9. გიშრისფერი თმები

შემოსასვლელი კარები დავკეტე, საკეტი ორჯერ გადავატრიალე და სანამ მაიკლისკენ შემოვტრიალდებოდი, ღრმად ამოვისუნთქე.

ჩემგან ოდნავ მოშორებით, უხერხულად იდგა, ხელები კვლავ ჯიბეებში ჩაეწყო და ჩემ მითითებას ელოდებოდა.

– ქურთუკი შეგიძლია აქ დაკიდო. – შემოსასვლელთან განთავსებულ საკიდზე მივუთითე და თან ერთ პარკს დავავლე ხელი, რომელიც სამზარეულოს მაგიდაზე დავდე.

უხერხული სიჩუმე იყო. მხოლოდ ქურთუკის ელვის გახსნის ხმა და პარკის შემაწუხებელი ჭრაჭუნი ისმოდა.

საკუთარ თავზე გავბრაზდი. მე რომ არა, არც მაიკლს ჩავაყენებდი უხერხულ მდგომარეობაში და რაც მთავარია, არც საკუთარ თავს. მისი სახლში შემოპატიჟებით თითქოს მადლობის გადახდა და ერთდროულად ბოდიშის მოხდა მინდოდა წინა კვირას მისი უხეშად დაიგნორების გამო.

ერთი მხრივ, ჩემი საქციელით დინსაც ვუწევდი წინააღმდეგობას. თითქოს ამით იმის დამტკიცება მინდოდა, რომ მისი მითითებების გარეშეც შევძლებდი ადამიანებთან ადეკვატურ კომუნიკაციას. ადეკვატურში იმას ვგულისხმობ, რომ ჩემი კარის მეზობელ მაიკლთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებით სასიყვარულო სამკუთხედის ჩამოყალიბებას ხელს ნამდვილად არ შევუწყობდი.

მაიკლთან ზუსტად იმიტომ მინდოდა დაახლოვება, რომ შემდეგ უხერხული სიტუაცია ნაკლებად ჩამოვარდნილიყო მაიკლსა და ჯეიმის შორის. მერჩივნა მეთვითონ მიმეხვედრებინა, თუკი მართლა მოვწონდი მას, რომ მე და მაიკლს შორის არაფერი გამოვიდოდა. რომ ჯეიმის არ არსებობის შემთხვევაშიც კი მასთან მეგობრობაზე მეტი არაფერი მომინდებოდა… ასე ვფიქრობდი იმ დღეს, მაგრამ ეს ფიქრები ცოტა ჩუმი და ნაკლებად დამაჯერებელი იყო.

– ჩაის ან ყავას შემოგთავაზებ, იქამდე ტელევიზორთან შეგიძლია მოკალათდე. – კვლავ საკიდთან მდგომ მაიკლს მივმართე, რომელიც საყვარელ ღიმილს ვერ იკავებდა თითოეული ჩემი სიტყვის მოსმენის შემდეგ.

– ყავას დავლევ… საყვარელი სახლი გაქვს. – მითხრა და ტელევიზორის სავარძელთან მიახლოვების მაგივრად, მე მომიახლოვდა და სამზარეულოს მაგიდას ცალი ხელით დაეყრდნო.

– ჰო, მიყვარს ეს სახლი. – ზურგი ვაქციე და ჩაიდანში წყალი ჩავასხი.

– დიდი ხანია აქ ცხოვრობ? – მაიკლი ადგილს არ იცვლიდა და უკნიდან მაკვირდებოდა, რაც ჩემს მოძრაობებს კიდევ უფრო უხერხულს ხდიდა.

– კი, თითქმის 4 წელია…

– მერე მარტო არ იწყენ? – ამჯერად მისკენ შევტრიალდი, სამზარეულოს ამაღლებულ სკამზე მივუთითე და მე მის მოპირდაპირე მხარეს დავჯექი.

– რას გულისხმობ? – ჩამეცინა და თვალები გავუსწორე. კვლავ მის სახეს და უცნაურად ლამაზ შრამს ვაკვირდებოდი.


– იმას, რომ ძირითადად სახლში მარტო ხარ.. მე ბიჭების გარეშე მარტო ცხოვრება გამიჭირდებოდა. – თქვა და თმები ხელით აიჩეჩა. გიშრისფერი თმა ჰქონდა, ძალიან ბზინავდა და სურვილი გამიჩნდა მეკითხა, რაიმე კონკრეტულ თმის მოვლის საშუალებას ხომ არ იყენებდა ამ ეფექტის მისაღებად..

