8. გაურკვევლობა

თვალები დახუჭული მქონდა… თბილი ტუჩები ეხებოდა ჩემს კისერს, თავი კედელზე მქონდა მიდებული და მოზღვავებული ემოციების გამო სუნთქვა მიჭირდა. ხელი თმაში შევუცურე, მინდოდა მისი თავი მაღლა ამეწია და თვალებში ჩამეხედა. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, მისი ხმამაღალი სუნთქვის მოსმენა გულის ცემის რიტმს მიჩქარებდა. მეორე ხელი კისერზე მოვკიდე, ძალიან თბილი იყო… თვალი გავახილე და…. შავგვრემანი ბიჭი შემრჩა ხელებში. ნაცნობ შრამს მოვკარი თვალი და მის თვალებს, რომელშიც ნაპერწკლები თამაშობდა. მაიკლი იყო.

ინსტინქტურად შევხტი და თავი კედელს მივარტყი… ტკივილისგან უფრო ფართოდ გავახილე თვალები და მივხვდი, რომ კედლის მაგივრად საწოლს მივეჯახე, რომ მაიკლი საერთოდ არ იყო აქ და რომ ეს ყველაფერი სიზმარში, ძალიან ცუდ და უცნაურ სიზმარში ხდებოდა.


****

ჯეიმი გრძნობებში გამომიტყდა.. ამდენ ხნიანი ლოდინის შემდეგ ოცნება რეალობად იქცა და ჩემი მეგობარი ჯეიმი, რომელიც სიგიჟემდე მომწონდა და ჩემი გაგებით უკვე მიყვარდა კიდეც, დაახლოებით იგივეს გრძნობდა ჩემ მიმართ. დაახლოებითს იმიტომ ვამბობ, რომ ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი, თუ რამდენად ძლიერი იყო მისი გრძნობები. წარმოდგენა არ მქონდა მასაც ისევე მძაფრად მოვწონდი თუ არა, როგორც მე…

იმ დღეს, ცეკვის სტუდიაში დიდხანს აღარ გავჩერებულვარ. ემოციები უჭარბესად მქონდა მოზღვავებული, თუ კი შეიძლება, რომ ასე ითქვას. იმდენად ბედნიერი ვიყავი, ვიცოდი ერთი სიტყვაც და მაშინვე სიხარულისგან ამეტირებოდა. მე კი არ მინდოდა ჯეიმის ასეთი ვენახე. არ მინდოდა სცოდნოდა თუ როგორ ძალიან, ძალიან მომწონდა ის. ამიტომ ჩემი პირველი, მისი არ ვიცი მერამდენე, კოცნის შემდეგ, ჯეიმის დავემშვიდობე.

ზუსტად არც მახსოვს რა ვუთხარი ან რამდენად უხერხული მოძრაობებით გამოვიარე გრძელი დერეფანი მასთან ერთად, სანამ კარებამდე არ მიმაცილა და დამემშვიდობა.

სიტყვები არც იყო საჭირო. მისთვისაც ემოციური იქნებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, იქიდან გამომდინარე, რომ ახლო მეგობრები ვიყავით. ამ ბარიერის გადალახვა მეგონა რთული არ იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის.. იმდენად მომწონდა და უკვე მერამდენედ ვამბობ, რომ მგონი მიყვარდა კიდეც ჩემი მეგობარი ჯეიმი, რომ მეგონა, როგორც კი მისგანაც იგივეს ვიგრძნობდი, ყველანაირი უხერხულობა მომეხსნებოდა.

თითქოს აქამდე სულ იმის მალვაში ვიყავი, რომ ჩემი გრძნობები და ჩემი დამოკიდებულება ჯეიმის მიმართ სააშკარაოზე არ გამომეტანა… ახლა კი ყველაფერი გაცილებით მარტივად იქნებოდა… ან მე მეგონა ასე.

***
აუცილებლად სიზმარში ვარ. პირველი ეს გავიფიქრე, როცა სტუდიას რამდენიმე მეტრით გამოვცდი და უნივერსიტეტისკენ ავიღე გეზი. გზად პატარა მაღაზიასთან გავჩერდი, ჩანთიდან ძლივს ამოვიღე გაცრეცილი ხაკისფერი საფულე და წყლის საყიდლად შევედი.

