6. გადაშლილი კარტები და ცხოვრება, როგორც ატრაქციონი

თვალები გავახილე. სახლში ვიყავი და უაზროდ ჭერს მივშტერებოდი. გუშინდელი საღამოს გახსენების სურვილი ნაკლებად მქონდა, მაგრამ დინთან დათქმულ შეხვედრაზე ფიქრი თავიდან ვერ ამოვიგდე.

გუშინ, როდესაც შეშით დატვირთულები მე და დინი ბავშვებს შევუერთდით, მალევე ყველა მიხვდა, რომ მაინც და მაინც კარგ განწყობაზე არ ვიყავი. ზოგმა გულის სიღრმეში დაახლოებით იცოდა ჩემი უხასიათობის ნამდვილი მიზეზი, უმეტესობას კი ეგონა, რომ უბრალოდ დაღლილი ვიყავი. სწორედ ამიტომ დაახლოებით ნახევარ საათში მე და ანაბელი სახლში დავბრუნდით. ერთი სული მქონდა მალე დამეძინა და ტვინი გამომერთო..

ანაბელს არაფერი უკითხავს. იცოდა, რომ თუ რამის თქმა მომინდებოდა, ისედაც ვეტყოდი. მე კი სწორედ ეს მომწონდა მასში. ზედმეტი კითხვების დასმა არ უყვარდა ანაბელს და ამის გამო ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს მის გარემოცვაში.

გაღვიძებისთანავე შევამოწმე ელექტროენერგია დაბრუნდა თუ არა ჩვენს ქალაქში, დადებითი პასუხის მიღების შემდეგ კი მობილური დასატენად შევაერთე და მხოლოდ ეკრანის განათებისას გავიგე, რომ 10 საათი გამხდარიყო. თავისით ასე ადრე არასდროს მეღვიძება.. ალბათ, ფიქრებმა ძილშიც არ მომასვენეს და სწორედ ამიტომ დავყურებდი ახლა მძინარე ანაბელს ზემოდან.

სამზარეულოში გადავინაცვლე, არ მშიოდა, ამიტომ მხოლოდ ყავა დავისხი გამოფხიზლების მიზნით. მალე ანაბელიც შემომიერთდა და როცა უკვე წასასვლელად გამზადებული დავინახე, გამიკვირდა.

ანაბელმა მომიბოდიშა და მითხრა, რომ ჩემთან ერთად ვერ ისაუზმებდა. როგორც ჩანდა, დედამისი ელოდებოდა სახლში და ვერ დააგვიანებდა. მეც მადლობა გადავუხადე ჩემთან დარჩენისთვის, გადავეხვიე და ვუთხარი, რომ გამზადებულ პრეზენტაციას მეილზე გადავუგზავნიდი.

დამშვიდობების ბოლო წამამდე ვფიქრობდი მეთქვა თუ არა მისთვის ის, რომ დღეს 12 საათზე დინს ვხვდებოდი პარკში დასალაპარაკებლად. თავი ცუდ მეგობრად მივიჩნიე, როცა დუმილის შენარჩუნება გადავწყვიტე, მაგრამ მეორეს მხრივ, საერთოდ არ ვიცოდი დინს რა თემაზე უნდა ელაპარაკა ჩემთან.. იქნებ რაიმე პირადულიც იყო, ამის ჩემი მეგობრისთვის გაზიარება კი, ვფიქრობ, ცუდი საქციელი იქნებოდა ჩემი მხრიდან.

ანაბელი გავაცილე, კარები გადავკეტე და დიდ ოთახში დივანზე მოკალათებულმა ტელეფონში ძრომიალი დავიწყე. თალისას მესიჯები დამხვდა, უნდოდა გაეგო ყველაფერი რიგზე იყო თუ არა. მეც ვუპასუხე, რომ ანაბელი დარჩა ჩემთან და რომ საღამოს შევეხმიანებოდი.

თალისას მაინც და მაინც გულზე არ ეხატებოდა ანაბელი, რაც ვაღიარებ, დიდად არ მიკვირდა. სანამ უკეთ გავიცნობდი, მანამდე მეც ასეთი დამოკიდებულება მქონდა ანაბელის მიმართ, ახლა კი ძალიან ვნანობდი, რომ წინასწარ შევაფასე ადამიანი, რომელსაც რეალურად არც კი ვიცნობდი. სამომავლოდ გეგმაში მქონდა, რომ ჩემი ორი ახლო მეგობარი ერთმანეთთანაც დამეახლოვებინა.. იმედია, ეს მაინც გამომივიდოდა კარგად…

ცოტა ხანში ჯეინმა დამირეკა ფეისთაიმით. შევატყვე, რომ ცუდ ხასიათზე იყო. არ მინდოდა ზედმეტად ჩაძიება, მაგრამ მისი საუბრის ტონიდან გამომდინარე, მარტივად მიხვდი, რომ აქაც ბიჭის ამბავი იყო და დიდი ალბათობით ბენს რაღაც შეეშალა. ხომ ვამბობდი, ჩემი დაქალის ქმარი არ მომწონს-მეთქი.

როცა ჯეინთან საუბარს მოვრჩი 11 საათი გამხდარიყო. დინთან შეხვედრამდე მხოლოდ ერთი საათი რჩებოდა, მე კი ვაღიარებ, ძალიან ვღელავდი. არ ვღელავდი იმაზე, რომ განმარტოვებით ვხვდებოდი მას, მაღელვებდა ის ფაქტი, რომ წარმოდგენა არ მქონდა რა თემაზე დასალაპარაკებლად მიბარებდა.

საპირფარეშოში გადავინაცვლე, მოვწესრიგდი და გამზადება დავიწყე. მომენტებში იმასაც ვფიქრობდი, რომ დინი საერთოდ არ მოვიდოდა, არ გამოჩნდებოდა დათქმულ ადგილზე და მე კიდევ უფრო სულელად ვიგრძნობდი თავს. ამასთან ერთად არც მისი ნომერი მქონდა, სახლში მიკითხვას კი ნამდვილად არ ვაპირებდი.

ერთადერთი რაც დამრჩენოდა მხოლოდ ის იყო, რომ სიტყვაზე მივნდობოდი მას და პირდაპირ ცენტრალურ პარკში შევხვედროდი.

ღია ფერის ჯინსის შარვალი ჩავიცვი, ზემოდან შავი როლინგი გადავიცვი და თმები ორ კიკინად დავიწენი. იშვიათად ვატარებდი სამკაულებს, მაგრამ ამჯერად დიდი მრგვალი საყურეები გავიკეთე და მინიმალური მაკიაჟი დავიტანე სახეზე. ფეხზე შავი მარტენსები ამოვიცვი და სანამ ცენტრალური პარკისკენ გავეშურებოდი სარკეში კიდევ ერთხელ ავათვალიერე ჩემი თავი.

კარები გარედან ჩავკეტე, ორი წამით გავჩერდი და ჯეიმის სახლისკენ გავიხედე. შეიძლება დინიც ეხლა გამოდიოდა სახლიდან და ამ შემთხვევაში ერთად გავისეირნებდით დანიშნულების წერტილამდე. მაგრამ მალევე მივხვდი, რომ დიდხანს ამ ადგილას დგომა არ მსიამოვნებდა, ამიტომ ნაბიჯებს ავუჩქარე და პარკისკენ დავიძარი.

* * * * *

ნოემბერი ყოველთვის სიცივით გამოირჩეოდა ნორტფორდში, მაგრამ დღეს საკმაოდ კარგი და მზიანი ამინდი იყო, რაც მაშინვე დაეტყო პარკში მოსეირნე წყვილების რაოდენობას.

თვალი მოვკარი ველოსიპედით მოსეირნე ბავშვებს და რაღცნაირად ნოსტალგია მომაწვა… ჩემი ბავშობა გამახსენდა და მშობლებიც მომენატრა. მე და მამაჩემი ყოველ შაბათ-კვირას ერთად ვსეირნობდით ხოლმე პარკში. მამაჩემი გაზეთით ხელში მყუდრო ადგილას რომელიმე სკამზე მოკალათდებოდა, მე კი ჩემი ვარდისფერი ველოსიპედით ამაყად ვარტყამდი წრეებს ნაცნობ ქუჩებს.