– ჰო, რავიცი.. სკოლის ბოლო წელს მე და ჩემი მეგობარი ჯეინი ერთად ვგეგმავდით აქ გადმოსვლას. უნივერსიტეტიც ერთი გქვონდა არჩეული და დანარჩენი ცხოვრებისეული გეგმებიც ერთად დავაწყვეთ. მაგრამ ჯეინი სასწავლებლად ნაითვილში წავიდა. მშობლებმა იქაურ უნივერსიტეტში ურჩიეს ჩაბარება, მერე ბენი გაიცნო და… – რაღაცნაირად დავსევდიანდი… ბენი, რომ გამახსენდა. უკეთესი ბიჭი შეეფერებოდა ჩემს საუკეთესო მეგობარს და გული მწყდებოდა ამას თვითონ რომ ვერ ხვდებოდა.


– და? – მაიკლმა წარბები შეჭმუხნა, ეგონა რაიმე შემაძრწუნებელი უნდა მეთქვა მისთვის.

– გათხოვდა. შესაბამისად ამ სახლში მარტო შევრჩი და შეძლებისდაგვარად შევეგუე მარტოობას. – ვუთხარი და ჩაიდნის შემაწუხებელმა ხმამ შემახსენა, რომ წყალი ადუღდა.

– მარტოობა არ არის ცუდი რამე. – უკნიდან მაიკლის ხმა მომესმა. ჩაი ჩამოვასხი ორივე ჭიქაში და პარკიდან პეჩენიები ამოვიღე, რომლის ფულიც მაიკლმა გადაიხადა. მაგიდაზე დავაწყვე ორ პატარა თეფშთან ერთად და კვლავ ჩემს ადგილას მოვკალათდი.

– ვითომ?

– ჰო, ხანდახან საჭიროა მარტო ყოფნაც. ვფიქრობ, ესეთი ადამიანები გაცილებით უკეთ იცნობენ საკუთარ თავებს.

– ისინი ვინც მარტო ცხოვრობენ?

– ჰო. ისინი, ვისაც მეტი დრო რჩებათ საკუთარ თავთან.. ისინი, ვინც სხვების გავლენის ქვეშ არ ექცევიან. დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს. – კარგად ვერ მივხვდი რის თქმას ცდილობდა, ამიტომ მოურიდებლად ჩავეძიე :

– ფაქტობრივად შენც დამოუკიდებლად ცხოვრობ.. მშობლების მაგივრად მეგობრებთან ერთად, ეგეც ხო დიდი თავისუფლებაა?

– კი, ეგრეა და ისიც გითხარი, რომ ბიჭების გარეშე მარტო ცხოვრება გამიჭირდებოდა-მეთქი… მაგრამ ხანდახან ვფიქრობ, აქ სრულიად მარტო რომ ვცხოვრობდე შეიძლება უფრო შემდგარ პიროვნებად აღმექვა საკუთარი თავი… მოკლედ რთულია, ესე მარტივად ვერ აგიხსნი. – საყვარლად გაეღიმა და ცხელი ყავა მოსვა.

– არა, კარგად მესმის. შეიძლება ჯეინი და მე ერთად რომ ვყოფილიყავით ბევრი რამე სხვანაირად მომხდარიყო…

– მაგალითად?

– მაგალითად ის, რომ ჩემს კურსელ ანაბელს არ დავუმეგობრდებოდი.. არც თალისას, მათ შორის.

– რატომ ფიქრობ ეგრე? – კვლავ ინტერესიანი თვალები მომაპყრო, კარგი მსმენელი ჩანდა და მეც სიამოვნებით ვუზიარებდი თეორიებს ჩემი ცხოვრების განვითარების შესაძლო ვარიანტების შესახებ.

– მე და ჯეინი გადაბმული მეგობრები ვიყავით… მის გარდა სამყაროში ვერავის ვხედავდი, შეიძლება ასეც ითქვას… არ გამოვირჩევი კომუნიკაბელურობით და ჯეინთან ურთიერთობა სრულებით საკმარისი იყო ჩემთვის. ვფიქრობ, უნივერსიტეტშიც ერთად რომ გვესწავლა, სხვისკენ ნაკლებად გავიხედავდი.

