10. ეველინი

ბევრი დრო არ უნდა დამეკარგა, ამიტომ მაშინვე საპირფარეშოში გადავინაცვლე და იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ტკბილეული მქონდა ნაჭამი, კბილები ორჯერ გამოვიხეხე. შემდეგ თვალზე უშნოდ გაფერმკრთალებული ლაინერი შევისწორე, თმა გადავივარცხნე და სუნამოც შევისხი. არ მინდოდა ძალიან მძაფრი სუნი მქონოდა, ამიტომ ჰაერში ხელების უცნაური მოძრაობით სუნამოს ეფექტის განეიტრალებას ვცდილობდი.

სარკეში კიდევ ერთხელ ავათვალიერე საკუთარი თავი და დასკვნა გამოვიტანე, რომ საშუალოზე უკეთ და ძალიან კარგზე ოდნავ ცუდად გამოვიყურებოდი. არ მინდოდა ჯეიმის დიდხანს ეცადა ჩემთვის, ამიტომ ოთახში შუქი ჩავაქრე, პატარა ჩანთა მხარზე გადავიკიდე და კარებს მივუახლოვდი. სახელურს ხელი მოვკიდე, ის იყო უნდა გადამეტრიალებინა,  როცა რატომღაც გადავიფიქრე, შემოვტრიალდი და ფეხაკრეფით ფანჯარას მივუახლოვდი…

არ მინდოდა ჯეიმიზე ადრე გავსულიყავი გარეთ, რაღაცნაირად უხერხულად მომიწევდა ერთ ადგილზე დგომა, ლოდინი და სანამ შევხვდებოდი შეიძლება გადამეფიქრებინა კიდეც, ამიტომ ფარდა ფრთხილად გადავწიე და მოპირდაპირე სახლისკენ გავიხედე.

და აი ისიც.

დავინახე თუ არა სუნთქვა შემეკვრა. ჩემი ფანჯრისგან ოდნავ მოშორებით იდგა. თავზე კაპიუშონი ეხურა და ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი. ჩაფიქრებული ჩანდა… მე კი იმედი მქონდა, რომ იმ წამს ჩემზე ფიქრობდა…. რომ მასაც ერთი სული ჰქონდა ჩემი ნახვის.

ალბათ, კიდევ დიდხანს გავაგრძელებდი მის შორიდან ყურებას, თუმცა ახლა რომ ვინმეს დავენახე, აუცილებლად შეშლილი ვეგონებოდი.. ამიტომ ფარდა უკან გადავწიე, აჩქარებულ გულისცემას ყურადღება აღარ მივაქციე და სახლიდან გავედი.

კარები ზურგს უკან მოვიტოვე, ჯეიმის ვუახლოვდებოდი და თან ჩანთის შესაკრავს, ტელეფონის შიგნით ჩადების მიზნით, უაზროდ ვაწვალებდი.

– მიყურებდი? – მისი ხავერდოვანი ხმა მომესმა და ამჯერად ჩანთიდან მზერა მასზე გადავიტანე.

– ჰა? – ჩამეცინა და წარბები შევჭმუხნე. მგონი გამომიჭირა.

-არაფერი. – ჩაეცინა და გაღიმებული მომაშტერდა. ალბათ, ზუსტად იცოდა იმ მომენტში რა ეფექტსაც ახდენდა ჩემზე. არ ვიცი ჩემი დაძაბულობა ართობდა თუ არა, ან იმას ფიქრობდა თუ არა, რასაც მე, მაგრამ ფაქტია, როგორც კი მისი სახე ახლოდან დავინახე, პირველი, რაც გამახსენდა ჩვენი კოცნა იყო. სურათები ერთმანეთის მიყოლებით სწრაფად იცვლებოდა. ემოცია კი ყოველი წამის გასვლის შემდეგ უფრო მძაფრდებოდა. კიდევ კარგი სიბნელე იყო, თორემ ჩემი გაწითლებული ლოყები დაუკითხავად იტყოდნენ ყველაფერს.

– ამმ.. სად გავისეირნოთ? – ვუთხარი და ორივე ხელი ჩემს პატარა ჩანთას მოვკიდე. თითქოს ასე უფრო მშვიდად ვგრძნობდი თავს.

-წამომყევი…ერთი ადგილი უნდა გაჩვენო- თავით შავ მანქანაზე მიმითითა. მეც უკან გავყევი და სანამ ჩავსხდებოდით მივაძახე :

-არ ვიცოდი მანქანა თუ გყავდა…

-ჩემი არ არის. დინს გამოვართვი. – თქვა და საჭესთან მოკალათდა. მე მანქანის გარეთ დავრჩი და იქამდე ვიდექი გაუნძრევლად, სანამ ჯეიმის ხმამ არ დამაბრუნა რეალობაში.

-არ ჩაჯდები? – ფანჩარა ჩამოწია, ეღიმებოდა და თან სერიოზული სახის შენარჩუნებას ცდილობდა.

-მართვის მოწმობა გაქვს ხო? –  ვკითხე… პასუხად კი მანქანის დაქოქვისა და ძრავის ხმა გაისმა.

***

მანქანაში სიჩუმე იყო… სიმყუდროვის დარღვევა არ მინდოდა, ამიტომ ხმის ამოღება რამდენჯერმე გადავიფიქრე. ფანჯარაში ვიყურებოდი, მაგრამ მალე ცდუნებას ვერ გავუძელი და მისკენ გავიხედე.

ჩემი მეგობარი ჯეიმი… ვიცი, რომ ამას ხშირად ვამბობ, მაგრამ სიმპატიურია. ძალიან სიმპატიური. ვფიქრობ, რომ განსაკუთრებულად ლამაზი პროფილი აქვს. საჭეს მარცხენა ხელით მართავს, მეორე კი ჩემს სავარძელთან ახლოს უდევს.. გამბედაობა არ მყოფნის, თორემ აუცილებლად შევეხები. კაპიუშონი მოხდილი აქვს, მაგრამ ვერცხლისფერ-ჩალისფერი თმები მაინც ხელს მიშლის მისი თვალების დანახვაში.

წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება მის ფიქრებში.. იქნებ ნანობს თავის საქციელს? იქნებ მიხვდა, რომ ერთანეთის შესაფერსები არ ვართ? ამ კითხვაზე პასუხის მოსმენის ძალიან მეშინია.. ამიტომ ვცდილობ ისევ უბრალოდ მასზე ვიფიქრო. მხოლოდ მასზე და ჩვენზე არა.. ელი და ჯეიმი.. ეს ორი სახელი ერთად მაინც უცნაურად ჟღერს. თითქოს მე უნდა მიყვარდეს. მხოლოდ მე უნდა მიყვარდეს ისე ძლიერად, როგორც მიყვარს.. ამხელა გრძნობას ორივე მგონია ვერ შევეჭიდებით. ვერ გავიყოფთ… თუ მეტყვის, რომ შეცდომა დაუშვა და რომ საჭიროზე ადრე გადადგა ეს ნაბიჯი, გავუგებ…. გული, უფროსწორად მთელი ორგანიზმი, მეტკინება, მაგრამ მაინც გავუგებ. ჯეიმი პირველ რიგში ჩემი მეგობარია, მე კი არ მინდა, რომ ჩვენი მეგობრობა ნებისმიერი მიზეზის გამო ოდესმე დასრულდეს.