მოულოდნელად ეს სურათი თვალებიდან გაქრა, რადგან მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი და შემოტრიალებისას სერიოზულ დინს შევეფეთე.

კვლავ თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა. სხვანაირი აურის მატარებელი იყო და ერთი შეხედვისთანავე იგრძნობოდა, რომ საინტერესო და ღრმა ადამიანი იყო.
ჰო, არ ვიცი სიტყვა ღრმა რას ნიშნავს, მაგრამ ვფიქრობ, ზედაპირულად არაფერს უყურებდა და ბევრ რამეში დაინახავდა იმ დეტალებს, რასაც სხვა ვერასდროს შეამჩნევდა. გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ მასთან მეგობრობის სურვილი ყოველთვის მქონდა.

– არ მეგონა თუ მოხვიდოდი. – გულახდილად ვუთხარი.

– იმ ადამიანს ვგავარ ვინც პირობას არღვევს? – წარბი ამიწია და მის მიმიკაზე ჩამეცინა. პირველად მომეჩვენა, რომ საყვარელი იყო.

– არა, მაგრამ იმ ადამიანს ნამდვილად გავხარ, ვისაც ჩაეძინებოდა.

– გეტყობა, რომ არ მიცნობ. გვიანობამდე ძილი არ მიყვარს.

– ჰმმ, კარგია. ამიერიდან მეცოდინება. – გვერდით გავიხედე, რადგან არ ვიცოდი რა მეთქვა.

– წამო, ყავაზე დაგპატიჟებ. – ფიქრებიდან გამომაფხიზლა დინმა.

– თუ გინდა… აქ ვილაპარაკოთ. – მორიდებულად ვუთხარი.

– დამიჯერე, ყავა დაგჭირდება. – სერიოზული ტონით მითხრა და მუცელში უცნაური შეგრძნება დამეუფლა. ერთი სული მქონდა მომესმინა მისი სათქმელი.

* * * * * *

მე და დინმა პარკის ცენტრში მდებარე პატარა საყვარელ კაფეში გადავინაცვლეთ. გარედან და შიგნიდან შენობა ვარდისფერ და ყვითელ ფერებში იყო შეღებილი და შესვლისთანავე ის გავიფიქრე, რომ დინი თავისი ჩაცმულობითა და გარეგნობით ძალიან ამოვარდნილი იყო ამ ადგილიდან.

შინაგანად იმ ფაქტზეც მეცინებოდა, რომ დინი უკვე ჯეიმის მეორე მეგობარი იყო, რომელთან ერთადაც ყავის დასალევად კაფეში წავედი. ცოტახნით ადრე ჩემ ეხლანდელ ცხოვრებაში ცალი თვალით მაინც რომ ჩამეხედა, ვერ დავიჯერებდი. ყველაზე არაკომუნიკაბელური ადამიანი მეგონა საკუთარი თავი, ახლა კი არც ისე ახლობელ ადამიანთან ერთად გემრიელ ყავას მივირთმევდი. მართალია, როცა ამბობენ – არასდროს თქვა არასდროსო.

მე და დინი შენობის კუთხეში, მრგვალ მაგიდასთან მოვკალათდით. ჩემ პირისპირ დაჯდა და ვაღიარებ, თავდაპირველად ცოტა არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს. ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, ამიტომ მეც არ მინდოდა უხერხულობის განმუხტვის მიზნით უაზრო თემებზე დამეწყო ლაპარაკი.

– ბევრ დროს არ წაგართმევ.- მითხრა, რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ.

– არ მეჩქარება… – ვუპასუხე და ყავა მოვსვი. ძალიან ცხელი იყო, რის გამოც ენა დავიწვი, მაგრამ არ შევიმჩნიე.

– მგონი უკვე გითხარი თუ რამდენს ნიშნავს ჩემი მეგობრები ჩემთვის. – ხავერდოვანი ხმით ჩაილაპარაკა.

– კი, მითხარი. – ცხელი ჭიქა მაგიდაზე დავდე, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში თითებიც დამეწვებოდა.

– ჩემი მეგობრები ჩემი ოჯახია, ამას გადაჭარბებით არ ვამბობ და სანამ ჩემს სათქმელს არ დავასრულებ მინდა, რომ ეს კარგად გახსოვდეს.

როგორც კი ეს წინადადება დაასრულა, დაახლოებით მაშინვე მივხვდი რაზეც დამელაპარაკებოდა. ავღელდი და სავარაუდოდ ლოყებიც გამიწითლდა, მაგრამ ეს უკვე ნაკლებად მადარდებდა, რადგან უფრო მეტად დინის სათქმელი მინდოდა გამეგო.

დუმილს არ ვარღვევდი, არ მინდოდა სისულელეები წამომეროშა, ამიტომ ველოდებოდი დინს, თუ როდის გააგრძელებდა საუბარს.

– ჯეიმი ცუდად არის. – თვალებში მწველი მზერით მიყურებდა და დიდი ალბათობით, ამ სიტყვების გაგონების შემდეგ ჩემს გაფართოებულ თვალებში მარტივად ამოიკითხავდა შიშს, სევდასა და აღშფოთებას.

– ცუდად ყოფნაში არ ვგულისხმობ იმას, რომ ფიზიკურად რამე უჭირს. ჰო… ფეხის ამბავი აწუხებს, მაგრამ არაფერია, გაივლის.

– დარწმუნებული ხარ? – ვერ მოვითმინე და საუბარში მაინც ჩავეჭერი.

– კი, დარწმუნებული ვარ. – თავდაჯერებულად მითხრა.

– ბოდიში, გააგრძელე.

– ჯეიმი ცუდად არის იმიტომ, რომ გაურკვევლობაშია. მენტალურად ამ ეტაპზე არ არის კარგ მდგომარეობაში, რასაც ძალიან ბევრი ფაქტორი უწყობს ხელს.

პირველ რიგში უნდა იცოდე, რომ ჯეიმი პერფექციონისტია. გიჟდება და ალბათ, სიცოცხლეზე მეტად უყვარს თავისი საქმე. ყველას გვიყვარს რასაც ვაკეთებთ, მაგრამ ჯეიმი სხვანაირად მთელ გულს და სულს დებს ამ საქმეში. ვარჯიშობს, ყოველთვის ვარჯიშობს და მისი ტვინის ყველაზე დიდი ნაწილი საკუთარი თავის გამოსწორებისკენ არის მიმართული.

უნდა, რომ იდეალური იყოს, იდეალურად ასრულებდეს ყველა მოძრაობას. უნდა, რომ ხალხს მოსწონდეს, რაღაც კარგს ქმნიდეს მათთვის და თავდაუზოგავად შრომობდეს. ეს ჯეიმის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თავადაც ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ ცეკვისა და მუსიკის გარეშე არ იარსებებდა.

თმის ღერიდან დაწყებული, თითოეული ამოსუნთქვით დამთავრებული ვიცნობ მას. ეგრევე ვხვდები როდის უჭირს და რა უჭირს, მაგრამ თვითონ თავის გასაჭირზე არასდროს ლაპარაკობს. თითქოს გრძნობები ყოველთვის გვერდზე აქვს გადადებული და არ უნდა თავისი სისუსტეები ჩვენ დაგვანახოს.

რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეს ჯეიმი ძალიან ჩაკეტილი ადამიანია. შეიძლება გარედან კომუნიკაბელური და მხიარული ბიჭი ჩანს, მაგრამ ეს ასე არ არის. ყველას დარდს იზიარებს, ყველას კარგად ყოფნაზე ზრუნავს, მაქსიმალურად ცდილობს დანარჩენებს კომფორტი შეუქმნას, მაგრამ ის თუ რა ხდება მის თავში, ამას თითქმის არასდროს გვაგებინებს. ერთ დღეს დედამისი გახდა ცუდად, ჩვენი კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე და ჩვენთვის შოუს დასრულებამდე ამის შესახებ არაფერი უთქვამს. 
მახსოვს, ძალიან გავბრაზდი, ვუთხარი, რომ არასწორად მოიქცა, მაგრამ ჯეიმის პასუხი მხოლიდ ეს იყო – გვითხრა, რომ არ უნდოდა შოუს დაწყებამდე ყველასთვის ხასიათი გაეფუჭებინა.
ახლა კი… ახლა ფეხი იტკინა, ჩვენთან ერთად ეს ერთი კვირაა ვერ ვარჯიშობს და შეიძლება კიდევ ცოტახანს ასე უმოქმედოდ მოუწიოს ყოფნა. მისთვის კი ვარჯიშის გარეშე გატარებული ყოველი დღე დაკარგულია. ამ დანაკლისს კი ვერაფერი უვსებს. სულ ერთად ვართ და გვერდში ვუდგებით ერთმანეთს, მაგრამ მშობლების გარეშე მუდამ დამოუკიდებლად ცხოვრება და თავის მოჩვენება, რომ თითქოს ყველაფერი მუდამ რიგზეა, ძალიან ძნელია. ჯეიმის ამ გასაჭირს კი მთავარი გასაჭირი ემატება და შენ ზუსტად ამაში უნდა დამეხმარო…

დინის ამდენი ლაპარაკი არასდროს მომისმენია, ტვინში მილიარდმა ფიქრმა შემოაღწია ერთდროულად, არ ვიცოდი რას ვგრძნობდი ან რა უნდა მეთქვა მისთვის… აზროვნების უნარი ჯერ დაკარგული მქონდა, ამიტომ მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე :

– მითხარი.