– ერთგული მეგობარი ყოფილხარ. – ჩაეცინა და ერთი პეჩენია თეფშზე დაიდო.

– არა, ეგ ერთგულებაზე მეტად უფრო შიშია. შიში ადამიანების..

– ადამიანების?- გაკვირვებულმა მკითხა. ისე ჩავუღრმავდი ამ თემას, იმედია წარმოდგენა არ შეეცვლებოდა ჩემზე და ზედმეტად უცნაურ ადამიანად არ შემრაცხავდა.

– ჰო.. ახალ ადამიანებთან შეხვედრის, მათთან ურთიერთობის. ყოველთვის რაღაცნაირად შებოჭილად ვგრძნობდი თავს. მეგონა უცხო ადამიანისთვის ერთი არასწორად ნათქვამი სიტყვა მას მთლიანად შეაცვლევინებდა ჩემზე წარმოდგენას.

– ანუ ადამიანების იმედგაცრუების გეშინია? – ნელნელა ხვდებოდა რასაც ვგულისხმობდი.

– ჰო, ნაწილობრივ. არ მინდა ვინმემ ცუდი გაიფიქროს ჩემზე. ცოტა ბავშვურად ჟღერს, მაგრამ რაღაცნაირად მაშინებს ის ფაქტი, რომ შეიძლება ვიღაცას გულზე არ ვეხატებოდე.

– ჯეიმის გავხარ. – მითხრა და გული მუცელში ჩამივარდა. მისი სახელის მოსმენაც უცნაურ შეგრძნებებს აღძრავდა ჩემში.

– ისიც პერფექციონისტია, ყველანაირი გაგებით – გააგრძელა მაიკლმა – ადამიანების იმედგაცრუების ძალიან ეშინია. ზედმეტად უფრთხილდება სხვების გრძნობებს და ამით საკუთარ თავს განზე წევს. აი ერთხელ გითხარი, დედამისის ცუდად ყოფნის ამბავი კონცერტის დაწყებამდე არავის გვითხრა მეთქი, ხომ გახსოვს?

– კი, მახსოვს.

– ჰოდა ეგრე ზუსტად იმიტომ მოიქცა, რომ ჩვენ გაგვიფრთხილდა. არ უნდოდა ამის გამო კონცერტი ჩაგვეშალა.

– ჰო… ამ თემაზე მასთან არ მილაპარაკია. – ვუთხარი და ჩემს ჩაის ჭიქას დავხედე.

– მგონი ჯობია არ დაელაპარაკო, გაბრაზდება რომ გაიგოს მე გითხარი.

– კარგი. – თავი დავუქნიე და გამეღიმა.

– კარგია შენთან ლაპარაკი. – მოულოდნელად მითხრა.

– შენთანაც.

ამის შემდეგ კიდევ ვისაუბრეთ ცოტა ხანს… ღამის პირველი საათი გახდა, როცა მაიკლი კარებამდე მივაცილე და დავემშვიდობე.

დიდი მადლობა გადავუხადე დაპატიჟებისთვის, ვუთხარი, რომ სასიამოვნო იყო მასთან ლაპარაკი და როცა მაიკლმა მითხრა ასეთი შეხვედრა კიდევ უნდა გავამეოროთო, სხვა პასუხი ვერ მოვიფიქრე და ვუთხარი “კი, აუცილებლად”.

კარები გადავკეტე და ზურგით მივეყრდენი. ტვინი დამძიმებული მქონდა და არ ვიცოდი რა მიტოვებდა ასეთ უსიამოვნო შეგრძნებას. ჯეიმი მთელი საღამო არ გამოჩენილა, ყოველ შემთხვევაში ასე მეგონა მანამ, სანამ ტელეფონს არ დავხედე და ჯეიმის 2 გამოტოვებული ზარი არ დამხვდა ეკრანზე.

12:30- ზე და 12:45- ზე მირეკავდა. გული ამიჩქარდა, წნევა ამივარდა ან დამივარდა და რაც ყველაზე მთავარია, ნამუსმა შემაწუხა.

მაიკლი უკვე სახლში მიბრუნდებოდა და თუ ჯეიმი კითხავდა სად იყო, პასუხად აუცილებლად ერთ სახელს მოისმენდა “ელისთან”.