ჯეიმი ისევ გზას უყურებს, მშვიდად სუნთქავს, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ საჭეს ხელს ძლიერად უჭერს. ისეთი თავდაჯერებული არ არის, როგორც არის ხოლმე.

რატომ არაფერს მეუბნება? ან საერთოდ… სად მივყავარ? ეს ფიქრები ჩემ სიმყუდროვეს არღვევს და მალე უხერხულობას ვგრძნობ. მინდა უფრო დიდხანს ვუყურო და დავაკვირდე, მაგრამ მეშინია. მეშნია, რომ ყოველი წამის გასვლის შემდეგ იმაზე მეტად მიყვარდება, ვიდრე საჭიროა.

-რაზე ფიქრობ? – მოულოდნელად თავი ჩემკენ შემოატრიალა, ადგილზე გავშეშდი, თუმცა საბედნიეროდ სანამ ვუპასუხებდი მზერა ამარიდა და კვლავ გზას გახედა.

-ამმ… ბევრ რამეზე. – ვუთხარი და მარჯვენა ხელით საყურის წვალება დავიწყე.

-მაინც? – არ დანებდა.

-ჰმმ, მაგალითად იმაზე, რომ…. აჰ.. იმაზე, რომ.. – საჭირო სიტყვებს, სამწუხაროდ, ვერ ვპოულობდი.

-რომ?

-რომ ძალიან დამაკლდი ის ერთი კვირა… – ჩუმად, მაგრამ მაინც ვუთხარი.

-მეც… – ამჯერად ჩემკენ არ შემოუხედავს. ისევ უსასრულო გზას უყურებდა და ვატყობდი, რომ რაღაცის თქმისგან თავს იკავებდა.

-ჯეიმი… – სავარძელში გავსწორდი, ყველანაირ ძალას მოვუხმე და ვუთხარი.

-ჰოუ..

-რაღაც, რომ გკითხო.. შეიძლება?

-აქ არ მკითხო. – სერიოზული სახით მითხრა, ამოისუნთქა და დაამატა – აი მივედით თითქმის, ჯობია მანქანიდან გადავიდეთ და ისე დავილაპარაკოთ.

***

ჯეიმიმ მანქანა ჩემთვის უცნობ ქუჩაზე გააჩერა. ძრავა გამორთო და მითხრა, რომ შემეძლო მანქანიდან გადავსულიყავი. ღვედი შევიხსენი, კარები გავაღე და მაღალ აგურისფერ კორპუსთან ამოვყავი თავი.

-აქ რას ვაკეთებთ? -ვკითხე.

-ცუდს არაფერს.- გაღიმებულმა მითხრა და თვალი ჩამიკრა.

-წამო, ჩემი სახლი უნდა გაჩვენო. – დაამატა და ამჯერად ვერაფერს მიხვდი.

-ჰა?! – უკან ჩამოვრჩი და როცა მისი ნათქვამი წინადადება გადავხარშე, ნაბიჯებს ავუჩქარე და ჯეიმის შენობაში შევყევი.

***

ჩემი მეგობარი ჯეიმი, ჩემი კარის მეზობელი აღარ იყო. ტვინს ძალიან გაუჭირდა ამ სიახლის მიღება და გულმაც რაღაცნაირი სიცარიელე იგრძნო. სიტყვებით გადმოცემა გამიჭირდება, მაგრამ მეგონა, რომ მთელი ჩვენი უცნაური და რომანტიული შეხვედრის ისტორია წარსულს ჩაბარდა. გამახსენდა ნორტფორდში ჩამოფრენისა და ჯეიმის გაცნობის დღე. ის პირველი ემოციები, რომელიც მისი დანახვისთანავე დამეუფლა. გამახსენდა ჩემი დიდი და უამრავი ტანსაცმლით გატენილი ჩემოდანი, რომელსაც აეროპორტის გასასვლელამდე ჯეიმი ელეგანტური მოძრაობით მიასრიალებდა, მე კი დაბნეული უკან მივყვებოდი ჩემთვის სრულიად უცნობ ბიჭს. გამახსენდა ტაქსიში ჩაჯდომის მომენტი და ჯეიმის ღიმილიანი თვალები, როდესაც გაიგო, რომ ამიერიდან ერთმანეთის მოპირდაპირე სახლებში ვიცხოვრებდით.

ახალმა აგურისფერმა შენობამ კი ჯეიმისთან ერთად ეს მოგონებებიც წამართვა. მასთან ერთად წაშალა ჩვენი ყოველდღიური, მოულოდნელი და დაუგეგმავი შეხვედრები. ფანჯრიდან გახედვისას ჯეიმის ვეღარ მოვკრავდი თვალს, ვერც სტუდიისკენ მიმავალს გადავეყრებოდი ქუჩაში შემთხვევით და ვერც იმის წარმოდგენით დავიძინებდი, რომ ჯეიმი ჩემგან მხოლოდ რამდენიმე მეტრის მოშორებით იყო…. სიზმრების სამყაროში გადანაცვლებამდე ჩემსავით ღრმა ფიქრებში გართული…

როგორც აღმოჩნდა, იმ ერთი კვირის განმავლობაში, როცა ჯეიმის არ ველაპარაკებოდი, ის ახალი ბინის ძიებით იყო დაკავებული. გასაღები საბოლოოდ დღეს გადასცეს და ხვალიდან უკვე ოფიციალურად ამ აგურისფერი სახლის მაცხოვრებლების სიაში ჩაეწერებოდა. მითხრა, რომ იმ პერიოდში ძალიან სჭირდებოდა განმარტოვება, თან ეს სახლი ცეკვის სტუდიასთან უფრო ახლოს იყო და შესაბამისად გზაშიც დიდ დროს აღარ დაკარგავდა. როცა ვკითხე, თუ ბიჭებმა როგორ მიიღეს ეს სიახლე, მითხრა, რომ მხარი დაუჭირეს მის გადაწყვეტილებას, რომ თუ მას განმარტოვებით ერჩივნა ცხოვრება, მაშინ აუცილებლად ასე უნდა მოქცეულიყო.

ჯეიმის ახალი სახლი მყუდრო იყო, თანამედროვე სტილში, ხისფერი ავეჯით გაწყობილი. დიდ ოთახში ერთი კედელი აგურის იყო, დანარჩენი კედლები კი თეთრი. სახლი მყუდრო იყო, მაგრამ ამავდროულად უსიცოცხლო. მეპატრონის ხელი ჯერ არ ეტყობოდა, არც რაიმე პირადული იყო აქ გამოფენილი და ვერც არეულობას შეამჩნევდით. სრული ქაოსი და მიმოფანტული ნივთები კი ჩემ მოპირდაპირე, ჯეიმის უკვე ყოფილ, სახლში იშვიათი მოვლენა ნამდვილად არ იყო.