– ჯეიმის მოსწონხარ და თუ ამას აქამდე ვერ მიხვდი, მაშინ დავიჯერებ, რომ მართლა ისეთივე შტერი ხარ, როგორიც ჩემი ძმაკაცია. – უკანასკნელ სიტყვაზე ოდნავ ჩაეცინა, მე კი სისხლი ამივარდა თავში. ვერაფერს ვამბობდი, მეგონა ენა გადამეყლაპა. იქნებ ასე იყო კიდეც.

– ჯერ არაფერი მითხრა, მომისმინე, მერე წადი სახლში, კარგად იფიქრე და მერე მიხვდები როგორ მოიქცე.

– როგორ უნდა მოვიქცე? – მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე.

– გითხარი, რომ ჩემი მეგობრები იგივე ჩემი ოჯახია. ოჯახის წევრებს კი არ ასხვავებენ.. ჯეიმი ზუსტად ისე მიყვარს, როგორც სებასტიანი, ოლივერი და მეთი როგორც… მაიკლი…  ჯეიმისაც ზუსტად ასევე უყვარს მაიკლი და მის გამო ყველაფერს გააკეთებს, ყველაფერს დათმობს, მათ შორის შენც.

ჯეიმიმ როცა შენ გაგიცნო, სანამ ჩვენ ნორტფორდში ჩამოვიდოდით, ძალიან ხშირად გახსენებდა, თითქმის სულ შენზე ლაპარაკობდა, მე კი იმ წამიდანვე მივხვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე. ჯეიმი ამდენს არავიზე ლაპარაკობს, მითუმეტეს გოგოზე.

შეიძლება ვენდიზე და ჯეიმიზე რაღაც გიფიქრია, მაგრამ აქვე გეუბნები, რომ ჯეიმი თავისი საქმისთვის თავდადებულობის გამო ყველაზე ნაკლებს ასეთ თემებზე ფიქრობს. შენ კი…შენზე სულ ლაპარაკობდა, ცხადია, როგორც ახალშეძენილ მეგობარზე, მაგრამ მაინც უფრო მეტს საუბრობდა, ვიდრე უბრალოდ მეგობრებზე საუბრობენ ხოლმე.

როცა ჩამოვედით ერთ საღამოს მაიკლმა ჯეიმის კითხა… შენ შესახებ. ჯეიმიმ კი იმდენად იუარა და იმდენად ამტკიცებდა, რომ უბრალოდ როგორც მეგობარს ისე გუყურებდა, მეც დავიჯერე. შეიძლება ასეც იყო და მის რაღაც ნაწილს მართლა არ ჰქონდა გააზრებული შენი მოწონების ფაქტორი. მე კი ჯეიმის საუბრის მოსმენისას, იმ დღესვე გამიჩნდა რაღც იდეა, მაგრამ…. არც თუ ისე კარგი იდეა.

ვიცოდი, რომ ჯეიმი სახლში გეპატიჟებოდა და რომ უნდოდა ჩვენთვის გაეცნო შენი თავი. მე კი ცოტა გართობისთვის და … იმისთვის, რომ გამეგო მას მართლა მოსწონდი თუ არა, მაიკლი გამოვიყენე…
ჯეიმი მაშინ ვენდისთან ერთად გავიდა, მაგრამ მინდოდა იმ მომენტში შემოსულიყო როცა თქვენ ერთად დაგინახავდათ. რატომღაც მეგონა თამაშის წესებიდან გამომდინარე უსიტყვოდ აკოცებდი მაიკლს, მაგრამ სხვანაირი აღმოჩნდი, მორცხვი… ჯეიმისნაირი მორცხვი.

მერე კი, როცა ეს ჯეიმიმაც გაიგო, გაბრაზდა, იეჭვიანა… მე კი მხოლოდ ეს ნიშანი მაკლდა იმისთვის, რომ ჩემი ეჭვები დამედასტურებინა. ჩემ იდეას კი იმიტომ ვნანობ, რომ აღნიშნულმა სიტუაციამ, ვფიქრობ მაიკლი უფრო დააფიქრა შენზე. სიტუაციურად მოეწონე.. იმას არ ვამბობ, რომ სხვა შემთხვევაში არ მოეწონებოდი, მაგრამ ეს მოწონება უფრო სწრაფი, ბავშვური იყო. 
ჯეიმის სხვანაირად მოსწონხარ, შენ მოსწონხარ, ელი და არა როგორც მეზობელი, ლამაზი და საყვარელი გოგო.
იმ საღამოს მაიკლი ჯეიმის გამოუტყდა თავის გრძნობებში, უთხრა, რომ შენ ძალიან მოეწონე. ჯეიმის პასუხი კი ამ დროს რა იყო? ის, რომ მოხარული იქნებოდა თუ ერთად იქნებოდით. გესმის? მოხარული იქნებოდა. მატყუარა, სულელი ჯეიმი. ფეხიც მეორე საღამოს ვარჯიშის დროს იტკინა… არ ვიცი რა მოუხერხა თავს, მაგრამ ესეც უცნაურად დაემთხვა ამ ამბავს. 
მოკლედ ჯეიმის რაღაც ბიძგი ჭირდებოდა იმისთვის, რომ საკუთარ გრძნობებში დარწმუნებულიყო. ეს ბიძგი კი სამწუხაროდ, მისი უახლოესი ძმაკაცი, ფაქტობრივად, მისი უმცროსი ძმა აღმოჩნდა. 
მაიკლს შენი ნომრის გაგება უნდოდა. იმ საღამოს, როცა შენი ჩანთა იპოვა სავარძელზე. ვიცოდი, ჯეიმისთვის რომ ეკითხა, უსიტყვოდ მისცემდა შენს ნომერს და ამით კიდევ უფრო მეტად გადაუსმევდა ხაზს თავის ნამდვილ გრძბობებს. სწორედ ამიტომ, ჯეიმის ტელეფონში შენი ნომერი ჩუმად ვნახე და მე მივეცი მაიკლს… არ მინდოდა ამ ორს ხშირად ელაპარაკა შენ შესახებ. გოგოების გამო ბევრი მეგობრობა დანგრეულა და ამის უფლებას არც მათ და მითუმეტეს შენ არ მოგცემდი.

ორივე ძალიან მიყვარს, ორივე ჩემი ოჯახის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ერთერთის განადგურებას ვერ შევეგუები და ვერც მათ დაპირისპირებას ავიტან. – დინმა პაუზა გააკეთა, ცხადია, მე კვლავ უსიტყვოდ ვუსმენდი.. გავითვალისწინე მისი რჩევა და გადავწყვიტე, სანამ კარგად არ ვიფიქრებდი არაფერი მეთქვა მისთვის. ყველაფერი უფრო მარტივად მეჩვენებოდა მანამ, სანამ დინმა უკანასკნელი წინადადება არ დაამატა :

-თუ ჯეიმი მართლა გიყვარს, ცოტახნით თავი ორივეს აარიდე. ნუ დაუახლოვდები მაიკლს, ნუ შეაყვარებ თავს და მერე ნუ ატკენ გულს… თუ დარწმუნებით იცი, რომ ეს ის არ არის, ვინც გჭირდება. ჯეიმი უკეთ გახდება თუ ცოტახნით გაუჩინარდები. არ იფიქრებს, რომ არასწორედ იქცევა, რომ მეგობარს ართმევს სასიყვარულო ობიექტს…არ ინერვიულებს, რომ შენ და მაიკლს შორის რამე ხდება..

