგნით ამოვყავით თავი.

ანაბელი ზურგს უკან მორიდებულად მომყვებოდა, მე კი თვალებით ნაცნობ სახეებს ვეძებდი.

სახლში ბუღი იდგა, ალკოჰოლისა და სიგარეტის სუნი ერთმანეთში ირეოდა და უამრავი სხეულით იყო გადატენილი აქაურობა.. მუსიკა იმდენად ხმამაღლა იყო ჩართული, რომ ანაბელის ხმა საერთოდ არ მესმოდა. მხოლოდ ტუჩების მოძრაობით ვხვდებოდი რას მეუბნებოდა და მისი შემდეგი კითხვაც სწორედ ასე ამოვიკითხე: „ეხლა რა ვქნათ?“

კიდევ კარგი, რომ აქ მოსვლამდე ორი ჭიქა ღვინო დავლიე, თორემ ნამდვილად არ მეცოდინებოდა რა უნდა გვექნა, უხერხულობისგან კი აუცილებლად სახლში გავბრუნდებოდი.

ზურგზე მოულოდნელად ხელის შეხება ვიგრძენი და როცა შემოვტრიალდი სტეისის შევეფეთე.

-ელის, როგორ ხარ?- სტეისი გადამეხვია და სასმლით სავსე ჭიქიდან რამდენიმე წვეთით ჩემი როლინგი და ქვედაბოლო დაასველა.

– ვაიმე! ძალიან დიდი ბოდიში, დავლიე და წონასწორობას უკვე ვეღარ ვინარჩუნებ.- ტუჩზე იკბინა და შეწუხებული სახით შემომხედა.

– რას ამბობ, რა პრობლემაა.- ვუთხარი, არადა უკვე ერთი სული მქონდა დასვრილი ზედა გამომეცვალა.

– რას შვები აბა, მომიყევი.. შენს მეგობარს მგონი ვიცნობ უკვე. – ანაბელს შეხედა და მერე მზერა ისევ ჩემზე გადმოიტანა.

-ხო, იმ დღეს კოცონზე ერთად ვიყავით..

– მგონი ჯობია დალიოთ, თორემ ორი წუთიც და თავი საშინლად აგტკივდებათ. – სტეისი მუსიკის გადაფარვის მიზნით ყურში ჩამყვიროდა და სანამ რამეს ვუპასუხებდი დაამატა :

-დინს მიულოცეთ უკვე?

-მივულოცეთ? – მეც ყვირილით ვუპასუხე.

– ჰო, დინს დაბადების დღე აქვს. – გვითხრა და უცბად ადგილზე შეხტა, რადგან უკნიდან ნოა მოეხვია. აშკარად ნასვამი იყო, რადგან სანამ სტეისიმ ჩემზე არ მიანიშნა, იქამდე ვერ მიცნო.

-ეეე ელის, როგორ გამიხარდა შენი დანახვა. – მაგრად მომეხვია და ალკოჰოლის სუნი კიდევ უფრო მძაფრად ვიგრძენი.

– ესეიგი ვსვამთ? – სტეისი ნოას მოშორებაში დამეხმარა და სიცილით სასმლის კუთხისკენ გადავინაცვლეთ.

***

არ მახსოვს არყის მერამდენე ჭიქა გადავკარი, მაგრამ სანამ მომდევნოს მოვიყუდებდი, უკნიდან ვიღაცამ ყურში ჩამყვირა.

-ვაა, ჩემი საუკეთესო მეგობარიც მოსულა. – დინი იყო, ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი და ზემოდან დამყურებდა. იმდენად ნასვამი ვიყავი, შემოვტრიალდი თუ არა ხელები მოურიდებლად გავშალე, ჩავეხუტე და ვუთხარი:

– თურმე რა მნიშვნელოვანი დღე ყოფილა დღეს! ჩემი უსაყვარლესი დინის დაბადებას გაუმარჯოს! – დინს წელზე ხელი შემოვხვიე და მის სახელზე არყის მომდევნო ჭიქა ჩავცალე.

