მის სამყაროში დარჩენა ცოტა ხნით კიდევ მინდოდა.. დაუსრულებლად შევისწავლიდი მის ჰაეროვან მოძრაობებს, დავაკვირდებოდი და უბრალოდ დავტკბებოდი იმ ბედნიერი წამებით, რომელიც ცხოვრებამ, შეიძლება ითქვას, დაუმსახურებლად მაჩუქა.
მართალია, პირველი ორი ლექცია გავაცდინე, მაგრამ ვითომ გრძნობების გვერდზე გაწევითა და ოდნავ თავის დაფასების მიზნით, ბოლო ორზე მისვლა გადავწყვიტე. ჯეიმი ჩემ წინ იდგა, ვერცხლისფერ-ჩალისფერი თმები ცეკვისგან აბურდული ჰქონდა.. ჯერ კიდევ ხმამაღლა სუნთქავდა და ღიმილიანი თვალებით მიყურებდა… ბედნიერებისგან გაქვავეული ვიდექი. მეგონა მთელი სხეული გრძნობების მოზღვავების გამო მეწვოდა… და სანამ ჯეიმი დამატებით რამეს მეტყოდა ან ჩვენ გულახდილ საუბარს სხვა მიმართულებით წაიყვანდა, მომენტი გავაფუჭე და…. დავემშვიდობე.
შემეშინდა.. რისი მეც არ ვიცი, მაგრამ ჯეიმისთვის გულის კარების ოდნავ გაღებაც კი მძაბავდა, მბოჭავდა და ისეთ შეგრძნებას მიტოვებდა, თითქოს ამით საკუთარ თავს ვკარგავდი. მინდოდა უფრო მარტივად ყოფილიყო ყველაფერი…. ვფიქრობდი თითოეულ უმნიშვნელო, ჩემთვის კი ძალიან მნიშვნელოვან დეტალზე. ჩემს ტვინში სრული ქაოსი იყო, თანაც დაუსრულებელი, ემოციურად დამღლელი ქაოსი : „მასაც მოვწონვარ?“ „ისე მიყურებს, მგონი კი… მგონი კი არა, აუცილებლად მოვწონვარ“ „მაგრამ, რომ გადამიწონოს?“ „გადაწონება საერთოდ რა სიტყვაა…“ „სიმპატიურია“ „მარწყვისფერი ტუჩები აქვს“ „მისი ტატუ?“ „ნეტა, მართლა მოვწონვარ?“ „თუ აღარ მოვეწონები, გული მეტკინება.“ „აუ, ძალიან, ძალიან მაგრად მეტკინება გული“ „მერე ვეღარ ვიმეგობრებთ“ „ამას ვერ გადავიტან“ „ამდენ ხანს ჩუმად რატომ არის?“ „ეხლა…. ამ წამს….რას ფიქრობს?“ „იქნებ ვკითხო…“ „თუ უხერხულია…“ „კი, გიჟი ვეგონები“ „ჯობია, წავიდე“…..
– უნდა წავიდე. – ვუთხარი.
– უკვე? – ღრმად ამოისუნთქა და ხელი ჯიბეებში ჩაიწყო.
– ჰო, ლექციები მაქვს. – უხერხული მოძრაობით გრძელი სკამისკენ მივბრუნდი, დავიხარე, ჩანთა ავიღე და სარკეებიანი ოთახიდან, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გამოვიძურწე.
ჩემი ფეხსაცმლის ჭრაჭუნის ხმა უხერხულად მიუყვებოდა დერეფნის მოსუფთავებულ იატაკს. შემაწუხებელი ხმის გადაფარვის მიზნით, ნაბიჯებს ავუჩქარე, ხმა გაძლიერდა და მაშინვე ვინანე, რომ მარტენსები ჩავიცვი. რა თქმა უნდა, მთელ სამყაროს უნდა გაეგო, რომ თავდაუჯერებლად მე მივაბოტებდი ამ დერეფანში.
მოულოდნელად ზურგს უკან კარების დაკეტვის ხმა გავიგე. მერე ნაბიჯების ხმაც…. ნაბიჯების, რომელიც თავდაჯერებული იყო და ზუსტად იცოდა რისთვის და რა მიმართულებით მიდიოდა. აქამდე ეს არასდროს გამომიცდია, მაგრამ იმ მომენტში, ზუსტად, ასი პროცენტით ვიცოდი რაც მოხდებოდა. ალბათ, ადამიანის გონება ასე არის მოწყობილი. ხანდახან, მოულოდნელი ბედნიერებისთვისაც კი ქვეცნობიერად მზად ხარ. ან უბრალოდ რაღაცის იმხელა სურვილი გაქვს, რომ გულის სიღრმეში იცი – სხვა შანსი არ არსებობს. ის, რაც ასე ძალიან გინდა, აუცილებლად მოხდება.