– როგორ უნდა მოვიქცე? – უკანასკნელად ვკითხე.

– ისე, როგორც მეგობრები იქცევიან. გული არ ატკინო… არც ერთს..

***

არ დავიწყებ იმის მოყოლას, თუ რა განვიცადე იმ დღეს, დინთან საუბრის დროს, და რას განვიცდი ახლა, ამ წუთებში, როცა სახლში საწოლზე მუხლებ მოკეცილი ვზივარ და ტელეფონში დღიურს ვწერ…

ამის მიუხედავად, მაინც ვწერ, რადგან წერა ფიქრების დალაგებაში მეხმარება… ან უფროსწორად რომ ითქვას, ემოციების დალაგებაში. ნორტფორდში დაბრუნებამ ჩემი ცხოვრება ნამდვილ ატრაქციონს დაამსგავსა, ოღონდ აი ისეთს, თავდაყირა რომ ეკიდები და კივილ-წივილიც არ გეხმარება ემოციის ბოლომდე გათავისუფლებაში… ან კიდევ ატრაქციონ “გემს”, როდესაც სულ ზემოთ, კიდეში ზიხარ და დიდი სიჩქარით დაშვებისას გრძნობ გული როგორ გივარდება მუცელში…სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

მოკლედ რომ აგიხსნათ, ეს იყო ის, რასაც განვიცდიდი მთელი კვირის განმავლობაში. მოზღვავებულ ემოციებს, ადრენალინს, გაურკვევლობას და რაც ყველაზე მთავარია სიბრაზეს.

არ ვიცი, ახლა, როცა ამას კითხულობ, (დღიურო, შენ მოგმართავ და არავინ სხვას) გიკვირს თუ არა ჩემი რეაქცია.. მაგრამ გულახდილად გეუბნები, რომ ძალიან, ძალიან გაბრაზებული ვარ.

გაბრაზებული ვარ მეგობარ ჯეიმიზე, რომელსაც ამდენი ხანია უკვე ვიცნობ, რომელთან ერთადაც განმარტოვებით უამრავი დრო მაქვს გატარებული, ამის მიუხედავად კი სანამ მან თავისი მეგობრები არ გამაცნო, იქამდე ვერ გაერკვია თავის გრძნობებში.

დინის თქმით, ჯეიმის მოვწონდი და დამიჯერეთ, მასზე გაცილებით, გაცილებით მეტჯერ მიფიქრია ამ საკითხზე.. მაგრამ ამ ამბის რეალობაში ვერასდროს ვრწმუნდებოდი. ჯეიმის მხრიდან თითქმის არასდროს მოდიოდა მსგავსი სიგნალები და ინიციატივა.. ყოველ დღე ვხედავდი და ვხვდებოდი მეზობელ და უახლოეს მეგობარ ჯეიმის, მაგრამ ეს შეხვედრები, თითოეული გამარჯობა და ნახვამდის იყო წრფელი მეგობრობის გამომხატველი და მეტი არაფერი… ან იქნებ ეს მე მეგონა ასე.

ყოველთვის, როდესაც ჩემს სამომავლო შეყვარებულს წარმოვიდგენდი ხოლმე (ხშირად მიყვარდა ამ გამოგონილ პერსონაჟზე ფიქრი, რადგან იგი რეალურად არ არსებობდა) მეგონა, რომ ჩემი ურთიერთობა შემდეგნაირად დაიწყებოდა:  გავიცნობდი ბიჭს, რომელსაც ერთი დანახვისთანავე შევუყვარდებოდი, მაშინვე ეცდებოდა ჩემთან ურთიერთობის დაწყებას, დაახლოვებას და სადღაც ერთ კვირაში უკვე ორივე მივხვდებოდით, რომ ერთად ყოფნისთვის დავიბადეთ. არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე მე მომიწევდა ინიციატივის გამოჩენა და ჩემი გრძნობების სააშკარაოზე გამოტანა, მანამ სანამ ამას ბიჭის მხრიდან არ ვიგრძნობდი.

ჰო, ეს იყო მოკლე სურათი იმისა, თუ ჩემ წარმოსახვაში ბიჭს და გოგოს ერთანეთი როგორ მოეწონებოდათ და არასდროს, მართლა არასდროს მჯეროდა ისეთი სიყვარულის, რომელიც ახლო მეგობრობიდან გადაიზრდებოდა ამ ძლიერ გრძნობაში.

ჯერ არ შემეწინააღმდეგოთ. იმას არ ვამბობ, რომ სიყვარულში პირველ რიგში მეგობრობა არ არის მთავარი. რა თქმა უნდა, მეც ასე ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ შენი მეორე ნახევარი პირველ რიგში შენი უახლოესი მეგობარი უნდა იყოს. აი რაც მე არ მჯერა არის ის, რომ თუ ვნება და მოწონება არსებობს, ამას ვერც მეგობრობის ფაზაში დამალავ.

მგონია, რომ თუ ადამიანთან ყოფნის შანსი გაქვს, მაშინ თითოეულ გამარჯობაში და გაღიმებაში უნდა იგრძნო ეს. უნდა დაინახო, რომ გულის სიღრმეში ორივეს მოგწონთ ერთმანეთი და ჯერ ეს ბოლომდე გააზრებული არ გაქვთ. მაგრამ მოწონება ნებისმიერ ვარიანტში, ნებისმიერ ეტაპზე უნდა არსებობდეს, თუ ამ ურთიერთობიდან რაიმე სიყვარულის მსგავსი უნდა მივიღოთ.

არ ვამბობ, რომ ჩემი მოსაზრება მაინც და მაინც ჭეშმარიტია, ამას უბრალოდ იმიტომ ვამბობ, რომ სულელი არ გეგონოთ და არ გაგიკვირდეთ ის ფაქტი, რომ რეალურად არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ ჯეიმისაც მოვწონდი.

ტვინში ყოველთვის ერთი აზრი მიტრიალებდა. თუ მოვწონვარ, ამას მისი პირით მალევე გავიგებ. ეს მალევე ჯერ კვირებად იქცა, შემდეგ თვეებად, ჯეიმისგან წამოსული ინიციატივა კი 0.

ამიტომ თავს გადავუწყვიტე, რომ ამ მეგობრობისგან სასიყვარულო ურთიერთობას ვერასდროს მივიღებდი… მანამ სანამ მე და ჯეიმი ლუდის ჭიქებით ხელში არ განვმარტოვდით, ბევრი არ ვისაუბრეთ და მერე უხერხულად არ შევეფეთეთ ერთმანეთს მისი სახლის დერეფანში.

მანამ სანამ მის თვალებში არ ამოვიკითხე ის ვნება და სურვილი, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვეძებდი და ვცდილობდი, რომ დამენახა.. ის იყო პირველი და უკანასკნელი დღე, როცა რეალობად დამესახა ჩვენი სამომავლო ურთიერთობა, რადგან ჯეიმი საკუთარი გრძნობების მაგივრად, თავისი მეგობრის გრძნობებში გამომიტყდა.

სასაცილო და საწყენია, არა? ჯეიმიზე გაბრაზებული ვარ კიდევ ერთი მიზეზის გამო. ვფიქრობ, ის ახლაც არ არის გარკვეული საკუთარ თავში, გრძნობებში და ეს მაბრაზებს.

დინის სიტყვები მახსენდება, მისი მონათხრობი და კარგად ვაანალიზებ, რომ ჩემთან საუბრისას ბოლომდე გულახდილი იყო. ყველაფერი, რაც ჯეიმის შესახებ მომიყვა გარკვეულწილად ბუნებრივს ხდიდა მის საქციელს. ჰო, რატომ უნდა გაგიჟებულიყო ჯეიმისნაირი ბიჭი ჩემნაირ გოგოსთან პირველივე შეხვედრიდას? აჰ, მაგრამ არა… როცა უკვე ეს შეხვედრები თვეების მანძილზე გრძელდება და შენ არაფერს აკეთებ ურთიერთობის დაწყებისთვის… ჰო აი ეს ნაღდად არ მესმის და მომიტევოს იმან, ვისაც ჯეიმის საქციელი სწორად მიაჩნია.