-ესეთი უფრო მომწონხარ, – დინმა ხელით თმები ამიჩეჩა და მალე ყურადღება ანაბელზე გადაიტანა.

თავბრუ მეხვეოდა და ისეთი ხმაური იყო, წარმოდგენა არ მქონდა დინი რას ეუბნებოდა ანაბელს. ჩემს მეგობარს ეღიმებოდა, ერთდროულად დაბნეული და ძალიან გახარებული ჩანდა. თვალებ მოჭუტული ვაკვირდებოდი შორიდან, მაგრამ როგორც კი დინმა წელზე ხელი შემოხვია, სანამ ნაბიჯს გადადგავდნენ, ჭიქა მაგიდაზე დავდგი და დინი ჩემკენ შემოვატრიალე.

-დინ, ხომ იცი, როგორც მიყვარხარ, მაგრამ იცოდე, ჩემს მეგობარს რამე რომ აწყენინო…- ვუთხარი, უფროსწორედ ავძახე (რადგან ჩემზე გაცილებით მაღალი იყო) დინს კი ჩაეცინა და ზუსტად ის პასუხი დამიბრუნა, რომლის მოსმენაც ყველაზე მეტად არ მინდოდა :

– ჰმმ.. ჩემი რჩევა შენ არ გაითვალისწინე, ამიტომ… თავს ვერც მე დავდებ ელის. – თვალი ჩამიკრა და სანამ უკეთეს პასუხს მოვიფიქრებდი, ანაბელთან ერთად სხვა ოთახში გაუჩინარდა.

მაინც არ მომწონს ეს ბიჭი, სულ ჩემს ნერვებზე რატომ თამაშობს? ან საერთოდ ვინ ჰგონია თავი?! მისი რომელი რჩევა უნდა გამეთვალისწინებინა? ის, რომ მასთან შედარებით ჩემთვის გაცილებით ახლობელი ადამიანი აღარ მენახა? ჯეიმი… მხოლოდ ეხლა გამახსენდა მისი არსებობა და გულში ნემსების ჩხვლეტა ვიგრძენი.

სტეისი და ნოა ერთად ცეკვავდნენ, მე კი ერთ ადგილზე გაშეშებული ვიდექი და ძალიან მარტოსულად ვგრძნობდი თავს, კისერში ბურთი მეჩხირებოდა და სახლში დაბრუნების სურვილი ნელ-ნელა მიმძაფრდებოდა. როცა სასმლის კუთხეში საჭიროზე მეტი ადამიანი მოგროვდა, სახლის უკანა ეზოში გასვლა გადავწყვიტე. სუფთა ჰაერი იმედია გამომაფხიზლებდა… ან პირიქით.

***

ვიტრინებიანი გასასვლელისკენ ნელ-ნელა მივდივარ და მთვრალი სხეულების ჩამოშორებით წონასწორობის შენარჩუნებას ვცდილობ. თავი მისკდება, მუსიკა ორმაგად უფრო ხმამაღლა მესმის და თუ ცოტახნით სიმშვიდეში არ განვმარტოვდები, აუცილებლად გული ამერევა. თავბრუ მეხვევა და ტვინში გაუჩერებლად ვიმეორებ ტყუილით გაჟღენთილ სიტყვებს – „ოღონდ ეხლა კარგად გავხდე და არასდროს აღარ დავლევ“

ალბათ, ზედმეტად გავერთე ფიქრებში ან უბრალოდ ძალიან ნასვამი ვიყავი, რადგან ზუსტად მაშინ, როდესაც წვალებით დიდ თეთრ კარებს მივუახლოვდი, მესამე ან მეოთხე ნაბიჯის გადადგმის დროს წავბორძიკდი და იატაკზე პირდაპირ თავით დანარცხებისთვის მოვემზადე. საბედნიეროდ ჩემი მოლოდინი არ გამართლდა, უცბად ვიღაცამ მხარზე ძლიერად მომკიდა ხელი და ერთ ადგილზე გამაჩერა.