ქურთუკი გავიხადე, ჯეიმიმ გამომართვა და საკიდზე დაკიდა. ბედნიერი ჩანდა, მივხვდი, რომ მოსწონდა თავისი ახალი სახლი. მე არ მინდოდა იმედგაცრუება შემტყობოდა, ამიტომ უბრალოდ ვუთხარი, რომ არჩევანი კარგ ბინაზე შეაჩერა.

ვაკვირდებოდი დიდ ოთახს, სამზარეულოს და ვფიქრობდი რა მოგონებებს დააგროვებდა ეს სახლი… ვიქნებოდი თუ არა მეც ამ მოგონებების ნაწილი, თუ ეს იქნებოდა ჩემი პირველი და ბოლო მოგონებაც ამ სივრცეში…

სამზარეულოს კედელზე ერთადერთი ნახატი ეკიდა, ფიგურებს ფორმები არ ჰქონდათ, მაგრამ თვალისთვის სასიამოვნო ფერთა გამამ ჩემი ყურადღება მიიქცია და ჩაფიქრებული უცნობი ხელოვანის ნიმუშს ვათვალიერებდი. ამ დროს ზურგზე ჯეიმის სუნთქვა ვიგრძენი, უკნიდან ხელები წელზე შემომხვია და თავი მხარზე დამადო. გავშეშდი, ამერად მართლა გავშეშდი და როცა ჯეიმის ცხვირის შეხება კისერზე ვიგრძენი, შევიშმუშნე და სიცილი ამიტყდა.

-კისერზე კოცნა როგორც მივხვდი არ გიყვარს. – ჯეიმის კვლავ ჩემს წელზე ჰქონდა ხელები შემოხვეული, მე კი უაზროდ ნახატს მივჩერებოდი.

-აჰამ. გამოიცანი.

-მოდი, რაღაც უნდა გაჩვენო. – ხელები გამიშვა, მისკენ შემომატრიალა და სანამ იმ რაღაცას მაჩვენებდა, თავისთან ახლოს მიმწია და ტუჩებში მაკოცა. ტვინში კვლავ განგაშის სიგნალები ჩაირთო, ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი, რომ ის რაც ხდებოდა, ჩემ თავს ხდებოდა… კოცნა ცოტახნიანი, მაგრამ ვნებიანი იყო. ჩვენი სუნთქვა ერთმანეთში აირია და მეგონა ყველა ის ენერგია ავინაზღაურე, რაც მთელი კვირის განმავლობაში დავკარგე. მინდოდა მის თმებში შემეცურებინა ხელი, თუ მეტი გამბედაობა მექნებოდა შავი ჰუდიც კი გამეხადა მისთვის და კიდევ ბევრი, ბევრი რამე. მაგრამ ამის მაგივრად, ხელები ძირს მქონდა ჩამოშვებული და უბრალოდ ჯეიმის ვემორჩილებოდი. რომ სცოდნოდა რასაც ვფიქრობდი, დაახლოებით მაინც რომ წარმოედგინა რა ტრიალებდა ჩემს გონებაში, სავარაუდოდ უარს არ მეტყოდა და დამეხმარებოდა ჩემი ფიქრების განხორციელებაში.

იმდენად მიზიდავდა, რომ მეგონა დიდი შავი ხვრელი იყო, რომელიც ჩემ არსებობას თითოეულ შეხებასთან ერთად შთანთქავდა, მაგრამ საბედნიეროდ ჯეიმიმ კოცნა შეწყვიტა, თმა ყურზე გადამიწია და ჩემი გაფართოებული თვალებიდან მზერა აივნისკენ გადაიტანა.

მხოლოდ ეხლა შევამჩნიე, რომ დიდ აივანს სანთლების მბჟუტავი შუქი ანათებდა. აივნის ცენტრში პატარა მრგვალი მაგიდა იდგა, აქეთ იქით კი ხის ორი სკამი. ისედაც ემოციურად ვგრძნობდი თავს და ახლა როცა დავინახე და წარმოვიდგინე თუ როგორ იწვალა ჯეიმიმ ამ პატარა მაგიდის გაწყობისთვის, გული შემეკუმშა და მინდოდა ჩავხუტებოდი.

-აჰ, ეგრე ნუ უყურებ. – უცბად მითხრა და ჩაეცინა.

-როგორ ეგრე? – გამეცინა და მივხვდი, რომ ხმამაღლა წამოვიძახე.

-შედეგით არ ვარ კმაყოფილი, უკეთესად გაწყობაც შეიძლებოდა… მაგრამ… მგონი ყველაფერია, რაც შენ გიყვარს. – ხელით თმა აიჩეჩა, დაბნეული იყო, მგონი პირველად.

-საყვარელი ხარ. – ვუთხარი და ჩავეხუტე. არ მინდოდა ხელის გაშვება, მაგრამ შემწვარი ქათმის ფრთები ისე მიყურებდნენ, ვერ მოვითმინე და მაგიდასთან მოვკალათდი.

ჯეიმიმ წითელი ღვინო ჩამოასხა ჭიქებში, თან ტელეფონით აივნის კუთხეში მდგარ დინამიკს დაუკავშირდა და დაბალ ხმაზე მუსიკა ჩართო. თითოეულ მოძრაობას ღიმილით აკეთებდა, მეც ვერ ვიკავებდი თავს და რამდენჯერაც მას ვუყურებდი, მეღიმებოდა.

-ვგიჟდები. – ვუთხარი და პირი მოურიდებლად სუშით გამოვიტენე.

-ჰო, ვიცი. – ისევ ჩაეცინა, ღვინო მოსვა და უბრალოდ მიყურებდა.

-მარტო მე უნდა მიყურო? – ლუკმა გადავყლაპე და ძლივს ვუთხარი.

-ჰო, კარგი სანახავი ხარ. – გამიღიმა და მზერა ერთი წამითაც არ მომაშორა.

-ცუდია, ჩემი მეზობელი რომ აღარ იქნები. – ვუთხარი და მეც ღვინო მოვსვი.

-სამაგიეროდ, უფრო მეტი ვიქნები, ვიდრე მეზობელი. – მითხრა და მუცელში სითბო ვიგრძენი.

-ჯეიმი.. – თავს ძალა დავატანე, რომ მეთქვა.

-ჰოუ.

-მანქანაში გითხარი, რაღაცის კითხვა მინდა-მეთქი…

-მკითხე. – კისერი დაატკაცუნა და ამჯერად სერიოზული სახით შემომხედა.

-ხომ არ ფიქრობ… – ჩემს თეფშს დავხედე და ისე დავასრულე წინადადება – ხომ არ ფიქრობ, რომ ვიჩქარეთ?

-რას გულისხმობ?

-მე და შენ…ფიქრობ, რომ ესე… ერთად უნდა ვიყოთ? – სავარაუდოდ ღვინომ შემმატა თავდაჯერებულობა, თორემ ამას პირდაპირ ვერ ვკითხავდი.