ვიღაც იფიქრებს, რა საჭიროა ამ თემაზე ამდენი ლაპარაკი.. მაგრამ როცა საქმე გრძნობებთან გვაქვს, მანდ ყველა ადამიანს ერხევა. მათ შორის მეც, გოგოს, რომელსაც ძალიან უყვარდა მეგობარი ჯეიმი და რომლის გულიც დღეში მინიმუმ ორჯერ ტყდებოდა, მეგობრული გამარჯობითა და მეგობრული ნახვამდით.

დინის ჩართულობაც ამ საკითხში მეუცნაურებოდა. მე ხომ არც ისეთი მნიშვნელოვანი პიროვნება ვიყავი მისი სამეგობროსთვის, მაგრამ ფაქტია, მას უბრალოდ არ უნდოდა ვიღაც გოგოს გამო მის უახლოეს მეგობრებს ეჩხუბათ.. (მართალია, ჩემი აზრით, ეს ასე არც მოხდებოდა, მაგრამ ბიჭების ფსიქოლოგია სხვა თემაა და თუ დინმა ასე იფიქრა, ვერ შევედავები)

დინისგან განსხვავებით, მე ვფიქრობ, რომ ეს რეალური სამყაროა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, შენც ცხოვრობ ჩემო დღიურო და კარგად მოგეხსენება, რომ სასიყვარულო სამკუთხედები, რომელსაც რომანებში და ფილმებში აწყდები ნამდვილ ცხოვრებაში იშვიათად ან უფრო განსხვავებული სცენარით გვხვდება.

ახლაც, მეცინება როცა ამ თემაზე ვმსჯელობ და ღამის ორ საათზე საწოლზე წამომჯდარი წერას არ ვამთავრებ.

ბიჭი არასდროს მომწონებია, არც მე მოვწონებივარ ვინმეს (ნუ ყოველშემთხვევაში ჩემთვის ეს არავის უთქვამს) დღეს კი 21 წლის ასაკში ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ მოვქცეულიყავი საიმისოდ, რომ ორი ბიჭი გულნატკენი არ დამეტოვებინა.

დინთან შეხვედრის შემდეგ ერთი კვირა გავიდა. ერთი შავი.. არა უფრო ნაცრისფერი (არ ვიცი ამ ფერს რატომ ვერჩი) და მოსაწყენი კვირა…

მეორე დღეს, როცა უნივერსიტეტში მივდიოდი, ქუჩის მოპირდაპირე მხრიდან მაიკლმა ხელი დამიქნია. დავიბენი, ავტომატურად ტვინმა მაიძულა დამეიგნორებინა, მაგრამ ცხადია, ასე ვერ მოვიქცეოდი.

მაიკლი თბილი ღიმილით მომესალმა, ორი წუთი გამომელაპარაკა და როცა ისევ ყავის დალევა შემომთავაზა მინდოდა მიწას ჩავეყლაპე და ისე გავმქრალიყავი ადგილიდან.

უარის თქმას ვაპირებდი და ვუთხარი კიდეც, მაგრამ ვერც წარმოიდგენთ როგორ ცუდად ვიგრძენი თავი.
ზოგადად ჩემი ბუნება ასეთია, უარის თქმა ყველაფერზე მიჭირს. (არა, ცუდად ნუ გაიგებთ) უბრალოდ არ მიყვარს ადამიანების უარით გასტუმრება და შემდეგ მთელი დღე იმაზე ფიქრი, რომ ვიღაცას სურვილი არ შევუსრულე.

დინის სიტყვები კი ტვინში მთელ ხმაზე ჩამესმოდა : გული არ ატკინო. არც ერთს.

მე კი ვიცოდი, თუ მაიკლთან დავახლოვდებოდი არა მარტო მას, არამედ საკუთარ თავსაც ვატკენდი გულს, რადგან უნდა ვაღიარო, მის მიმართ გულგრილი არ ვიყავი და…. სწორად მიმიხვდით, შანსი ნამდვილად არსებობდა იმისა, რომ მაიკლი უფრო მეტად მომწონებოდა ვიდრე როგორც მეგობარი.

წეღან ვთქვი, სასიყვარულო სამკუთხედების არ მჯერათქო, მაგრამ მეორე წამს სხვა რამეს ვამბობ. ვფიქრობ, მაიკლის მიმართ ჩემი დამოკიდებულება ჯეიმის დამოკიდებულებას ჰგავს ჩემდამი.

მაიკლთან დაახლოვება არ მინდოდა, იმიტომ რომ შეიძლება სხვანაირად მომწონებოდა.. ჯეიმის კი ვფიქრობ, ზუსტად ეს დაემართა ჩემთან მიმართებაში. ეგონა მემეგობრებოდა, მაგრამ ბოლოს სიმპატიები გაუჩნდა ჩემ მიმართ.. დაუგეგმავი სიმპატიები და ალბათ, სწორედ ამან შეაშინა.

რაც არ ვიცით და რაზეც ტვინში საკმარისად ბევრი არ გვაქვს ნაფიქრი, ხშირ შემთხვევაში გვაშინებს და უკან დახევის სურვილი გვიჩნდება. არ ვიცი, რატომ ვცდილობ ჯეიმის ფსიქოლოგიის შესწავლას, მაგრამ რას ვიზამთ, ძილის წინ ფიქრისთვის ბევრი დრო მაქვს…

წერას ვაგრძელებდი, მაგრამ ტელეფონზე მესიჯის მოსვლამ შემაწყვეტინა. გული ოდნავ ამიფრთხიალდა, ველოდებოდი ვინმე სხვას, კარგად იცით ვისაც, მაგრამ მის მაგივრად ჯეინის მესიჯი დამხვდა :

Jane: ელ, თუ გცალია დამირეკე.

მინდოდა დღიურში კიდევ ცოტა რამ დამეწერა, მაგრამ მეგობარს უარი ვერ ვუთხარი ( ხომ ვთქვი, უარის თქმა არ მიყვარს-მეთქი) და დაძინებამდე ნახევრი საათი ჯეინს და მისი დაოჯახებული ყოველდღიურობის ამბებს დავუთმე.

* * * *

ანაბელის ტელეფონიდან შემოსულმა მესამე ზარმა გამაღვიძა. ცალი თვალი ძლივს გავახილე და მივხვდი, რომ ჩამეძინა. პირველ ლექციაზე მისვლას ვერ ვასწრებდი, ამიტომ ანაბელს ვუთხარი, რომ მოგვიანებით ვნახავდი.

უხ, ეს დილის ლექციები. ვინ მოიფიქრა საერთოდ, რომ სწავლა განათლება დილის 9 საათზე უნდა იწყებოდეს? გაბრაზებული და ნახევრად მძინარე ფეხზე წამოვდექი. აბაზანაში გადავინაცვლე, კბილები გამოვიხეხე და მერე გაუნძრევლად ორი წუთი ისევ საწოლზე მივეგდე.

უნივერსიტეტში წასვლის არც თავი და არც ხალისი მქონდა. ყველანაირი მოტივაცია გამიქრა და მინდოდა  სახლში უმოქმედოდ ვყოფილიყავი მთელი დღე.

მალევე მივხვდი, ასე უფრო მეტი დრო დამრჩებოდა ფიქრისთვის, უაზრო და უსარგებლო რაღაცებზე ფიქრისთვის, ამიტომ გამზადება დავიწყე და თავი იმით გავიმხნევე, რომ ლექციების მერე მე და ანაბელი სადმე საჭმელად გადავინაცვლებდით.

ციოდა. მე კი თბილად ჩაცმას ვერ ვიტან. შავი შარვალი, შავი მარტენსები და შავი გრძელსახელოებიანი ზედა ჩავიცვი, რომელსაც კუთხეში წითელი ვარდი ეხატა. ალბათ, მიხვდით, რომ შავი ფერი ძალიან მიყვარს.

თმა გავიშალე, ჩანთა მხარზე გადავიკიდე და სარკეში ზედმეტი თავის ათვალიერების გარეშე ზურგს უკან გამოვიხურე კარები.