-ელ, – მისი ხმა გავიგე, მე მეძახდა. გავჩერდი, შემოვტრიალდი და ჯეიმის შევეჩეხე.
-ჰოუ? – ვუთხარი და თან ხელით პარალელურად ჩანთა შევამოწმე. იმედია ოთახში არ დამრჩა და მის მოსაწოდებლად არ გამომყვა უკან.
-იცი რას ვფიქრობ? – თმა შუბლიდან გადაიწია, ღრმად ჩაისუნთქა და ახლოს მოვიდა.
-რას? – პულსი აჩქარებული მაქვს, ხელის გულები გაოფლიანებული, მუხლებში კი სისუსტეს ვგრძნობ. იმედია მალე მეტყვის.
-იმას…- ჩაახველა, – რომ, ძალიან კარგი მეგობარი ხარ..
-მადლო…
-არ შემაწყვეტინო.. არ მითქვამს შენთვის და მინდა იცოდე, რომ ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარი იყო თვითმფრინავის ბილეთი და ადგილი, რომელიც შენ გვერდით დავიკავე. ყველაზე კარგი მსმენელი ხარ და სხვანაირად მიყვარს შენთან ლაპარაკი. მგონია, ძალიან ახლოს ხარ ჩემ სამყაროსთან, ფიქრებთან და ემოციებთან, რომელსაც ვიცი, რომ ჩემნაირად დიდ მნიშვნელობას ანიჭებ. – სწრაფად ამბობდა ამ წინადადებებს, სწრაფადვე სუნთქავდა და მზერას ერთი წამით არ მაშორებდა. ხელები ზურგს უკან წავიღე, თითებს მაგრად ვუჭერდი ერთმანეთს, თითქოს ამით ვამოწმებდი, ეს ყველაფერი რეალობა იყო თუ სიზმარი.
დღეს რომ სიმღერა მოგასმენინე, შენი გაცნობის დღეს დავწერე. Serendipity ესე დავარქვი იმიტომ, რომ შენი გაცნობა ზუსტად ის იშვიათი ბედნიერი შემთხვევა იყო, რომელიც ჯეკპოტს გავს. ან გაგიმართლებს, ან არა. თუ არა, ვერასდროს გაიგებ იმ მოულოდნელი დიდი ბედნიერების ფასს, მაგრამ თუ გაგიმართლა – ჯეკ პოტ. მოიგე, თან ისე მაგრად მოიგე, რომ ხანდახან გგონია, შეცდომაა და შენ თავს არ ხდება ეს ყველაფერი. ამას ეხლა იმიტომ გეუბნები, რომ ჩემ თავზე გაბრაზებული ვარ. ჩემი უახლოესი, ყველაზე საყვარელი მეგობარი ხარ და…. ხშირად უნდა გეუბნებოდე იმას, რასაც ვგრძნობ. – ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, კიდევ ღრმად ამოისუნთქა, მე კი გულახდილად რომ გითხრათ, იმ წამს არ ვარსებობდი.
-ბევრი ლაპარაკი მიყვარს, მაგრამ გრძნობებზე ნაკლებად… მართალია, ბოლო დროს არც ისე ხშირად, მაგრამ იქამდე სულ შენ და მარტო შენ გელაპარაკებოდი.. მეგონა ყველაფერს გეუბნებოდი, მაგრამ თურმე… არაფერს. ეხლაც არ ვიცი ამდენს რატომ გელაპარაკები.. უბრალოდ… ოთახიდან რომ გახვედი, არ ვიცი.. ვერ მოვითმინე.. ვერც ეხლა ვითმენ.. მინდა იცოდე, რომ მომწონხარ. ძალიან. – ახლოს არის, მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობ და მგონია მალე გავითიშები.
-შენი აზრით, ეს პრობლემას შეუქმნის ჩვენ მეგობრობას? – მეკითხება, მე უბრალოდ თავს ვაქნევ, სხვას ვერაფერს ვეუბნები.
-კიდევ იცი რას ვფიქრობ? – უცბად შეხება ვიგრძენი, ჩვენი თითები ნაზად გადააჯვარედინა ერთმანეთზე, ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე… მემგონი თავბრუ მეხვეოდა.