-შენ არ ფიქრობ? – წარბები შეჭმუხნა. ეგონა მე ვიყავი წინააღმდეგი, სინამდვილეში კი იმის გაგების მეშინოდა, რომ ჩემთან ერთად ყოფნის გადაწყვეტილება იმპულსურად მიიღო.

-მე ვფიქრობ და… დიდი ხანია ვფიქრობდი. თითქმის ყოველთვის მომწონდი, ვერ ხვდებოდი ამას? – ჩამეცინა და მალე ენას კბილს თუ არ დავაჭერდი, კიდევ ბევრი სისულელე წამომცდებოდა.

-ჰო… არ ვიცი. ალბათ, ვერა. – გულახდილად მიპასუხა.

-ვერა? – ვერ შევიკავე და ვკითხე, როგორ ვერ ხვდებოდა, როცა ყოველი მისი ნათქვამი სიტყვა სახეზე მაწითლებდა.

-სულ რაღაცნაირ დისტანციას ინარჩუნებდი.. კონტაქტზე გამოსვლის ინიციატორიც ნაკლებად იყავი. – მითხრა და გამახსენდა, რომ იგივე ადრეც ჰქონდა ნათქვამი. აი იმ დღეს, ფეხ მოტეხილი საწოლში რომ იწვა.

-დისტანციას არ ვინარჩუნებდი… უბრალოდ არ ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი.

-ვიცი… მეც არ ვიცოდი.. არ მინდოდა ამ ნაბიჯის გადადგმით თავი უხერხულად გეგრძნო.

-დღეს მაიკლი იყო ჩემთან. – არსაიდან წამოვროშე და მინდოდა ჩემი თავისთვის მაგრად შემომელაწუნებინა ხელი.

-მაიკლი? – სახე გაუმკაცრდა, მაგრამ ვიცოდი ამ წუთას ჩემზე უფრო ბრაზდებოდა, ვიდრე მაიკლზე.

-მაღაზიაში დამპატიჟა, რაღაცებს ვყიდულობდი და მერე…. სახლში შემოვიპატიჟე.

-გასაგებია. უნივერსიტეტში რა ხდება, მომიყევი. – თემა მაშინვე შეცვალა და ღვინო ჩამოასხა თავის ჭიქაში.

-ვფიქრობ, აჯობებდა, რომ შენთვის მეთქვა.

-ელ, გასაგებია. – მოთმინებას კარგავდა და არ ვიცოდი ასე რატომ ბრაზდებოდა.

-ვფიქრობ, თუ უკვე დავიწყებთ რაღაც პრობლემებზე ლაპარაკისთვის თავის არიდებას, მერე უფრო ბევრი დაგროვდება. – საკუთარ თავს ვერ ვცნობდი, მაგრამ ვიცოდი ჯეიმისთან გულახდილად საუბარი ყოველთვის მიადვილდებოდა.

-და რომელ პრობლემას განვიხილავთ ამჯერად? – ჭიქა მაგიდაზე დადო და მწველი მზერით შემომხედა.

-ჯეიმი…

-ელინეარ, გისმენ. თუ პრობლემების განხილვის ხასიათზე ხარ, შეგიძლია დაიწყო. – ჩემი სრული სახელი წარმოთქვა და ვიგრძენი, რომ ჩემსავით ძალიან დაძაბული იყო.

-კარგად იცი რატომაც გეუბნები ამას… და მინდოდა, რომ გცოდნოდა. მეტი არაფერი. – ხელები მაგიდის ქვეშ წავიღე და ერთმანეთს მოვუჭირე.

-ჰო, მესმის…. ამის დედაც.. პრობლემა ბევრია ელ, ძალიან, ძალიან ბევრი. – ხელით თმა უკან გადაიწია და სადღაც შორს სივრცეში გაიხედა.

-ხოდა ვილაპარაკოთ. დრო ბევრი გვაქვს.

-შენ ვერც წარმოიდგენ დღეს…. როგორ ცუდად ვიგრძენი თავი.

-მაპატიე, თუ… – მეგონა ჩემი და მაიკლის შეხვედრას გულისხმობდა.

-არა, შენ რა უნდა გაპატიო… გული მწყდება, რომ დღეს ამ დრომდე ვერ გნახე, ვერც კი დაგირეკე… ხანდახან მინდა, რომ ორი სხეული მქონდეს, ერთი შენ დაგითმო, მეორე კი საქმეებს.

-ცეკვას გულისხმობ? – პირდაპირ ვკითხე.

-ჰო… დღეს.. დღეს ძალიან დატვირთული და მძიმე დღე იყო. – ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და სევდიანი თვალებით შემომხედა.

-მომიყევი, აქ მაგისთვის ვარ.

-არა…  ჯობია კარგ რაღაცებზე ვილაპარაკოთ. კარგი? – თვალებით მემუდარებოდა, რომ ამ თემისთვის გვერდი ამექცია, მაგრამ რაღაცნაირი ძალა მკარნახობდა, რომ ჯობდა აქვე მომესმინა მისი სადარდებელი.

-სანამ შენ რაღაც გაწუხებს და მე ვერ გავიგებ ეს რაღაც რა არის, იქამდე კარგ რაღაცებს ვერ მოვისმენ.

-ბევრი რაღაც მაწუხებს და ამაზე ლაპარაკი დიდ დროს წაიღებს.

-ჯეიმი…

-ისიც არ ვიცი რა უნდა გითხრა… უბრალოდ… ძალიან დატვირთული რეჟიმი მაქვს და არ მინდა, რომ ამის გამო ყურადღება მოგაკლო… უკვე მოგაკელი და ეს მაწუხებს.

-არაუშავს, დღეს ხომ გნახე, რაც მთავარია.

-იმის მაგივრად, რომ მთელი დღე შენთან ერთად გამეტარებინა სტუდიაში შევრჩი … ფეხის გამო ძალიან ჩამოვრჩი ბევრ რამეს და არ…

-ჯეიმი, მესმის… მართლა, ვერ ვხედავ ამაში პრობლემას.

-დღეს წესით მე უნდა გამეტარებინა შენთან ერთად საღამო…

-მერე.. ხომ ერთად ვატარებთ… – დამშვიდება ვცადე.

-არა, იცი რასაც ვგულისხმობ…

-ხოდა მეტჯერ აღარ განმეორდება, თუ ეს ფაქტი გაწუხებს…

-არ ვიცი… ტვინი არეული მაქვს… მგონია, რომ – რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ამ დროს დინამიკებში მუსიკა ტელეფონის ზარმა შეცვალა, და ჯეიმიმ ეკრანს დახედა, ყურადღებით წაიკითხა ზარის ადრესანტის სახელი, მერე დაბლოკა და შემომხედა.

-უპასუხე. – ვუთხარი. ჯეიმი დაფიქრდა, მერე თავი დამიქნია და ტელეფონი ყურზე მიიდო.

-გისმენ. – თქვა, ფეხზე წამოდგა და აივნის მოაჯირს დაეყრდნო.