უკვე ჩვევად მექცა, უნივერსიტეტში წასვლამდე ჯეიმის სახლის შორიდან კარგად შეთვალიერება და შესწავლა. ცუდად ნურც ამას მიიღებთ. არავის ვუთვალთვალებდი, უბრალოდ მისი სახლის ყურებით ვივსებდი თავად მეპატრონის დანაკლისს. ამის მიუხედავად, დიდხანს ქუჩაში გაჩერება არ მიყვარდა, რადგან მეშინიდა, რომ ვინმეს შევეფეთებოდი.

შემოვტრიალდი, ვიფიქრე კვლავ ცარიელ სახლს შევავლებდი თვალს, მაგრამ ამის მაგივრად ჩემსავით მთლიანად შავ ფერებში გამოწყობილ ჯეიმის შევეფეთე.

არ ვიცი, ალბათ, წნევამაც ამიწია, რომელიც აქამდე არასდროს მქონია, თავბრუ დამეხვა, ხელები გამიოფლიანდა, მუხლებმა კანკალი დაიწყეს, პირი გამიშრა, ნერწყვი ყელში გამეჩხირა, თვალები გამიფართოვდა და… მოკლედ ყველა ის ფაზა გამოვიარე, რასაც, ჩემი დასკვნებით,  ადამიანი გარდაიცვლებამდე გადის.

გადავრჩი. არ მოვკვდი, მაგრამ დამიჯერეთ ძალიან ცოტა მაკლდა. ჯეიმის ნახვას დიდ ხნიანი შუალედებით მიჩვეული არ ვიყავი… ახლა კი, როცა რაღაცები შეიცვალა და სააშკარაოზე გამოვიდა, მისი დანახვა ჩემთვის ერთდროულად სიკვდილის და სიცოცხლის ტოლფასი იყო.

დავინახე და მივხვდი, რომ ეს იყო და ალბათ, მუდამ დარჩებოდა იმ ადამიანად, რომელთან ერთადაც ყოფნა სიცოცხლეზე მეტად მინდოდა. მისი შემყურე ახლა ამდენ ემოციას განვიცდიდი…. და მასაც რომ მოვწონებოდი, ვყვარებოდი, ჩავხუტებოდი, მასთან ერთად დამეძინა, გამეღვიძა და გამეზიარებინა ჩემი გრძნობები… არ ვიცი… ალბათ, ამხელა ბედნიერებას ვერ გავუძლებდი.

ისიც კარებს კეტავდა და ჩემთან პირისპირ შეხვედრამდე რამდენიმე წამი აშორებდა. შეიძლება ამასობაში გაქცევა მომესწრო, დღესაც ამერიდებინა თავი მისთვის. მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდა და ვაღიარებ, მისგან გაქცევის სურვილი ყველაზე ნაკლებად მქონდა.

მზე იყო ჩემი მეგობარი ჯეიმი, ნორტფორდის სუსხიან ამინდებში კი ყველაზე მეტად ის დამაკლდა. შორიდან ვუყურებდი და მეგონა, რომ ამინდიც შეიცვალა… თითქოს ყველაფერი თავის ადგილს დაუბრინდა.

შემოტრიალდა და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, პირველი მანაც ჩემი სახლისკენ გამოიხედა. ერთი ქუჩა გვაშორებდა ერთმანეთს, მაგრამ ცუდი მხედველობის მიუხედავად დავინახე, რომ ისიც არ ელოდა ჩემთან შეხვედრას.

შავი შარვალი, შავი მარტენსები და შავი ჰუდი ეცვა, მაგრამ მისი ვერცხლისფერი თმები, რომელიც უკვე ღია ჩალისფერში გადადიოდა, არღვევდა ამ სიმუქეს.

გაშეშებული ვიდექი და არ ვიცოდი რა უნდა მექნა. მისკენ წავსულიყავი? ზურგი მექცია? სახლში შებრუნებულიყავი?
სანამ ტვინში ამ და ათას სისულელეზე ვფიქრობდი, ჯეიმიმ ნელი ნაბიჯებით, ამჯერად ყავარჯნის გარეშე, ქუჩა გადმოჭრა და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მომიახლოვდა.

ახლა უკვე ერთმანეთის პირისპირ ვიდექით. თმა ყურის უკან გადავიწიე, ვერ ვბედავდი პირველი დუმილის დარღვევას. არც ვიცოდი საერთოდ რა უნდა მეთქვა მისთვის. ჯეიმიმ ხმის ამოღებამდე ქვედა ტუჩზე ნაზად იკბინა, თვალებში შემომხედა და თავისი ხავერდოვანი ხმით, რომლის მოსმენაც ასე ძალიან მომნატრებოდა, მითხრა :

– სტუდიაში მარტო მივდივარ. წამოხვალ? 

**

ტელეფონის ეკრანმა 9 საათი და 30 წუთი მიჩვენა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მეორე ლექციის დაწყებამდე მხოლოდ ნახევარი საათი რჩებოდა. მართალია, ანაბელს ცოტახნისწინ შევატყობინე, რომ სახლიდან გამოსვლას ვაპირებდი, მაგრამ ახლა ლექციაზე გამოცხადება ჩემს უკანასკნელ სადარდებელს წარმოადგენდა.

ერთადერთი რამ, რასაც ჩემი ფიქრები და ჩემი მთელი არსება მოეცვა ჯეიმი იყო. ჯეიმი, რომელიც ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ჩაფიქრებული მიუყვებოდა ქუჩას, მე კი ბედნიერი და ოდნავ დაბნეული მის ნელ ნაბიჯებს ვუწყობდი ფეხს, ღიმილი ყურებამდე ამდიოდა და წარმოდგენა არ მქონდა სად მივყვებოდი. ერთი კვირა გავიდა, რაც ერთმანეთი არ გვინახავს, მე კი ყველაზე მეტად მინდოდა მისთვის გულახდილად მეთქვა, რომ მომენატრა და ძალიან, ძალიან დამაკლდა.

ორივე ჩუმად ვიყავით, მაგრამ ამის მიუხედავად, უხერხულობა ნაკლებად იგრძნობოდა. ჯეიმისთან ერთად ყოფნისას თავი სახლში მეგონა.. უცნაური შეგრძნებაა და სიტყვებით არ ვიცი როგორ გადმოვცე, მაგრამ ვიცოდი, რომ იგივე განცდა ვერავისთან დამეუფლებოდა.

– ფეხი როგორ გაქვს? – დუმილი მე დავარღვიე.

– ბევრად უკეთ… – ჩემკენ არ გამოუხედავს ისე მიპასუხა.

– ანუ ვარჯიში უკვე შეიძლება? – ვკითხე, ჯეიმიმ კი პასუხი არ გამცა.

– არ შეიძლება და მაინც ვარჯიშობ, ჰო? – გამოვიჭირე. ჯეიმის ჩემს კომენტარზე ჩაეცინა, თვალები საყვარლად მოეჭუტა და მივხვდი, რომ ახლა კიდევ უფრო მეტად მომენატრა..

– ნუ გეშინია, არალეგალურს არაფერს ვაკეთებ.

– ჰო, მაგრამ …

– ელის, კარგად ვარ. მართლა. -ამჯერად თვალებში შემომხედა. ჩემი გული მუცელში ჩავარდა.

– ამმ..დანარჩენები სად არიან? – ვკითხე და თან პატარა ქვას ფეხი მივკარი.

– დღეს ოფიციალური ვარჯიში არ გვაქვს. მინდა, რომ ავანაზღაურო ყველაფერი, რაც გამოვტოვე.

– სტუდია შორს არის? – მართალია, სიარულით ცოტა დავიღალე, მაგრამ საცეკვაო დარბაზში ჯეიმისთან ერთად განმარტოვებაზე ფიქრი უფრო მაღელვებდა.

– არა, ეს შენობაა. – მითხრა და ხელით მიმითითა მოპირდაპირე ქუჩაზე მდგარ მაღალ სერ შენობაზე.

– ვაუ. – აღფრთოვანება ვერ დავმალე, როცა კიბეებს ავუყევით და შენობის შიგნით ამოვყავი თავი. ვერც ვიფიქრებდი, რომ ბიჭები თავიანთი ყოველდღიურობის ძირითად ნაწილს ასეთ მაგარ ადგილას ატარებდნენ.