-ვაუ, – ვამბობ და შავი მარტენსებიდან, ჯერ შავ შარვალზე, შემდეგ კი შავ მაისურზე გადამაქვს მზერა და ნაცნობი შრამის დანახვის შემდეგ თვალები მიფართოვდება. არც მეტი, არც ნაკლები, მაიკლი დგას ჩემ წინ.

მართალია, ყველაფერს სასმელს ვაბრალებ, მაგრამ ჩემი უადგილო სიცილიც მხოლოდ ალკოჰოლურ მდგომარეობაში ყოფნას შეიძლება მივაწერო. შევხედე თუ არა სიცილი ამიტყდა. თან ისე გულიანად მეცინებოდა, რომ თვალების კუთხეები ცრემლებით დამისველდა. ვუყურებ, მეცინება და თან ჩემი უცნაური სიზმარი მახსენდება. იმდენად რეალური იყო ყველაფერი, რომ ახლა როდესაც მის სახეს მოურიდებლად ვაკვირდები, წარმოდგენა მრჩება, რომ ისიც ჩემს სიზმარზე ფიქრობს.

– მგონი საჭიროზე ბევრი დალიე. – მაიკლი ხელს არ მიშვებს, მასაც ეღიმება, მაგრამ, რადგან ასეთ არაადეკვატურ მდგომარეობაში მხედავს, ჩემი გამოფხიზლების მიზნით ცოტა დამრიგებლური ტონით მომმართავს.

– რა გაცინებს, კინაღამ პირდაპირ თავით წაიქეცი. – ხელს ძლიერად მიჭერს მხარზე. არ ვიცი რისი ბრალია, მაგრამ მისი  შავი თვალები დღეს განსაკუთრებით ლამაზი მეჩვენება.

– ვაუ, ზუსტად ისე დამიჭრე, როგორც… როგორც ფილმებშია ხოლმე. – ყველაზე სულელური პასუხი დავუბრუნე, თან დამასლოკინა და მომენტალურმა უხერხულობის შეგრძნებამ ცოტა გამომაფხიზლა.

– მეტი აღარ დალიო. – სახეზე მაკვირდება, მე კი სანამ სიცილის მომდევნო ტალღა შემომიტევს, სერიოზული სახის შენარჩუნებას ვცდილობ და ვპასუხობ.

– აუცილებლად გავითვალისწინებ, ბოს. – გამართული ხელის მტევანი საფეთქელთან მიმაქვს და თან თავს ვუქნევ. ჩემს მოძრაობაზე მაიკლსაც ეცინება, თვალები ოდნავ ეჭუტება და ლოყაზე საყვარელი ღრმული უჩნდება.

– აქ მარტო ხარ? – ხელს მიშვებს და მისი შეხების დანაკლისს ვგრძნობ..ისევ ალკოჰოლს თუ დავაბრალებ ჩემ ემოციურ მდგომარეობას.

-აჰამ… უფროსწორად, არა.. მეგობართან ერთად მოვედი. – ანაბელის არსებობა კინაღამ დამავიწყდა.

– ანაბელთან?- მაიკლს გვერდულად გაეღიმა და წარმოვიდგინე დინს უკვე რამდენი რამ ექნებოდა ნათქვამი ანაბელთან დაკავშირებით.

– მჰმ…სუფთა ჰაერზე მინდა…გასვლა. – ენის ბორძიკით წარმოვთქვი სიტყვები, ხალხმრავლობა და მუსიკა უკვე ზედმეტად მაწუხებდა.