წარმოდგენა არ მქონდა ამ დროს ვინ ურეკავდა, ან რას ეუბნებოდა, მაგრამ ფაქტია, ჯეიმის დიდად არ ესიამოვნა იმის მოსმენა, რაც ჩემთვის უცნობმა ადამიანმა უთხრა.

-შენ საიდან გაიგე? …. ჰო, ეგ უკვე ჩავლილი ამბავია. – ისევ მოაჯირთან იდგა და მეორე ხაზის დაუსრულებელ ლაპარაკს უსმენდა.

-მერე დაგირეკავ კარგი? მე ვიღებ გადაწყვეტილებას და მორჩა. – ასე უხეშად საუბარი ჯეიმისგან პირველად მოვისმინე, ცხადია გამორიცხული იყო არ მეკითხა თუ ვის ელაპარაკებოდა, ამიტომ მორიდება და პირად სივრცეში შეჭრა გვერდით გადავდე და ვკითხე :

-ვინ იყო?

-ვენდი. – მიპასუხა და ისევ სკამზე მოკალათდა. გული ორ ნაწილად გამეყო. ვიცოდი, მათ არანაირი რომანტიული წარსული არ აკავშირებდათ, მაგრამ მაინც არ მესიამოვნა ღამის პირველ საათზე რომ ასე მოურიდებლად დაურეკა. ჩემი ინიციატივით ასე გვიან მეც კი არ დავურეკავდი ჯეიმის…

-გასაგებია. – ღვინო მოვსვი და სკამიდან წამოდგომა მომინდა..

-ვენდი ჩვენ კოპმანიაში ცეკვავს… ამასთან დაკავშირებით მკითხა რაღაც.

-აჰამ… რაღაც შემცივდა… შიგნით რომ გადავინაცვლოთ, შეიძლება? – მეც სხვა თემაზე გადავიტანე ყურადღება.

-შეიძლება, ოღონდ იცოდე, ჯერ არსად არ გიშვებ.  

***

მე და ჯეიმიმ დიდ ოთახში გადავინაცვლეთ, აივნის კარები ღია დავტოვეთ და ღვინის ჭიქით ხელში დიდ სავარძელზე ერთმანეთის პირისპირ მოვკალათდით. ჯეიმიმ პლედი მომახურა, სითბო მესიამოვნა და ცოტახანს ორივე გავჩუმდით. მინდოდა უფრო დეტალურად გამეგო ვენდიმ ჯეიმის რასთან დაკავშირებით დაურეკა, თუმცა  ვიცოდი, რომ საეჭვიანო არაფერი იქნებოდა. ვენდის არა, მაგრამ ჯეიმის ძალიან ვენდობოდი. ცნობისმოყვარეობის ამბავი უფრო იყო აქ, ვიდრე ეჭვიანობის, ამიტომ იმედი მქონდა ჩემს კითხვებს პასუხი დრო და დრო თავისით გაეცემოდა.

მალე დუმილი მე დავარღვიე და ვკითხე :

-მომიყევი რას შვებოდი, სანამ გაუჩინარებული იყავი… – ჯეიმი მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო, ღრმად ამოისუნთქა და მიპასუხა :

-ის ერთი კვირა მართლა ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს…ყველაფერი ერთად მოხდა… შენ, ფეხის ამბავი… მოკლედ არ მეგონა მალე თუ შევძლებდი ვარჯიშის გაგრძელებას ან შენთან დალაპარაკებას… შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ მეგონა სულიერად გავნადგურდი. დიდ სიცარიელეს ვგრძნობდი, თითქოს ორი მთავარი ძალა დავკარგე, გესმის? – თავი ამოსწია და მე შემომხედა.

-კი, მესმის…

-ამის მიუხედავად, მაინც ბევრს ვვარჯიშობდი.. ვიცოდი არ შეიძლებოდა, მაგრამ სხეული თუ მოადუნე მერე ყველაფერს ჩამორჩები.. მე კი ჩამორჩენას ვერ ვიტან.

-ესეიგი ის ერთი კვირა თავი მაინც დაიტვირთე…

-კი.. ყველაფერი ცუდად გამომდიოდა, მაგრამ დანებება არ არის ჩემი ძლიერი მხარე. ღამე რამდენჯერმე გამეღვიძა კიდეც, მინდოდა შენ დაგლაპარაკებოდი, მაგრამ არ შემეძლო.. არ ვიცოდი ეს ენერგია სად წამეღო და სტუდიაში მივდიოდი. ერთხელ იმდენად დამეზარა უკან სახლში გამობრუნება, რომ იქ დავრჩი.

-ეგ არ ვიცოდი… უნდა დაგერეკა.

-ჰო, ალბათ… გიკვირს ხო, ამდენს ცეკვაზე რომ გელაპარაკები? – მკითხა და ჩაეცინა.

-არა, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ძალიან გიყვარს შენი საქმე. – მუხლები მოვკეცე, ხელები მჭიდროდ შემოვხვიე და ყურადღებით ვუსმენდი. ვიცოდი რაღაცის თქმას ცდილობდა და არ მინდოდა ბევრი ლაპარაკით ეს მომენტი გამეფუჭებინა. ისედაც მსმენელი უკეთესი ვიყავი, ვიდრე მოლაპარაკე.

-კი, ძალიან. ცეკვა ბევრად უფრო მეტია ვიდრე საქმე… ჩემი ცხოვრებაა, მაგრამ ხანდახან ხელს მიშლის რაღაცებში.

-ბავშვობიდან ესე იყავი? – დავინტერესდი.

-კი.. როგორ აგიხსნა, ემოციების გადმოცემა ხანდახან მიჭიდა… განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. – ჩაახველა და განაგრძო – ცეკვა კი ამ ემოციებისგან განთავისუფლებაში მეხმარებოდა, ახლაც მეხმარება.. ხანდახან გინდა რაღაცები მარტო შენთვის შეინახო, ამას კი არც ლაპარაკი შველის, არც ბევრი ფიქრი ან წერა, მხოლოდ ცეკვა. მხოლოდ მაშინ ვგრძნობ, რომ ყველაფერი წესრიგში და თავის ადგილზეა… ყველანაირი დარდი მავიწყება და იმ მომენტით ვცხოვრობ. დამღლელი და დაუსრულებელი ვარჯიშებიც კომფორტის ზონაა ჩემთვის.

-შენი მშურს, მინდა მეც მიყვარდეს რამე ასე ძალიან.. ხანდახან მგონია, რომ მიზანი არ მაქვს და დინებას მივყვები. – მხრები ავიჩეჩე და ღვინო ჩავცალე.

-შეიძლება ეგრეც ჯობია… სამაგიეროდ მოულოდნელი ბედნიერებები შეგხვდება გზაზე, ამაში დარწმუნებული ვარ. – თბილად გამიღიმა და ისევ რაღაცაზე ჩაფიქრდა.

-ჰო, შეიძლება.