ჯეიმი თავაზიანად მიესალმა დაცვას, კიდევ ორ კაცს და ერთ ახალგაზრდა ბიჭს. გოგოებისთვის თვალი ჯერ არ მომიკრავს, რაც გულს ესიამოვნა. გაოცებული ვდგამდი თითოეულ ნაბიჯს და სავარაუდოდ პირდაღებული ვაკვირდებოდი შენობის თითოეულ დეტალს. თვითშეფასება მთლიანად დამივარდა, რადგან გავიაზრე, რომ მინიმუმ 10 წელი მაინც გიჟივით, თავდაუზოგავად უნდა მეშრომა, რომ მსგავს დაწესებულებაში დამეწყო მუშაობა. ამისთვის კი საკმაოდ ზარმაცი ვიყავი.

გოგოებისთვის თვალი არ მომიკრავს, მანამ სანამ თვალის მომჭრელი წითელი, უფროსწორად ალის ფერი თმები არ შემეჩეხა თვალებში. ვენდი იყო. ლიფტის კარებთან ატუზული იდგა, მე კი მაშინვე ბედნიერების ტალღა მომაწვა, როცა გავიაზრე, რომ ჩვენც ამ მიმართულებით მივდიოდით.

სავარაუდოდ, სახეზე დამეტყო ესოდენ დიდი ბედნიერება, მაგრამ იმ მომენტში ეს ნაკლებად მადარდებდა. მეც არ ვიცი ასე რატომ მაღიზიანებდა ჩემთვის უცნობი გოგო, რომელიც სულ ორჯერ მყავდა ნანახი..(უკვე მესამედ) მაგრამ იმ დღეს იმდენად ეწეპებოდა ჯეიმის, რომ გამორიცხული იყო კარგი შთაბეჭდილება დაეტოვებინა ჩემზე.

სავარჯიშო ფორმაში იყო გამოწყობილი..მაღალწელიანი შარვალი და მოკლე ტოპი ეცვა. ვაღიარებ, ძალიან კარგი ტანი ჰქონდა და ასევე ძალიან კარგი სახის კანი. ბიჭი რომ ვყოფილიყავი, ვაღიარებ, მეც მომეწონებოდა.. ჯეიმის კი რა დამოკიდებულება ჰქონდა მის მიმართ, ჩემთვის უცნობი იყო.

მხოლოდ ახლა გავიაზრე რა კავშირში იყო ვენდი ბიჭებთან. გამახსენდა მისი სიტყვები, ჯეიმის მონახულების დროს რომ თქვა : ჯგუფს ძალიან აკლიხარო. როგორც აღმოჩნდა, ვენდიც იგივე კომპანიაში ცეკვავდა… მისი ჯეიმისთან შეხვედრები კი ცხადია არც თუ ისე იშვიათი იქნებოდა.

– ჯეი! – ვენდიმ სიხარულით მთელ ხმაზე შეჰკივლა მისი დანახვისთანავე და ისე, რომ ჩემკენ არც გამოუხედავს, პირდაპირ ხელები გაშალა და ჯეიმის მთელი ძალით ჩაეხუტა. ჯეიმი გულგრილი არ ჩანდა მის მიმართ, ხელები წელზე მოხვია წითელთმიან გოგოს, მაგრამ ვენდი იმდენად ეკვროდა დასუსტებული ბიჭის სხეულს, რომ საწყალმა კინაღამ წონასწორობა დაკარგა და თავიდან იტკინა ფეხი.

ხუთი წამი. მთელი ხუთი წამი ჩაეხუტა. გაუაზრებლად ტვინში წამზომი ჩამერთო.. ამდენ ხანს საერთოდ რატომ უნდა ჩაეხუტო ადამიანს? სანამ ამაზე ვფიქრობდი, ვენდი მოშორდა ჯეიმის და მზერა ჩემკენ გადმოიტანა.

– ეს ელია. თუ არ ვცდები, უკვე იცნობთ ერთმანეთს. – ჯეიმიმ გამომხედა, მივხვდი საკმაო დისტანციაზე ვიდექი და მალევე მათ მიუახლოვდი.

– გამარჯობა ელის.. აქ რას აკეთებ? შენც იწყებ ცეკვას? – ამათვალიერა და თავი დაუპატიჟებელ სტუმრად ვიგრძენი.

– არა. უბრალოდ..

– ამჯერად ჩემთან ერთად არის, მაყურებლის როლში, მაგრამ თუ მოუნდება ვასწავლი. – ჯეიმიმ სერიოზულად წარმოთქვა ეს სიტყვები, რაღაცნაირი მასწავლებლური ტონით, მე კი ემოცია ვერ დავმალე და ლოყებში სიმხურვალე მაშინვე ვიგრძენი.

ამ დროს ლიფტის კარები გაიღო და სამივე ამ პატარა სივრცეში აღმოვჩნდით. ვენდიმ მე-5 სართულის ღილაკს მიაჭირა თითი. იმედი მქონდა, ჩვენც იგივე სართულზე არ ვაპირებდით ყოფნას.

ლიფტის კარები დანიშნულების ადგილას გაიღო ვენდიმ კი გასვლამდე ჯეიმის მხარზე ხელი დაადო და უთხრა :

– გამიხარდა, რომ დაბრუნდი. კარგ სავარჯიშო სესიას გისურვებთ. – თვალი ჩაუკრა ჯეიმის და მოსახვევში გაუჩინარდა.

თვალები ავატრიალე, გვერდიდან კი ჯეიმის ხითხითი ჩამესმა. ვერ მივხვდი ამ ბიჭს რა აცინებდა. გავხედე, ჯეიმიმ მზერა ამარიდა, მალევე დასერიოზულდა და მე-8 სართულის ღილაკს თითი მიაჭირა.

ლიფტში ყოფნა ვინმესთან ერთად არ მიყვარს. ყოველთვის უხერხულად ვგრძნობ თავს და არ ვიცი ამ დროს დუმილის შენარჩუნება ჯობია თუ რაიმეს თქმა. მე-5 სართულიდან დან მე-8 სართულამდე მეგონა თითქოს ორი წელი ავდიოდით. ჯეიმი დუმდა, ამიტომ მეც გავჩუმდი და ღრმად ამოვისუნთქე, როდესაც ძლივს ერთ-ერთი ოთახის დიდ თეთრ კარებს მივუახლოვდით.

– კარგი გოგოა. – ჯეიმიმ ჩაილაპარაკა და ჯიბიდან ბარათი ამოიღო, რომლის მეშვეობითაც კარები უნდა გაეღო.

– ჰმ? – ვითომ ვერ გავიგე.

– კარგი გოგოა ვენდი. ცოტა თავისებური, მაგრამ ახლო მეგობარი. – უკანასკნელი სიტყვა გამოკვეთილად წარმოთქვა, კარების სახელური ჩამოწია და დიდ თეთრ ოთახში შევდგით ფეხი. ჯეიმის სიტყვები საერთოდ დამავიწყდა, როდესაც ჩემ წინ გაშლილ სანახაობას მოვკარი თვალი.

დიდი ფანჯრები, რომელიც იატაკიდან იწყებოდა ჭერს უერთდებოდა და გავიფიქრე, რომ სავარაუდოდ ნორტფორდის ყველაზე ლამაზი ხედი სწორედ აქედან იშლებოდა. კარების მარცხენა მხარეს უზარმაზარი სარკეები იყო, მარჯვენა კუთხეში კი დიდი, ძალიან დიდი დინამიკები და გრძელი თეთრი ხის სკამი. მთელი ოთახი კაშკაშებდა. ცეკვას აუცილებლად მოგანდომებდა ისეთი გარემო იყო.

– მოგწონს? – ჯეიმის ჩემი შემხედვარე ეღიმებოდა. ამაყი იყო და მეც არ შემეძლო, რომ არ დავთანხმებულიყავი.

– ძალიან. ეხლა მესმის ფეხის ამბავს ასე რატომ განიცდიდი. – გამეცინა, მაგრამ ჯეიმის ნაკლებად. ეტყობა მტკივნეული საკითხი იყო მისთვის და ამას მე ბოლომდე კარგად ვერ გავიგებდი.

– მაგრამ….მთავარია ეხლა კარგად ხარ. – სიტუაცია შევუმსუბუქე. ჯეიმიმ თავი დამიქნია, მერე მხრიდან ჩანთა მოიხსნა, კუთხეში სკამის ქვეშ დადო და მომიახლოვდა.