-არ ვიცი…
-იმას, რომ მე და შენ ერთად უნდა ვიყოთ. – მერე თმა ყურზე გადამიწია, ნიკაპი ნაზად მაღლა ამაწევინა, სხვა მიმართულებით გახედვის საშუალებას არ მაძლევდა. თეთრი დერეფანი კიდევ უფრო გათეთრდა, ემოციები იმდენად მოზღვავებული მქონდა, მეგონა უხილავ ფერებს ვხედავდი.
პასუხი არც ამაზე გავეცი, ჩემი თავი იმ მომენტში არ მახსოვს. მახსოვს მხოლოდ ჯეიმი და მისი შეხება. ლოყაზე ნაზად მაკოცა, გულის ცემა გაორმაგდა, მერე კისერზე სველი კოცნები დამიტოვა, გულის ცემა გასამმაგდა, მერე ტუჩები ყურთან ახლოს მომიტანა, გული კინაღამ გასკდა, ცხელი სუნთქვა კიდევ ერთხელ ვიგრძენი და ზურგში მეგონა ჭიანჭველები დადიოდნენ.. მასაც აუცილებლად ესმოდა ჩემი გულის ცემა, მაგრამ ეს ნაკლებად მაინტერესებდა. სავარაუდოდ გავწითლდი კიდეც, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყურში ჩამჩურჩულა :
-რა ლამაზი ხარ…. მგონი ჯერ ესეც არ მითქვამს.
ვერ ვიჯერებდი, რომ ჯეიმი მეუბნებოდა ამ სიტყვებს. სამყაროს აუცილებლად ზურგს ვაქცევდი, ეს ყველაფერი სიზმარი რომ ყოფილიყო.. მზერა გამისწორა, ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ მე და ჯეიმის შორის რაღაც გამოსულიყო. თუნდაც დროებით, თუნდაც ერთი დღით…დაე ისეთი ჯეკპოტი ყოფილიყო, რომელსაც ერთ დღეში დავხარჯავდი. რამდენად ეგოისტურადაც არ უნდა ჟღერდეს და რაც არ უნდა სხვებმა შემისწორონ და მითხრან, რომ ადამიანი შენი საკუთრება არ არის, მაინც ვიტყვი : მთელი არსებით მინდოდა ეს ბიჭი ჩემი ყოფილიყო.
იმდენად დიდი იყო სურვილი, ბედნიერება და ვნება, რომ ვერც გავიაზრე, როგორ ავიწიე ფეხის წვერებზე, როგორ მოვიქციე მისი ლამაზი სახე ხელებში, და როგორ… ვაკოცე. თბილი ტუჩები ჰქონდა, მაშინვე თვალები დავხუჭე, თან მეღიმებოდა. ტვინში შინაგანი მე სიხარულისგან კიოდა და მეუბნებოდა რომ ეს შევძელი. ჯეიმიმ ერთი ხელი ზურგზე, მეორე კი კისერზე მომხვია. სუნთქვა გაუხშირდა, მე კი ეიფორიისგან სიცილი ამიტყდა, თავი უკან გამოვწიე, ჯეიმი გაკვირვებული სახით მიყურებდა, მერე გაეცინა, თავი შუბლზე მომადო და მითხრა :
-ბოდიში..
-რისთვის? – ამდენი ხნის განმავლობაში ხმა პირველად ამოვიღე.
-დაგვიანებისთვის.
ჩავეხუტე, თავი მის მკერდზე მედო… ჯეიმი ჩემს თმებს ათამაშებდა.. ძალიან თბილი იყო, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. მკაფიოდ მესმოდა მისი აჩქარებული გულისცემა, რომელიც სინქრონში იყო ჩემს გულისცემასთან და სიჩუმეში სასიამოვნო მელოდიას ქმნიდა. მინდოდა ეს წამი გამეჩერებინა, ცოტახნით მაინც… მაგრამ საათის ისრები დაუკითხავად მოძრაობენ, წინ, უკანმოუხედავად მიდიან და საუკეთესო რეალობასაც მოგონებად აქცევენ. ვიცოდი, რაც არ უნდა მომხდარიყო, ეს წუთები ყოველთვის მემახსოვრებოდა. ამ მოგონებას კი ძლიერად ჩავეჭიდებოდი, ჩემს გონებაში სამუდამოდ ჩავიბეჭდავდი და საკუთარ თავზე მეტად გავუფრთხილდებოდი…