-ეველინს ჩემზე მეტად უყვარდა ცეკვა.. – ჯეიმი მე არ მიყურებდა, ერთ წერტილს მიაშტერდა და სანამ ვკითხავდი, თუ ვინ იყო ეველინი გააგრძელა :

-დიდი მიზნები ჰქონდა დასახული.. თანამედროვე ცეკვის ხელოვნებას ეუფლებოდა და ყველგან და ყველაფერში პირველი იყო. მისი შემყურე მეც მინდებოდა პირველობა, მინდოდა მეც იმდენ ადამიანს ვყვარებოდი, რამდენსაც ეველინი უყვარდა.. აუცილებლად სამყაროს დაიპყრობდა მეტი დრო რომ ჰქონოდა.. – უცბად ხმა ჩაუწყდა, ნესტოები ოდნავ გაებერა და სუნთქვა გაუხშირდა.

სკამიდან წამოვიწიე, მივუახლოვდი და ხელი მხრებზე შემოვხვიე, არ ვიცოდი ვისზე ლაპარაკობდა, მაგრამ ფაქტია, რაღაცას ძალიან განიცდიდა.. მთელი სხეული უკანკალებდა… არ მინდოდა უადგილო კითხვა დამესვა, ამიტომ მას დაველოდე.

-ეველინი ჩემი და არის.. ჩემზე 3 წლით უფროსია.. მაგრამ სამწუხაროდ, უკვე 10 წელია დაბადების დღის ტორტზე სანთლები არ ჩაუქვრია.. წელს 26 წლის გახდებოდა. – დავინახე თვალზე ერთი ცრემლი ჩამოუვარდა, ხელით სწრაფადვე მოიწმინდა და მზერას ისევ არ მისწორებდა.

-ჯეიმი…არ ვიცოდი…  ძალიან ვწუხვარ… – სახეზე ნაზად დავადე ერთი ხელი და ჩემკენ გამოვახედე. -არ მომწონს ასეთს, რომ გიყურებ. – ვუთხარი და წარმოდგენა არ მქონდა სხვა რა უნდა მეთქვა მისთვის. ჯეიმის სევდიანად გაეღიმა, თავი ქვემოთ ჩახარა და ვიცოდი, ემოციების მოთოკვა ძალიან უჭირდა.

-ბიჭების გარდა, არავინ იცის… მძიმეა ამ თემაზე საუბარი… მაგრამ, მინდოდა …. გცოდნოდა.

-თუ გინდა, ამაზე მერე ვილაპარაკოთ. – ამჯერად ხელი ჯეიმის თბილ ხელს ჩავკიდე, როგორ მინდოდა მისი ტკივილი ცოტახნით მაინც გამექრო….

-არა. მეტს ამაზე აღარ ვილაპარაკებ.. არ მინდა ჩემი ტკივილით ვინმე დავამძიმო… სახლში ეველინზე საერთოდ არ ვლაპარაკობთ. დედაჩემი თავს იტყუებს, რომ ყველაფერი ძველებურადაა.. არ უნდა იმის დაჯერება, რომ შვილი დაკარგა. ექიმებმა თქვეს, ეს დეპრესიული ფონი მალე გაივლისო, მაგრამ არაფერი შეცვლილა… მამაჩემი სახლიდან წავიდა… ვეღარ გაუძლო ამ რეალობაში ცხოვრებას…. დედაჩემთან სამუდამოდ მეც ვერ დავრჩებოდი, მაშინ მთელი ცხოვრება მძიმე წარსულში ჩარჩენილს უნდა გამეტარებინა და ეს აუცილებლად ბოლოს მომიღებდა. დაახლოებით 18 წლიდან უკვე დამოუკიდებლად ვცხოვრობ… ბიჭები ძალიან დამეხმარნენ ფეხზე წამოდგომაში.. განსაკუთრებით დინი და მაიკლი…. არ ვიცი როგორ შეძლეს, მაგრამ იმედი მომცეს და მიმართულება უკეთესი ცხოვრების დაწყებისთვის.. დედაჩემს დღემდე ხშირად ვაკითხავ ნაითვილში და ვნახულობ..მაგრამ ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი…  თვითმფრინავში რომ შეგხვდი, იმ დღეს სწორედ სახლიდან ვბრუნდებოდი.. რომ დაგინახე როგორ მორიდებით იჯექი სავარძელში, ფანჯრის კუთხეში ჩამალული, შენთან დალაპარაკება მომინდა.. და არ შევცდი. იმდენად დადებითი აურა წამოვიდა შენგან, რატომღაც მაშინვე ეველინი გამახსენდა.. მასაც ძალიან ეშინოდა ფრენის, გასტროლების გამო ხშირად უწევდა მოგზაურობა, მაგრამ თვითმფრინავს მაინც ვერ შეეგუა… – ეს თქვა და ჩაეცინა, თითქოს თვალწინ გადაურბინა წარსულის მოგონებებმა.

-თქვენი სახელებიც რაღაცნაირად ერთმანეთს ჰგავდა… ეველინიც შენსავით სუფთა ადამიანი იყო.. მე კი მგონია, რომ ასეთ ადამიანებს იშვიათად ვხვდებით ცხოვრებაში. მინდოდა უკეთ გამეცანი.. თავიდანვე გეტყობოდა ზედმეტად მორიდებული და მორცხვი რომ იყავი… იმასაც მივხვდი, რომ ლაპარაკს მარტივად არ გამიბავდი და  ამან კიდევ კიდევ უფრო გამიმძაფრა შენთან დაახლოების სურვილი. – ამჯერად ცერა თითი ნაზად გადაუსვა ჩემ ხელს… ჩემ თითებს აკვირდებოდა და თავის გაკონტროლებას ცდილობდა, რომ ლაპარაკი მშვიდად გაეგრძელებინა.

-ეველინი ყოველთვის ჩემზე ზრუნავდა. ყველას უკვირდა ასე ჰარმონიულად როგორ ვცხოვრობდით. თითქმის არაფერზე არ ვჩხუბობდით და თუ ვინმე მკითხავდა ჩემი საუკეთესო მეგობარი ვინ იყო, აუცილებლად ეველინს ვუპასუხებდი. მეამაყებოდა ასეთი და რომ მყავდა..   ცეკვას მასწავლიდა და სულ იმას მეუბნებოდა, რომ მასზე დიდი მომავალი მე მელოდებოდა. თითქოს შინაგანად იცოდა, რომ ბევრი დრო არ ჰქონდა დარჩენილი. რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემზე გაცილებით ნიჭიერი იყო და უბრალოდ მანუგეშებდა… მაგრამ იმდენს ნიშნავდა მისი თითოეული სიტყვა ჩემთვის, რომ მერე მეც დავიჯერე და უფრო სერიოზულად მოვეკიდე ცეკვას.

ბევრი რამე დავგეგმეთ ერთად, ვთქვით, რომ ბევრ ფულს ვიშოვიდით და უკეთეს სახლში გადავიდოდით საცხოვრებლად. მეც მინდოდა სამაგალითო ძმა ვყოფილიყავი მისთვის. მინდოდა, რომ ჩემი იმედი ჰქონოდა და ისიც კარგად სცოდნოდა, რომ თუ მას ვინმე ოდესმე ცუდად მოექცეოდა, პასუხს ჩემ წინაშე აუცილებლად აგებდა.