სიმპატიური იყო, როგორც არასდროს. ერთი სული მქონდა მენახა, როგორც ცეკვავდა. მიხაროდა, რომ ახლა მის სამყაროში ვიყავი, მინდოდა მისი ყველაფერი მცოდნოდა, ბოლომდე გამეზიარებინა მისი სიხარული და ბედნიერების მომნიჭებელი დეტალები. იმედის მომცემი იყო მასთან დღევანდელი შეხვედრა და გული მწდებოდა, რომ სიტყვიერად მასთან ჩემს გრძნობებზე ლაპარაკს ვერ ვახერხებდი.

– მინდა, რომ შემაფასო. – პირდაპირ მითხრა, ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე.. უხერხულად ვიყავი.

– ჰო, თან მე ცნობილი ექსპერტი ვარ. – ხუმრობაში გატარება ვცადე.

– მუსიკა რომ იგრძნო ექსპერტობა არ გჭირდება. – თქვა და დინამიკს მიუახლოვდა.

– მუსიკა? – მეგონა უნდა ეცეკვა.

– მინდა ჩემ დაწერილ სიმღერაზე დადგმული ცეკვა გაჩვენო. – ისე თავდაჯერებულად ლაპარაკობდა, მეგონა თქვენობით უნდა მიმემართა მისთვის.

– მუსიკასაც წერ? – თვალები გამიფართოვდა, არ მეგონა თუ ესეთ ნიჭიერ ადამიანს ვემეგობრებოდი.

– ჰო.. ხანდახან. ეს ნორტფორდში ჩამოსვლის დღეს დავწერე. – დღეს როცა მე გამიცანი, გავიფიქრე ჩემთვის.

– არ ვიცოდი…

– ბევრი რამე არ იცი, ელ. – ჩაახველა და ისე მითხრა. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ სიტყვებში სხვა რამეც იგულისხმებოდა.

– ჯერ. – ვუპასუხე.

– მართალია, ჯერ. – ჩაეცინა და თვალები მოეჭუტა. უხერხულად ვიდექი, მაგრამ თითოეული წინადადების თქმის შემდეგ ყინული ლღვებოდა და ძველი დრო მახსენდებოდა. დრო, როდესაც მასთან ერთად თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობდი, ყოველგვარი უხერხულობისა და დაძაბულობის გარეშე.

ჯეიმიმ მიმითითა, რომ სკამზე დავმჯდარიყავი. თვითონ დინამიკში დისკი შეაცურა, მე ფეხი ფეხზე გადავიდე და შოუს დასაწყებად მოვემზადე.

– ამმ…ფეხი ცოტა ისევ მტკივა… ამიტომ შეიძლება კარგად არ გამომივიდეს. – თავდაჯერებულობის მიუხედავად ახლა ცოტა დაბნეული მომეჩვენა.

– დარწმუნებული ვარ გამოგივა. – გავამხნევე. სინამდვილეში კი გამხნევება მე მჭირდებოდა. მიხაროდა, რომ მუსიკის ხმა დაფარავდა ჩემი გულის ცემას.

ჯეიმი საწყის პოზიციაში დადგა, მუსიკა ჩაირთო და მე სამყაროს გამოვეთიშე. პირველივე ნოტი გულზე მომხვდა, ვფიქრობ, ასეთი კარგი მელოდია ჯერ არსად მომისმენია. ეს მელოდიაც ჯეიმის მსგავსად სახლს მაგონებდა.. ბავშვობას, ყველა ბედნიერ შეგრძნებას ერთად.. ნოსტალგიური იყო.. სევდიანიც და ამავდროულად, ლამაზი… ძალიან ლამაზი მელოდია.

თვალებს ვერ ვუჯერებდი, როცა მას ვუყურებდი, მის ერთდროულად ელეგანტურ და მკვეთრ მოძრაობებს. მომენტებში ბუმბულს ჰგავდა, მომენტებში შავ გედს.. ყველაფერი იდეალური იყო, ვუყურებდი და ვიცოდი ამ სამყაროს არ ეკუთვნოდა.. მთელი გულით ცეკვავდა და მთელ გრძნობებს აქსოვდა თითოეულ მიხვრა-მოხვრაში.

თანახმა ვიყავი ყოველ კვირას ფული გადამეხადა, ოღონდ დიდხანს მეცქირა ამ შთამბეჭდავი სანახაობისთვის. მინდოდა მეც მისი სამყაროს ნაწილი გავმხდარიყავი.. ახლა კი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ცოტახნით ეს ასეც იყო..

ერთ მომენტში მაიკა მაღლა აეწია და შავ მელანს მოვკარი თვალი. ტატუ აქვს? ჯეიმი არასდროს მინახავს მაისურის გარეშე და რატომღაც მასზე ტატუ არასდროს წარმომედგინა. იმავე მომენტში, როდესაც სხეულით ტალღის მსგავსი რამ გააკეთა და იატაკს მთელი ტანით მიუახლოვდა, შემეშინდა, არ მინდოდა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებოდა, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა..

მუსიკა დამთავრდა, ჯეიმიმ თვალები დახუჭა და მე გაოგნებული და გაშეშებული დამტოვა ჩემს სკამზე.

ფეხზე წამოვდექი და მოურიდებლად ტაში დავუკარი. სახეზე მეწერებოდა რამხელა ზემოქმედება მოახდინა მისმა შესრულებულმა ნომერმა. მიყვარდა, მაგრამ ახლა, როცა მის მიერ შექმნილი ხელოვნების მომსწრე და მაყურებელი გავხდი, ვიცოდი ამ სიყვარულში უკან დასახევი გზა არ მექნებოდა და მუდამ მის გულშემატკივრად დავრჩებოდი.

– იდეალური ხარ. – ვუთხარი და ნელი ნაბიჯებით მივუახლოვდი. სწრაფად სუნთქავდა, სახე ოდნავ გაოფლიანებოდა, მაგრამ მაინც იდეალური იყო.

– მართლა ესე ფიქრობ? – ისევ სიმორცხვემ იჩინა თავი.

– კი, ასეთი გარდასახვა მართლა არ მინახავს…- ძირს დავიხედე, მწვავდა მისი მზერა.

– მიხარია.. შენი აზრი ბევრს ნიშნავს ჩემთვის. – თქვა და გული გამითბა. გული, რომელიც მინიმუმ გაორმაგებული სისწრაფით მიცემდა.

– ეს მელოდია მთლიანად შენი დაწერილია?

– კი, მთლიანად. – გაეღიმა. ბედნიერი იყო მისი შემოქმედებით რომ ვინტერესდებოდი.

– Serendipity, ესე ჰქვია. – დაამატა.

– ძალიან მომწონს. – მეტ სიტყვებს უბრალოდ ვერ ვპოულობდი.

– შენი იყოს. – მოულოდნელად მითხრა და ვერ მივხვდი რა იგულისხმა.

– ჩემი?

– ჰო, შენი სიმღერა იყოს. – არ ვიცი მის სიტყვებში რას გულისხმობდა, მაგრამ თანახმა ვიყავი თავიდან ბოლომდე მიმეთვისებინა ეს მელოდია.

-მადლობა. – ჩამეცინა და ხელებით თმის წვალება დავიწყე. ნერვიულობის ნიშანია, როგორც ხვდებით.

– მინდა, რომ შენც გასწავლო.

– რა?

– მინდა, რომ ცეკვა შენც გასწავლო.

– ჰაჰ, არა… ხომ გითხარი ცუდი ცეკვის პარტნიორი და განსაკუთრებით ცუდი მოსწავლე ვარ მეთქი. – ხელი თმას გავუშვი და ამჯერად ზურგს უკან წავიღე.

– არაუშავს, მოვითმენ. – თბილად გამიღიმა და მოურიდებლად ამათვალიერა სახეზე.

– კარგი.. ოღონდ სხვა დროს იყოს. – დროებით უხერხულობა სხვა დღისთვის გადავინახე.

– მომენატრე. – მითხრა და თვალი თვალში გამიყარა. ჩემს მუცელში კი მთელმა ზოოპარკმა დაიწყო სიარული. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ვუთხარი ის, რისი თქმაც მთელი კვირის განმავლობაში ასე ძალიან მინდოდა :

– მეც.

Published by Keti

:)

Leave a Reply

Create your own website, free on WordPress.com.Create your own website.
Start free