არ მინდოდა ეს ცუდად მიეღო ჯეიმის. მაგრამ არც დავადანაშაულებდი ასე რომ ყოფილიყო.. თვითონ ჯეიმი გამომიტყდა იმაში, რომ მაიკლს მოვწონდი. მისი სახლში იმ საღამოს შემოპატიჟება, როცა ჯეიმის პირველად ვაკოცე, არც თუ ისე სწორი საქციელი იყო.



არადა ყველაფერი სხვანაირად იყო…მადლობის გადახდისა და ბოდიშის მოხდის კომბინაციამ შემომაპატიჟებინა მაიკლი სახლში. შეიძლება სხვა რაღაცამაც, მაგრამ იმ მომენტში მხოლოდ ეს მოტივი მამოძრავებდა. ბევრი არ მიფიქრია და ამიტომ მოვიქეცი ასე.

მაღაზიაში რომ არ შემხვედროდა და ჩემს საყიდლებში ფული მას არ გადაეხადა, ალბათ, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. საერთოდ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა ჯეიმის დროზე ადრე რომ ეღიარებინა საკუთარი ჭეშმარიტი გრძნობები ჩემთან დაკავშირებით.. ჯეიმიმ ბოდიში მომიხადა დაგვიანებისთვის და….იქნებ მართლა დააგვიანდა?

****

ტელეფონი ორჯერ ავიღე ხელში, ორჯერვე დავბლოკე. ჯეიმისთან გადარეკვის მეშინოდა. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი და სხეულის ორად გაყოფა შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ჩემს მეორე ნახევარს აუცილებლად სახეში შემოვულაწუნებდი.

საკუთარმა თავმა გამაღიზიანა და ამის გააზრებამ კიდევ უფრო მეტად გამიმძაფრა სინანულის შეგრძნება.

ჯეიმი გრძნობებში გამომიტყდა და მე საღამო მის მეგობართან ერთად გავატარე. ეს იყო ისტორიის ჰედლაინი. ვინმეს სტატიად რომ დაეწერა ეს ამბავი აუცილებლად ამ ფრაზას გამოიტანდა ლიდად. ჩემი ვარიანტი კი ეს იქნებოდა :

ჯეიმი გრძნობებში გამომიტყდა, მთელი საღამო გაუჩინარდა, 11 საათამდე ველოდი მის ზარს, ერთი სული მქონდა მეტი გველაპარაკა ჩვენს შესაძლო ურთიერთობაზე, ის კი იმდენ ხანს შერჩა თავის სულელურ სტუდიაში, რომ ღამის პირველის ნახევრამდე არც გავახსენდი. კარგი ვქენი, რომ მაიკლი სახლში შემოვიპატიჟე.

ეს სიტყვები ტვინში ხმამაღლა წარმოვთქვი და სანამ გაორება დამეწყებოდა ტელეფონს ბლოკი მოვხსენი და ჯეიმისთან თავდაჯერებულად გადავრეკე. ორი ზარი გავიდა, სამი, ოთხი… გათიშვას ვაპირებდი, მაგრამ სადაც ოთხი იქ მეხუთე ზარსაც გავუშვებ-მეთქი გავიფიქრე და ჯეიმიმაც მეხუთე ზარზე მიპასუხა.

– გცალია?

– ჰა? – დავიბენი, მე ვურეკავდი და რა თქმა უნდა, რომ მეცლებოდა.

– გცალია-მეთქი, გკითხე. – ხმა ცოტა ჩახლეჩილი ჰქონდა, ყურებს და მთლიან ჩემს ორგანიზმს იმდენად სიამოვნებდა მისი საუბრის მოსმენა, იმ წამს ვიცოდი, რომ ჯეიმიზე მეტად ცხოვრებაში არავინ მომეწონებოდა.

– კი, მცალია… ბოდიში, რომ ვერ გიპას- წინადადება არ დამამთავრებინა ისე მითხრა :

– თუ არ წევხარ, შეგიძლია გამოხვიდე? გავისეირნოთ. – მუცელი ისევ შემეკუმშა და იმდენად სასიამოვნოდ და თან შემაძრწუნებლად ჟღერდა ეს მოსალოდნელი შეხვედრა, რომ ადრენალინის მოზღვავებამ ფიქრის საშუალება არ მომცა და მაშინვე ვუპასუხე :

– გავისეირნოთ. 

Published by Keti

:)

Leave a Reply

Create your own website, free on WordPress.com.Create your own website.
Start free