სამწუხაროდ, ბევრი რამე ვერ შევძელი… თითქმის ვერაფერი მოვასწარი.. კიდევ რამდენ რამეზე უნდა გველაპარაკა… შენზე აუცილებლად მოვუყვებოდი… – თვალებში შემომხედა… ვუყურებდი და ვხედავდი რამდენ რამეს იტევდა ეს თვალები, რამდენი რამე ექნებოდა უკვე ნანახი… ვიცოდი, ძალიან უჭირდა ამ თემაზე ლაპარაკი, ამიტომ უბრალოდ თავს ვუქნევდი და ველოდებოდი, როდის გააგრძელებდა საუბარს.

– 16 წლის ვიყავი ეველინი ავარიაში რომ მოყვა. ცეკვა მთელი არსებით უყვარდა, მაგრამ ერთი ბიჭი ცეკვაზე მეტად შეუყარდა. დასახული მიზნები გვერდით გადადო და დედას უმტკიცებდა, რომ მისთვის ეს ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ოქროს მედლები და ჯილდოები…

დედა ძალიან ბრაზდებოდა, ამ ბიჭთან შეხვედრებს უკრძალავდა და სულ იმას ეუბნებოდა, რომ დრო ასეთ სისულელეებში არ უნდა დაეკარგა. ერთ დღეს ისევ იჩხუბეს, ეველინი ძალიან გაბრაზდა, ასეთი გაბრაზებული არასდროს მახსოვს, ჩემ დაძახებულზეც კი არ მოიხედა უკან, სახლის კარები მოიჯახუნა და იმ ბიჭის მანქანაში ჩაჯდა.

ფანჯრიდან გავიხედე და დავინახე როგორ მიეფარა თვალს შავი მანქანა და მასთან ერთად ეველინიც. იმის მერე აღარ მინახავს და ხანდახან დედასავით მეც მიჭირს იმის დაჯერება, რომ ვერასდროს ვეღარ ვნახავ….

***

მე და ჯეიმი ასე კიდევ დიდხანს ვისხედით.. ვიზიარებდი მის გულის ტკივილს და წარსულს, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი მსმენოდა. თვალზე ცრემლი ხშირად მადგებოდა, მაგრამ არ მინდოდა მასთან ამის შემჩნევა. ჯეიმი გამომიტყდა, რომ ცეკვის მიმართ მისი ასეთი დიდი სიყვარული ეველინის დამსახურება იყო.. რომ ეს ერთადერთი გზა იყო, რომელიც მას საკუთარ დას ახსენებდა და წარსულის ბედნიერ მოგონებებს აცოცხლებდა. უნდოდა ეველინის იმედები გაემართლებინა და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოევლინა.. ეველინის ტრადიცია ჯეიმიმ გააგრძელა და ყოველ ახალ ქვეყანაში მოგზაურობის დასრულების შემდეგ სახლში ახალი სუვენირი დედასთვის მიჰქონდა.. ჯეიმის დედას კი დღემდე ჰგონია, რომ ამ სუვენირებს ეველინი გზავნის და მათ გარდაცვლილი გოგონას ოთახში, დამტვერილ თაროებზე ათავსებს.

ჯეიმიმ იცის, თუ ცეკვას თავს დაანებებს განადგურდება. მასშიც ჩაკვდება ის მთავარი ნაპერწკალი, რომელიც სიცოცხლის სურვილს უღვიძებს. ჯეიმის კი ძალიან უყვარს სიცოცხლე, იმდენად უყვარს, რომ ცეკვის საშუალებით ეველინის მაგივრადაც აგრძელებს სიცოცხლეს.

ძალიან სუფთა ადამიანია ჯეიმი. მგონია, რომ თუ ადამიანის სული არსებობს, მისი განსაკუთრებით კაშკაშა და ფერადი იქნება.. ისეთ დადებით ენერგიას ასხივებს, ვინც არ უნდა შეხედოს ან დაელაპარაკოს, აუცილებლად კარგ ხასიათზე დადგება. მეგონა ბევრი რამე ვიცოდი მის შესახებ, მაგრამ თურმე რამდენი არ მცოდნია…. ჩემი ვარსკვლავით კაშკაშა ჯეიმი სინამდვილეში განადგურებული იყო. არ უნდოდა ამის აღიარება საკუთარ თავთან, მაგრამ ვიცოდი, დედამისის მსგავსად მასაც დღემდე თან დაჰყვებოდა ეს დიდი ტრაგედია. ძნელია წარსულს სამუდამოდ დაემშვიდობო ან ის ტკივილი დაგავიწყდეს, რომელმაც მთელი შენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.. მოულოდნელი ტკივილი კი, ალბათ, ყველაზე მწარეა. ახალ რეალობასთან შეგუება ასეთ დროს განსაკუთრებით გვიჭირს და რამდენადაც არ უნდა ეცადო, რეალურად ვერასდროს შეეგუები.

არასდროს მჯეროდა იმის, რომ დრო ყველაფრის მკურნალია.. ჯეიმის ისტორიის მოსმენამ კი ამაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა. დრო არაფერს კურნავს, უბრალოდ სიმძაფრეს აკარგვინებს მოვლენებს… ტკივილი დროსთან ერთად ზოგჯერ გვავიწყდება, მაგრამ რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ხანდახან ეს განცდაც გვენატრება და მის გაცოცხლებას წარსულის მოგონებებში ზედმეტი ხელის ფათურით ვცდილობთ. განსაცდელს ყველა სხვანაირად უმკლავდება, ჯეიმიმ კი მთავარ იარაღად ცეკვა აირჩია. ეს უდიდესი ტკივილი შთაგონების წყაროდ ექცა, ნიჭი უფრო გაღვივდა და დანიშნულება მიეცა.

ძალიან მიყვარდა ჯეიმი.. იმ საღამოს კი მივხვდი, რომ სიცოცხლის ბოლომდე მეყვარებოდა.

***

-შემოთავაზებაზე უარი ვთქვი… ვენდიმ ამიტომ დამირეკა. – ჯეიმის სიტყვებმა გამომაფხიზლა, თავი მისი მხრიდან ავწიე და ვკითხე :

-რა შემოთავაზებაზე?

-რამდენიმე კვირის წინ… სტუდიაში ერთი სახელგანთქმული კომპანიის წარმომადგენლები მოვიდნენ.. მოცეკვავეებს აფასებენ და თუ რომელიმე მოეწონებათ მთელი წლით უფინანსებენ თანამედროვე ცეკვის აკადემიაში სწავლებას..

-მერე? – ამჯერად სავარძელში გავსწორდი და ვგრძნობდი გული თავიდან მიჩქარდებოდა.

-მე ამარჩიეს. დღეს დამიკავშირდნენ… მაგრამ უარი ვუთხარი.