– გავიდეთ. – წელზე ხელი მომხვია და გასასვლელისკენ გამიძღვა. მის შეხებაზე შევკრთი, უცნაური შეგრძნება დამეუფლა და თითქოს სახეზე გაყინული წყალი შემასხესო, გამოვფხიზლდი, მაშინვე გამოვფხიზლდი და ჯეიმის სახე დამიდგა თვალწინ. ნამუსმა შემაწუხა, უცბად მაიკლის ხელი მოვიშორე და დისტანცია გავზარდე ჩვენ შორის.

–  ნუ გეშინია, აღარ წავიქცევი. – სიცილით ვუთხარი და ეზოში გასვლისთანავე სუფთა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე.

***

გარშემო ბევრი პუფი ეყარა, ძალიან დაღლილი ვიყავი, დაჯდომა მინდოდა, მაგრამ როცა ერთ-ერთ კუთხეში ბიჭის კალთაში მოკალათებული გოგონა და მათი გადახლართული სხეულები დავინახე, გადავიფიქრე. თან ისიც ვიცოდი, თუ დავჯდებოდი დიდხანს ვეღარც ავდგებოდი იქიდან.

მე და მაიკლი ქვის მაღალ მაგიდას მივუახლოვდით, იდაყვით დავეყრდენი და სიმშვიდე ძალიან მესიამოვნა. მაიკლს მარჯვენა ხელი მაგიდაზე აქვს ჩამოდებული, მოურიდებლად მაკვირდება და  უხერხულობას საერთოდ არ გრძნობს იმის მიუხედავად, რომ ხმას არც ერთი არ ვიღებთ. არ ვიცი ახლა რას ფიქრობს, არც ის ვიცი ახლა მასთან ერთად აქ რას ვაკეთებ, მაგრამ როდესაც მზერას ვუსწორებ, დარწმუნებით მხოლოდ იმას ვხვდები, რომ წარმოდგენა არ აქვს რა ხდება ჩემსა და ჯეიმის შორის.

-გაერთე? – დუმილს მაიკლი არღვევს. ხელით შავ თმებს იჩეჩავს და უკან იწევს. ლამაზი შუბლი აქვს, ვფიქრობ ჩემთვის და სანამ ვუპასუხებ ვახველებ.

-რავი, კი. მაგრამ ხალხმრავლობა დიდად არ მიყვარს…

-ჰო.. არც მე..ესეთი წვეულებები უფრო… დინის და ჯეიმის სტილია. – მპასუხობს. საბედნიეროდ მაგიდას ვეყრდნობი ხელით, თორემ აუცილებლად კიდევ წავბორძიკდებოდი.

-ჰმმ, მართლა?- ღრმად ვისუნთქავ სუფთა ჰაერს და გამოფხიზლებასთან ერთად ვხვდები, რომ ცუდი იდეაა მაიკლთან ერთად განმარტოვებით ყოფნა.

-ჰო,  ნებისმიერ რამეს მოიმიზეზებენ იმისთვის, რომ შემდეგ ეს რაღაც სასმლით ხელში აღნიშნონ.- ეცინება, თავს გვერდით ატრიალებს და სახლისკენ იყურება. შენობიდან გამომავალი ყვითელი შუქი მის თეთრ კანზე ირეკლება. კარგი ფოტო გამოვიდოდა, ვფიქრობ ჩემთვის და სანამ გააზრებას მოვასწრებ ვეკითხები:

-დინთან უფრო ახლოს ხარ, თუ… ჯეიმისთან?

-ცუდი შეკითხვაა. – კვლავ მე მისწორებს მზერას და მისი შავი, ნუშისებრი თვალების ყურებისას ყავის დალევა მინდება.

-მაინც..

-ორივესთან ერთნაირად. – იმდენად დამაჯერებლად მპასუხობს აღარ ვეძიები.

-ერთმანეთს ყველაფერს უყვებით? – არ ვიცი, რატომ ვერ ვაჭერ ენას კბილს.

-კი, თითქმის.

-კარგია… – ჩავახველე და თან ხელით კაბას ვისწრორებ.