გული ჯერ კიდევ აჩქარებული მქონდა. უცნაური ყოფილა პირველი კოცნა. ვერ ვიტყვი, რომ ისეთი იყო როგორიც წარმომედგინა… რადგან ამ ემოციას, სანამ არ იგრძნობ ვერც წარმოიდგენ.

წყლის ბოთლი თითქმის ბოლომდე ჩავცალე, სული მოვითქვი და დარჩენილი მანძილი უნივერსიტეტის შენობამდე უფრო თავდაჯერებულად გავიარე.

თითოეული წუთის გასვლა კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდიდა დილით მომხდარ ამბავს. მეგონა სხვის რეალობაში გადავინაცვლე… რეალობაში, რომელიც ოცნებაზე გაცილებით უკეთესი იყო და რომელიც ძალიან, ძალიან შორს იყო რეალობისგან.


მეორე ლექციაზე დავაგვიანე, ლექტორს ბოდიში მოვუხადე და თალისას გვერდით მოვკალათდი. ალბათ სახეზე მეწერა, რომ ყველაფერი არ იყო ისე, როგორც არის ხოლმე და რომ ცოტახნისწინ ან ძალიან კარგი ან ძალიან ცუდი რამე მოხდა. თალისას უნდოდა გაეგო რა მოხდა ჩემს თავს, მაგრამ პასუხი ლექციის დასრულებამდე ვერ გავეცი.


სახლში როცა დავბრუნდი 5 საათი იყო. დრო უცნაურად გაიწელა. თითქოს ვიღაცას ჩემი ცხოვრების სამართავი პულტი აეღო და კადრის შენელებაზე დაეჭირა. პირველად ამდენი ხნის განმავლობაში ჯეიმის სახლისკენ არ გამიხედავს. უხერხულად ვგრძნობდი თავს და მეც არ ვიცოდი რატომ..

მაგალითად, დინი რომ შემხვედროდა, სავარაუდოდ ხმის ამოღებაც არ დამჭირდებოდა, ისე მიხვდებოდა ყველაფერს. მიხვდებოდა იმას, რომ მისი რჩევა საერთოდ არ გავითვალისწინე და რომ იმდენი ვქენი, ჯეიმი გრძნობებში გამოვტეხე.

ვიცოდი ჩემი უაზროდ მოწყობილი ტვინი ართულებდა ყველაფერს, მაგრამ შინაგანად რაღაც არ მასვენებდა და ჯერ ვერ გამერკვია თუ რა იყო ის.

მეშინოდა ჯეიმის. მეშინოდა იმიტომ, რომ თუ მალე მოვბეზრდებოდი, ამ ფაქტის გადატანა გაცილებით გამიჭირდებოდა. ახლა, როცა უკვე 0.1 პროცენტით მაინც ვიცოდი და გემო გავუგე იმას თუ რას ნიშნავდა ჯეიმისთან ურთიერთობა.

მეშინოდა ამ ახალი გრძნობის. ვიცოდი თუ იმაზე მეტად შევიყვარებდი, ვიდრე მე ვეყვარებოდი, ეს ძალიან, ძალიან მატკენდა გულს.

****

საღამოს ანაბელი მესტუმრა. ბრაუნის ჭამა მოგვინდა ძალიან და კაფეში ფულის გაფლანგვას მისი სახლში გამოცხობა ვამჯობინეთ. ჯეიმისთან დაკავშირებით აქამდე არაფერი მომეყოლა მისთვის. ჯეიმის შესახებ საერთოდ თითქმის არასდროს არავისთან ვსაუბრობდი. მხოლოდ მაშინ მომინდა ბედნიერების გაზიარება, როცა უგემრიელესი ბრაუნი ნაყინთან ერთად ჩავკბიჩე და სიამოვმებისგან თვალები დავხუჭე.

ამ მომენტშიც ჯეიმი და მისი სახე დამიდგა თვალწინ. ლუკმა მძიმედ გადავყლაპე და ყოველგვარი შესავლის გარეშე ანაბელს პირდაპირ ვუთხარი.

– დღეს ჯეიმის ვაკოცე.

– ჰა, რა? – წარბები შეჭმუხნა და მიუხედავად იმისა, რომ ემოციების მკაფიოდ გამოხატვა არ ახასიათებდა, ამჯერად ვერ მოზომა და სრული შოკი დაეწერა სახეზე.