-რატომ? – მეტის თქმა ვერ შევძელი.

-არ ვიცი… არ მინდა ბიჭებმა ცუდად მიიღონ ეს ამბავი… შენი დატოვებაც არ შემიძლია.

-ვენდიმ საიდან გაიგო? – გაშლილი თმები მარცხენა მხარეს გადმოვიგდე და ჭიქაში დარჩენილი ღვინის წვეთები ჩავცალე.

-სტუდიაში მისულა დღეს და იქ უთქვამთ, რომ …. მე ამარჩიეს.

-მერე? ამხელა შესაძლებლობას ხელიდან ესე მარტივად გაუშვებ? – მიჭირდა ამ წინადადების წარმოთქმა, მაგრამ მისთვის აუცილებლად უნდა მეთქვა.

-უკვე გავუშვი.. გადაფიქრებას არ ვაპირებ, უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა, ვენდიმ რატომ დამირეკა…

-ალბათ, გითხრა, რომ სისულელეს აკეთებ, ხო? – ვუთხარი და პლედი გვერდით გადავდე.

-ჰო, დაახლოებით. – ჩაეცინა, სავარაუდოდ საუბრის დროს ბილწ სიტყვებსაც არ დაიშურებდა ვენდი.

-ვეთანხმები. – ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი.

-ვენდის ეთანხმები? – ჯეიმის გაეცინა, ისიც ფეხზე წამოდგა და აივნის კარები მიხურა.

-კი, ამჯერად ვეთანხმები.

-კარგი, ეს თემა გავატაროთ. არ გინდა, დარჩი ჩემთან. – მომიახლოვდა და ხელები ჩამკიდა. მომაჯადოვებელი სუნი ჰქონდა და იმდენად სიმპატიური იყო, მეც მიკვირს როგორ შევძელი წონასწორობის შენარჩუნება და შემდეგი სიტყვების წარმოთქმა :

-ჯეიმი, უნდა დათანხმდე.

-რა? – წარბები შეჭმუხნა.

-ჰო, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვა… მერე ძალიან ინანებ.

-მე იმას უფრო ვინანებ, შენ, რომ დაგკარგო, ამიტომ ამ თემაზე მოვრჩით ლაპარაკს. – მხრებზე ხელი დამადო, ცდუნება ძალიან დიდი იყო… მინდოდა მისი ნათქვამი მართლა დამევიწყებინა და ამის მაგივრად საერთო მომავლის გეგმები შემეთავაზებინა, მაგრამ არ შემეძლო.. ჩემს თავს ამის უფლებას ვერ მივცემდი.

-სანამ გვიანი არ არის უნდა დათანხმდე. – ხელები წელზე მოვკიდე, მინდოდა დამერწმუნებინა, რომ შეცდომას უშვებდა.

-ელ, – თავზე შუბლი მომადო, ღრმად ამოისუნთქა და ისევ შემომხედა – ისედაც გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება… ნუ გაართულებ სიტუაციას.. მეგონა გაგიხარდებოდა აქ რომ ვრჩები. – ხელები ძირს ჩამოუშვა და გაბუტული ბავშვივით მოეღუშა სახე.

-შენი აქ ყოფნა გამიხარდება, იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე წარმოიდგენ… მაგრამ… ეს შენი მომავალია ჯეიმი.. ამ შანსზე უარი არ უნდა თქვა.

-ბიჭებიც ვერ გაიგებენ.. – თვითონაც დაბნეული იყო. გულის სიღრმეში უნდოდა, რომ ჩემი დახმარებით სხვა, უკეთესი გამოსავალი ეპოვნა…

-ჯეიმი, – ორივე ხელი ჩავკიდე, მთელი ძალა მოვიკრიბე და ვუთხარი : – ნანახი მაქვს როგორც ცეკვავ… ბევრი არაფერი გამეგება ამ სფეროში, მაგრამ ვიცი, რომ დროა მსოფლიომ გაგიცნოს.. იმდენი ადამიანის გულს შეეხები და გაათბობ…. ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვა. ნორტფორდი შენ ვერ დაგიტევს, ზედმეტად პატარაა შენი პოტენციალისთვის.. ხომ გახსოვს, სხვების იმედები უნდა გაამართლო და იცი კარგად, ვისაც ვგულისხმობ.. ბიჭები კი აუცილებლად გაგიგებენ.. მთელი ცხოვრება გადაბმულები მაინც ვერ იქნებით, ერთ გზას სამუდამოდ ვერ აირჩევთ.. ესეთი შანსი კი შეიძლება მხოლოდ ერთხელ მოდის ცხოვრებაში. უნდა გამოიყენო, აუცილებლად უნდა გამოიყენო. – ღრმად ამოვისუნთქე და ვგრძნობდი, რომ მუხლებში ძალა მეცლებოდა. არ ვიცოდი რატომ ვიქცეოდი ასე, არ ვიცოდი რატომ თავიდანვე მხარი არ ავუბი მის გადაწყვეტილებას… რატომ ვწევდი განზე ადამიანს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა და რაც მთავარია, ჩემი ხელით რატომ ვანადგურებდი საკუთარ თავს..

თითქოს მე უნდა მიყვარდეს. მხოლოდ მე უნდა მიყვარდეს ისე ძლიერად, როგორც მიყვარს.. ამხელა გრძნობას ორივე მგონია ვერ შევეჭიდებით. ვერ გავიყოფთ… ვიცი, რომ ასეა… იმდენად მიყვარს ჩემი მეგობარი ჯეიმი, რომ თანახმა ვარ ჩემი ინტერესები გვერდით გადავდო. საუკეთესო მემეტება მისთვის, იმიტომ რომ თვითონ საუკეთესო ადამიანია. ნაცრისფერი დღეები გამიფერადა, ახლა კი სადაც არ უნდა წავიდეს, რამდენი ხნითაც არ უნდა წავიდეს, ვიცი, ეს მოგონებები ყოველთვის გამიფერადებს ცხოვრების გზას.

-მართლა ესე ფიქრობ? – მეკითხება და ვხვდები, რომ თვითონაც ორჭოფობს.

-კი, მართლა ესე ვფიქრობ. – ვეუბნები და სანამ ამეტირება, ვეხუტები. თავს თბილ მკერდზე ვადებ და თვალებს ვხუჭავ. ვიცი, რომ დათანხმდება. დათანმხდება და უკვალოდ გაუჩინარდება ჩემი ცხოვრებიდან.. ეს სახლი კი ამ მოგონებას სამუდამოდ შეინახავს. თვალებიდან გაუაზრებლად ცრემლები ჩამომდის და მის მაიკასაც ვასველებ.. ჯეიმი ხელებს მხვევს, თავზე მკოცნის და ნიკაპით მეყრდნობა. სიკვდილის ტოლფასია იმაზე ფიქრი, რომ ეს ბოლო მშვიდი საღამოა, რომელსაც მე და ჯეიმი ერთად ვატარებთ..

Published by Keti

:)

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started