-აჰამ.- ეღიმება და ნაცნობი ღრმული ისევ უჩნდება ლოყაზე.

-კარგი..ამმ.. მე შიგნით გადავინაცვლებ, ანაბელს…

-ელის, – ერთი ნაბიჯით მიახლოვდება, ტუჩებს აშორებს ერთმანეთს და მერე ისევ ჩერდება..

-ჰოუ. – გულის ცემა ბაგა-ბუგით მესმის ყურებში, ერთი სული მაქვს მალე დავემშვიდობო.

-ორი წუთით იყავი კიდე აქ…- თვალებით მთხოვს და უარის თქმა განსაკუთრებით მიჭირს.

-კარგი, ვიქნები. ოღონდ 2 წუთით. – მეცინება, ვცდილობ სიტუაცია გავანეიტრალო, მაგრამ დაძაბულობა ჰაერშიც კი იგრძნობა.

-გუშინ კარგი იყო შენთან ლაპარაკი.. და… კარგი იქნება თუ კიდევ გავიმეორებთ. – მეუბნება და ადგილზე ვშეშდები. რა უნდა ვუთხრა? არა, ვერ გემეგობრები იმიტომ, რომ მე და შენი ძმაკაცი ერთად ვართ-მეთქი? იქნებ თვითნ ჯეიმი არც ფიქრობს, რომ ერთად ვართ?

-კი, კარგი იყო. –  მოკლედ ვპასუხობ, განზე ვიხედები და იმედი მაქვს დანიშნული ორი წუთი მალე გავა.

-შემომხედე. – უცბად მეუბნება,  ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ და მზერას ვუსწორებ.

-ლამაზი ხარ. ძალიან.- სახეზე მათვალიერებს, იმდენად მწველია მისი მზერა მგონია, რომ ადგილზე ჩავიფერფლები.

-მადლობა. – სიტუაციის გასანეიტრალებლად მაჯაზე არარსებულ საათს ვუყურებ და ვეუბნები – აი ორი წუთიც გავიდა, ბოდიში უნდა წავიდე. – ვუღიმი და როცა უნდა შემოვტრიალდე მაჯაზე ხელს მკიდებს და ადგილზე მაჩერებს. თბილია მისი შეხება.

-ყოველთვის გამირბიხარ. ასე ძალიან გაბნევ? – ეღიმება და მხოლოდ ამ წამს ვხვდები, რომ მაიკლი ძალიან, ძალიან მაბნევს. მაბნევს ჩემი უცნაური სიზმრებიც, მუცელში უცნაური შეგრძნებაც, რომელიც მაიკლთან შეხვედრისას ოდნავ, მაგრამ მაინც იგრძნობა. მაბნევს ჯეიმის საქციელიც და საერთოდ ყველაფერი, რაც ჩემ მოპირდაპირე სახლს და მის მაცხოვრებლებს უკავშირდება.

-ჰაჰ, არა, რა თქმა უნდა არა, უბრალოდ…- საჭირო სიტყვებს ვერ ვპოულობ და სუნთქვა მეკვრება, როცა მაიკლი მიახლოვდება, ყურზე თმას მიწევს და ცერა თითით ჩემს ყვრიმალს ნაზად ეხება.

– შენც… იმას გრძნობ… რასაც მე?- ცხელი სუნთქვა მეფერება სახეზე. მინდა ხელი ვკრა და უკან გავწიო, მაგრამ რაღაც ძალა ერთ ადგილას მაშეშებს.

-მითხარი. – ძალიან ახლოს არის და ფიქრის საშუალებას არ მაძლევს.

-ბოდიში, მართლა უნდა….უნდა შევიდე შიგნით. – ხელით მის დიდ ხელს ვეხები და ქვემოთ ვაწევინებ. სახე უსევდიანდება და ჩემთვის გაურკვეველი მიზეზის გამო მეც გული მტკივა, რომ ასე ვიქცევი. გაორება მჭირს და ალკოჰოლის გამო ბოლომდე საღად ვერ ვაზროვნებ. მინდა ისიც ვუთხრა, რომ არაფერს, საერთოდ არაფერს ვგრძნობ მის მიმართ, მაგრამ ამის მაგივრად ზურგს ვაქცევ და სწრაფი ნაბიჯებით სახლისკენ მივდივარ.