– ჰო. ტადაამ. – გამეცინა და როცა ხმამაღლა წარმოვთქვი ეს ყველაფერი, ფაქტის ჭეშმარიტებაში უფრო მეტად დავრწმუნდი და ღიმილი ყურებამდე ამივიდა.

– შენ და ჯეიმი? დინის მეგობარი, აქ, წინ რომ ცხოვრობს?

– ჰო, ეგ და დინი ერთად ცხოვრობენ. ძალიან ახლო მეგობრები ვართ.

– იმ დღეს… კოცონზე რომ გადავედით, იმდენად არ შეიმჩნიე, მეგონა არ იცნობდი….


– ჰო… რაღაც გაურკვევლობა იყო. – ჩანგლით ბრაუნის მორიგი ლუკმა ჩამოვჭერი.

– შენი მეგობარი… აი სულ თავიდან რომ მითხარი ხშირად მსტუმრობს ხოლმეო…

-ჰო…

– ეგ მაიკლი მეგონა რატომღაც. – ანაბელმა ალუბლის წვენი მოსვა და თეფში გვერდით გასწია. ძალიან ყურადღებით ჩაერთო საუბარში და მიუხედავად ჩემი მისდამი დამოკიდსბულებისა, გავიფიქრე, საჭიროზე ადრე ხომ არ ვუთხარი ეს ყველაფერი-მეთქი.


– ააჰ, არა. ჯეიმი და მე დიდიხნის მეგობრები ვართ.. ნუ არც თუ ისე დიდი ხნის, მაგრამ ვფიქრობ, საკმარისი მოგონებები გვაკავშირებს ერთმანეთთან.


– აქამდე არასდროს გისაუბრია მასზე. – ცოტა მოწყენილი სახით მითხრა. იქნებ ეწყინა კიდეც ესეთი მნიშვნელოვანი რამ რომ გამოვაპარე.

– ხოდა მგონი შემიძლია უკვე ვისაუბრო. – გავუღიმე და ღრმად ამოვისუნთქე.

– სად გაიცანი? – ანაბელი სკამით უფრო ახლოს მოჩოჩდა და სახე გაუბრწყინდა. ესიამოვნა, რომ ჩემს სამყაროში უფრო ახლოს შემოვუშვი.

*****


ანაბელი სახლში 11 საათისთვის წავიდა. ბევრი ვისაუბრეთ. თითქმის ყველაფერზე.. მაგრამ უფრო მეტად ჩემსა და ჯეიმის ურთიერთობაზე. გამოვუტყდი იმაშიც, რომ ვნერვიულობდი. ანაბელმა კი დამამშვიდა და მითხრა, რომ ეს ბუნებრივი იყო. კარგი ყოფილა გულის გადაშლა და შენი გრძნობების სხვისთვის გაზიარება. პირად ურთიერთობებზე საუბარი, ალბათ, არასდროს მეყვარებოდა. მაგრამ ანაბელთან ურთიერთობა ბევრ რამეზე წარმოდგენას მიცვლიდა და ხანდახან საპირისპიროშიც მარწმუნებდა ხოლმე. ზედმეტად პირად ცხოვრებაში არავინ უნდა ჩაახედო. ხანდახან ჩვენ თვითონაც გვეშინია საკუთარ ცხოვრებაში ორივე თვალით ჩახედვის… მაგრამ ფაქტების გაზიარებაზე მეტად, ემოციების გაზიარებაა მნიშვნელოვანი.. ანაბელთან საუბრის შემდეგ კი თითქოს დიდი ლოდი მომეხსნა ზურგიდან და დავრწმუნდი, რომ თუ რამე ისე არ წავიდოდა, როგორც მე მქონდა წარმოდგენილი, ჩემი მეგობრის იმედი აუცილებლად მექნებოდა..


ერთი ორი სიტყვა ანაბელმა დინზეც ჩამოაგდო და აღიარა, რომ მოეწონა…. და რომ ეწყინა, კოცონის შემდეგ რომ აღარ შეხვედრია მას.


საუბრის პარალელურად ტელეფონს ვამოწმებდი. ყოველ 5 წუთში ეკრანს ვანთებდი იმის მოლოდინში, რომ ჯეიმის მესიჯი დამხვდებოდა. ფანჯრიდან არ გამიხედავს. არ მინდოდა შემთხვევით ქუჩაში დამენახა და თვალებში შევფეთებოდი. ვიცოდი, რომ დღეს დიდხანს ივარჯიშებდა. დაკარგული დრო უნდა აენაზღაურებინა და ამაში ხელს არ შევუშლიდი.