***

-ჰეი, რამდენი ხანია გეძებ, სად იყავი? – ანაბელს უცნაური ფერის კოქტეილი უჭირავს ხელში და ყურში ჩამყვირის.

-გარეთ. სახლში ვაპირებ წასვლას. – ვეუბნები და თან უკან ვიხედები, აღარ მინდა უხერხული საუბრის შემდეგ ისევ მაიკლს შევეფეთო.

-სახლში? ღადაობ ხო? ჯერ 10 საათია. – მოწყენილი სახით მიყურებს, მერე თავი უფრო ახლოს მოაქვს და ყურში მეუბნება:

-დინმა მაკოცა.

-ჰა? ესე მალე? როგორი იყო?- მხრებზე ხელს ვკიდებ და მის ბედნიერ სახეს ვაკვირდები.

-ელის! – ეცინება და ლოყები უვარდისფრდება.

-კარგი, მერე მომიყევი. სად არის დინი? – ვეკითხები და შეშინებული ისევ ჩემ უკან ვიყურები.

-მგონი…- შემოსასვლელი კარებისკენ გაიხედა და მითხრა- მგონი ჯეიმის ელაპარაკება, ეხლა მოვიდა.

ანაბელიდან მზერა შემოსასვლელი კარისკენ გადამაქვს და მას ვხედავ… გული რამდენიმე წამით მიჩერდება. დინზე ხელი აქვს გადახვეული და ყურში რაღაცას ეუბნება. ზოლიანი მაისური აცვია, მისი ვერცხლისფერი თმები კი ანათებს. ან უბრალოდ თვითონ ანათებს. მუცელი მიწრიალებს, ისევ ჯეიმის ვუყურებ და თან ანაბელს ვეკითხები:

-როგორ გამოვიყურები?

-იდეალურად, როგორც ყოველთვის. – ანაბელს ეცინება და ჩემ მზერას აყოლებს თვალს.

ჯეიმის მელოდიური სიცილი ამ ხმაურშიც აღწევს ჩემამდე, გულიანად ეცინება და წონასწორობას ძლივს იკავებს. გული მტკივა… ასე ძალიან რომ მიყვარს. გული მტკივა, ასე ძალიან მას რომ არ ვუყვარვარ, რომ მთელი დღის განმავლობაში ჩემსავით ხშირად არ ვახსენდები მას და რომ მის უახლოეს მეგობრებს ჩემ შესახებ არც კი უყვება არაფერს…

-ელის? ხო კარგად ხარ? – ანაბელს ხელი ჩემს სახესთან ახლოს მოაქვს და ტრანსიდან რეალობაში მაბრუნებს.

-ამმ, კი.. კარგად ვარ. – ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ, მაგიდიდან ვიღაცის დატოვებულ წითელ ჭიქას ვიღებ და კოქტეილს ვსვამ.

ვცდილობ ანაბელის უკან აღარ გავიხედო, მაგრამ ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ ორი სხეული ზუსტად ჩვენ გვიახლოვდება. ჯეიმი ჯერ ვერ მხედავს, ამჯერად დინი ეკიდება მას მხარზე, რაღაცას სიცილით ეუბნება და ეტყობა, რომ ძალიან ნასვამია. ჯეიმის ისევ ეცინება, დინს ზურგზე ხელს ურტყავს და როცა ფიქრებში გართულს, უკნიდან უცნობი ბიჭის სხეული მეჯახება და კოქტეილით სავსე ჭიქა ძირს მივარდება, დამსხვრევის ხმა მას მომენტალურად ჩემკენ ახედებს.

Published by Keti

:)

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started