ანაბელი კარებამდე მივაცილე, მადლობა გადავუხადე და ხვალამდე დავემშვიდობე. სახლში სიჩუმე იყო, ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი და მარტო დარჩენიდან ნახევარი საათის შემდეგ, ჩანთა მხარზე მოვიკიდე და გარეთ გავედი. ფილმის ყურება გადავწყვიტე, რისთვისაც სასუსნავები აუცილებლად უნდა მომემარაგებინა.
დღეს მეპატიებოდა, ბედნიერი და აღელვებული ვიყავი, ამიტომ სავარაუდოდ შოკოლადების შეკვრით დავბრუნდებოდი სახლში.

****

მარკეტში შევედი, პატარა ურიკას მაგრად ჩავჭიდე ხელი და მთელ გაყოლებაზე რაც კი რამ გემრიელობა მხვდებოდა, შიგნით ვყრიდი. ყურსასმენები მეკეთა და ზუსტად ის მომენტი იყო, თავი რომელიმე მუსიკალურ კლიპში რომ გგონია. ოღონდ ამ კლიპში მთავარი გმირი ხარ, რა თქმა უნდა…

ტელეფონს კიდევ ერთხელ დავხედე, ჯეიმი ჯერ ისევ არ ჩანდა, მაგრამ ვიცოდი, როცა სახლში დაბრუნდებოდა აუცილებლად შემეხმიანებოდა.

სალარომდე ჩემს ურიკასთან ერთად მივგორდი და როცა ბარათი გავუწოდე ახალგაზრდა მოლარეს, მარჯვენა მხრიდან ვიღაცამ ხელი შემოაცურა და თავისი ბარათი დაადო წამკითხველს.
მოლარე დაბნეული იყო, უცბად მოვიხსენი ყურსასმენი და როცა მოვტრიალდი შავგვრემან ბიჭს, მაიკლს, შევეფეთე.

ლოყები გამიხურდა, ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი.. წამის მეასედში მოხდა ყველაფერი და ვერც გავიაზრე, რა უნდა მეთქვა მისთვის.


– მაიკლ..ძალიან მერიდება….რატომ შეწუ….

– არ შევწუხებულვარ, არანაირად. დამშვიდდი. – თბილად გამიღიმა, პარკებს ხელი დაავლო და შოკიდან როცა გამოვედი, მეც მის ნაბიჯებს ავუწყვე ფეხი.

– კაი რა… ძალიან მერიდება, მართლა. არ მიყვარს ესეთი რაღაცები. – ვუთხარი და თან ერთ პარკზე ვეჯაჯგურებოდი.

– ამას მაინც წამოვიღებ. – არ ვნებდებოდი.

– კაი, ეს წამოიღე. – მელოდიურად ჩაეცინა.

სახლამდე მოვისეირნეთ, რატომღაც მშვიდად ვგრძნობდი თავს.. ვარკვირდებოდი და სახეზე რომ ავათვალიერე კიდევ ერთხელ დავინტერესდი მისი შრამით… ნეტავ საიდან გაუჩნდა?… ათას რამეზე ვფიქრობდი ერთდროულად და თან ნამუსი მაწუხებდა, ბოლო შეხვედრაზე უარით რომ გამოვისტუმრე, ჩემი ყავაზე დაპატიჟება რომ უნდოდა. კარგი ადამიანი იყო მაიკლი.. ძალიან კარგი ადამიანი.

როცა სახლამდე მოვედით პარკები კარებთან დამიდო, ხელი ჯიბეებში ჩაიწყო და საყვარლად გამიღიმა. არ უნდოდა ეთქვა სახლში შეგატანინებო, ალბათ, იფიქრა, ამით პირად სივრცეს დამირღვევდა.

უნდა დავმშვიდობებოდი.. ვიცოდი და თან ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა სწორი საქციელი. მეთქვა მადლობა და უბრალოდ დავმშვიდობებოდი.

მაგრამ ხანდახან სანამ რამეს გაიფიქრებ, მანამდე იწყებ ლაპარაკს.. ჰოდა მგონი მეც ეგ დამემართა.

– არ გინდა, შემოდი. – ვუთხარი და თან გასაღები გადავატრიალე.

Published by Keti

:)

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started